ვახტანგ მეექვსე და პეტრე პირველი
ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შეთანხმება ხშირად არა წერილობით, არამედ ზეპირად იდებოდა, განსაკუთრებით წინა საუკუნეებში. ერთ-ერთი ასეთი შეთანხმება 1720 წელს ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსემ და რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა დადეს, ირანში ერთობლივ ლაშქრობაზე. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, რუსის ჯარი გზაში „დაიკარგა“, ვახტანგი კი ჯერ კახეთის მეფემ დაამხო, შემდეგ ოსმალეთის სულთანმა.
ომის შემდეგ მოსული ჯარი
„გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავზე იღებდა ქართლ-კახეთის მფარველობას, მას მუდმივად უნდა ჰყოლოდა საქართველოში ორი ბატალიონი და ოთხი ზარბაზანი, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებით შემოეყვანა ჯარები.
„ეს ორი ბატალიონი არ იყო საკმარისი. ერეკლე გამუდმებით სთხოვდა დამატებითი ჯარების გამოგზავნას, მაგრამ მუდამ უარზე იყვნენ.
1785 წელს ქართლ-კახეთის სამეფოში ომარ ხანმა ილაშქრა, მაშინაც არ გამოუგზავნიათ ჯარი. როდესაც 1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, საქართველოდან ის ორი ბატალიონიც გაიყვანეს, თითქოსდა ამიერკავკასიის უსაფრთხოებისთვის. ამაში რაღაც ლოგიკა იყო, მაგრამ ბატალიონები არც ომის დასრულების შემდეგ არ დაუბრუნებიათ. ერეკლე მუდმივად იხვეწებოდა, ჯარი გამოეგზავნათ, მით უფრო, როცა აღა-მაჰმად-ხანისგან გრძნობდა საფრთხეს“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
1795 წლის 10-11 სექტემბერს სპარსეთის ჯარსა და ქართლ-კახეთის ჯარს შორის კრწანისში დიდი შეტაკებები მოხდა. ერეკლე მეორე იძულებული გახდა, უკან დაეხია და თბილისი დაეთმო.
მირიან ბატონიშვილი წერს, რომ აღა-მაჰმად-ხანმა თავის მხედრობას უბრძანა მეფის საგანძური, სასახლეები, ეკლესიები გაეძარცვათ.
„უბრძანა მხედრობასა თვისსა განძარცვად ყოველთა ნივთთა და საუნჯეთა მეფისათა და შემდგომად მისსა უბრძანა, რათა ეკლესიანიცა ტფილისისანი ყოველნივე განსძარცვენ და ყოველნივე სადგურნი და პალატნი მეფისა წევრთა, თავადთა, აზნაურთა და მოქალაქეთანი დაწვად...“
რუსის ჯარი საქართველოში მხოლოდ კრწანისის ომის შემდეგ ჩამოვიდა, როდესაც თბილისი უკვე გადამწვარი, ხალხი დახოცილი, ქვეყანა კი აოხრებული იყო.
„თითქოსდა დასახმარებლად“
1920 წლის 7 მაისს დაიდო რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება. ამ დოკუმენტით, რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობაც ცნო და მისი საზღვრებიც აღიარა, მაგრამ ცხრა თვის შემდეგ, 1921 წლის თებერვალში, საქართველოში ჯარით შემოვიდა, რასაც საქართველოს გასაბჭოება მოჰყვა.
„რუსულმა პროპაგანდამ ისე წარმოაჩინა, თითქოს აქ კომუნისტური აჯანყება იყო, რომელსაც თითქოსდა დაეხმარნენ და საბჭოთა საქართველო ჩამოაყალიბეს. არადა, დოკუმენტების დონეზე ვიცით, რა როგორ იგეგმებოდა. ეს იყო კლასიკური დაპყრობა“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.
უიარაღოდ დარჩენილი აფხაზეთი
აფხაზეთის ომის დროს სამი შეთანხმება დაიდო: პირველი 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში გააფორმეს. მას ხელი საქართველოსა და რუსეთის მაშინდელმა ლიდერებმა მოაწერეს. მეორე შეთანხმება გაფორმდა 1993 წლის 14 მაისს. მესამე - 1993 წლის 27 ივლისს, ე.წ. სოჭის ხელშეკრულება.
