ვიდეოებსა და ფოტოებში კარგად ჩანს მარკერის მუქი ლაქები, ბიულეტენების უკანა მხარეს. ბიულეტენებში ასახული არჩევანის ამოცნობა შესაძლებელი იყო, მათ შორის - ბიულეტენების მთვლელ მანქანაში შეცურების მომენტში. ამის ამსახველი ვიზუალური მასალაც არსებობს.
ცესკო ადასტურებს, რომ მარკერის კვალმა ბიულეტენების უკანა მხარეს მართლაც გაჟონა, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევას არ ეთანხმება.
ხმის მიცემის ფარულობა საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა - სისხლის სამართლის დანაშაულიც არის. სასჯელი შესაძლოა იყოს 2-წლამდე პატიმრობაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები ორი ათასზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ.
- რა მოხდა 26 ოქტომბერს და რა არგუმენტები აქვთ მხარეებს?
წინასწარ ცნობილი პრობლემა
ხმის ფარულობის პრობლემა, რომელმაც ახლა დიდი ხმაური გამოიწვია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე შენიშნა, ცესკოს მიერ ორგანიზებულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე; ცესკოსაც მიმართა და რისკების აღმოფხვრაც მოითხოვა.
28 სექტემბერს საიას ცესკოდან უპასუხეს, რომ არჩევნების დღისთვის ყველაფერი გამოსწორდებოდა.
“[სასწავლო-საინფორმაციო] შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას”, - ვკითხულობთ ცესკოს საპასუხო წერილში, რომელიც 28 სექტემბრით არის დათარიღებული.
სწორედ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, საია 2263 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს - ეს არის ყველა ის უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით გაიმართა.
საჩივრების ამ მასშტაბის დაკმაყოფილება ახალი არჩევნების ჩატარებას ნიშნავს.
საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, თუ გაბათილდა კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.
31 ოქტომბერს, საოლქო კომისიებში არაერთი ხმაურიანი სხდომა შედგა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საიას საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა. ზუსტი სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება. უკვე დაგეგმილია ბრძოლის გაგრძელება სასამართლოში. ვითარება მსგავსია სხვა არასამთავრობო სადამკვირვებლო ჯგუფების შემთხვევაშიც.
საიასთან მიმოწერას ცესკოს თავმჯდომარეც ადასტურებს და თვლის, რომ მიცემული პირობაც შესრულდა.
გიორგი კალანდარიშვილი “რუსთავი 2”-თან განმარტავს, რომ საარჩევნო ბიულეტენები მაქსიმალურად სქელ ქაღალდზე დაიბეჭდა, ასეთი სქელი ქაღალდი არცერთ სხვა არჩევნებზე არ გამოუყენებიათ და ესეც აპარატების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანია “სმარტმატიკის” რეკომენდაციის შესაბამისად მოხდა.
ქაღალდის გრამაჟს (სისქესა და სიმძიმეს) ცესკომ სპეციალური განცხადებაც მიუძღვნა. ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოიყენეს “190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი”.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბიულეტენები სამ სტამბაში დაიბეჭდა, ესენია: “ფავორიტი”, “ფორმა” და “ირიდესი”.
სტამბებში მედიას უდასტურებენ, რომ ქაღალდი მათ ცესკოსგან მიიღეს. თუმცა რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე ვერ გაარკვია - შემოწმდა თუ არა ქაღალდის ხარისხი უშუალოდ სტამბაშიც.
ცესკომ გამოაქვეყნა ხელშეკრულება შპს “ჯ.ე.პ”-სთან, რომლისგანაც სახელმწიფომ 90 ტონა ოფსეტური ქაღალდი 414 ათას ლარად შეიძინა. ხელშეკრულების ტექსტში მითითებულია, რომ მიწოდებისას საქონლის ხარისხს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილება ამოწმებდა.
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, შპს “ჯ.ე.პ”-ს 100%-იან წილს “პალიტრა ჰოლდინგი” ფლობს.
“ჩვენ არ ვდავობთ იმაზე, ცესკომ 190-გრამიანი ოფსეტური ქაღალდი შეიძინა თუ არა, ჩვენ არ ვართ ქაღალდის ექსპერტები, რომ ამ ტერმინებით მივხვდეთ, ეს ფარულობას დაარღვევს თუ არა, მით უფრო, მარტო ქაღალდიც არაფერს გეუბნება თუ არ იცი მარკერის პარამეტრები და არც მარკერის სპეციალისტები ვართ. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია”, - აღნიშნავს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცესკოს თავმჯდომარემ “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ ლაქები შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ქაღალდზე მარკერის მაგრად დაჭერის შემთხვევაში, ანდა “მარკერის ახალი გამოყენების პირობებში, ის