„სამივე შეთანხმება იყო იმაზე, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ და ფრონტის ხაზიდან იარაღი გაეტანათ. 3 სექტემბერს ქართველებმა მართლაც უკან დაიხიეს და იარაღი გამოიტანეს, სეპარატისტებსა და რუსებს კი იგივე არ გაუკეთებიათ. შედეგად 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაგრა აიღეს, ზუსტად იმ იარაღით, რომელიც მათ არ გაუტანიათ. იგივე მოხდა 27 ივლისის ხელშეკრულების შემდეგაც“, - ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კახა ყალიჩავა.
ანდრეი კოზირევი, რომელიც 90-იან წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ჟურნალისტ მიხაილ ზიგართან საუბარში ჰყვება, რომ როდესაც საბჭოთა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა მოითხოვეს, რუსეთის უშიშროების სამსახურმა გადაწყვიტა, ამ რესპუბლიკებში ავტონომიები დამოუკიდებლობაზე აელაპარაკებინა. ამ ხერხით კრემლი საბჭოთა კავშირის რღვევის შეჩერებას გეგმავდა.
ანდრეი კოზირევი განსაკუთრებულად გამოყოფს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. აფხაზეთის მაშინდელ ლიდერს, ვლადისლავ არძინბას, ის რუსეთის კაცს უწოდებს. ღიად საუბრობს იმაზეც, რომ აფხაზებს იარაღს რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი აწვდიდა, პრეზიდენტ ბორის ელცინთან შეთანხმებით.
„სამშვიდობო ძალები შეიქმნა, ძირითადად რუსი სამხედროებით დაკომპლექტებული. იქ ვიყავი და ვხედავდი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ისინი ამ სამშვიდობო შეთანხმებას იცავდნენ, სანამ არ მოხდა ის, რის შემდეგაც მე არძინბას აღარ ვესალმებოდი... მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ რუს მშვიდობისმყოფელებს გადასცემდნენ იარაღის ჩამკეტებს, ყველანაირი იარაღის. ჩამკეტების გარეშე იარაღი არ ისვრის. ქართველებმაც და აფხაზებმაც ჩააბარეს ეს ჩამკეტები... ერთ ღამეს კი ჩამკეტები მხოლოდ აფხაზებს გადასცეს, ქართველებს კი - არა. რატომ მოხდა ასე?
გამოძიებას ვითხოვდი, მაგრამ არაფერი გამოუძიებიათ. ისინი [რუსი მშვიდობისმყოფელები] თავად არაფერში მონაწილეობდნენ, სადაც იდგნენ, იქ დარჩნენ, მაგრამ მათ სხვებს გადასცეს ჩამკეტები. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ამას მხოლოდ მკვლელობა ერქვა, აფხაზები შეიარაღებულები იყვნენ, ქართველები კი - არა“, - ამბობს ანდრეი კოზირევი.
2004 წელი - ცხინვალის მოედანი
90-იანი წლებიდან მოყოლებული, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ეკრძალებოდათ.
„2004 წელს ცხინვალის ცენტრში ქართველი ჯარისკაცები რომ დააჩოქეს, ხომ გვახსოვს? რატომ მოხდა ეს? 2003 წლის თებერვალში რუსულმა მხარემ ოს სეპარატისტებს ტანკები გადასცა, მერე კიდევ [ერთხელ] გადასცა. 2004 წლის 8 ივლისს ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ცხრა ავტომანქანა დააკავა, - ჰყვება კახა ყალიჩავა. მისი თქმით, რუსეთმა შეწინააღმდეგება ვერ აიტანა, რასაც მოჰყვა ის, რომ ჯარისკაცები დააკავეს და ცხინვალის ცენტრში სახალხოდ დააჩოქეს, - ამის შესახებ [სამხედრო ტექნიკის გადაცემა] საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობდა და ქართული მედიაც, თუმცა რუსეთი არ ადასტურებდა ამ ფაქტებს“.
2008 წლის შეთანხმება
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესაჩერებლად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ამ ორ ქვეყანას შორის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება დაიდო. კახა ყალიჩავა განსაკუთრებით გამოყოფს მეხუთე პუნქტის მეორე ნაწილს, რომელშიც წერია, რომ საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, უსაფრთხოების ზომებს რუსეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ.
„ეს პუნქტი რუსეთმა ისე წაიკითხა, როგორც თავად აძლევდა ხელს და 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, - ამბობს კახა ყალიჩავა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთმა სწორედ მეხუთე პუნქტით გაამართლა, განაცხადა რა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის მინიჭებით ქართული აგრესიისგან იცავდა ანუ ქმნიდა „უსაფრთხოების ზომებს“.
ფორუმი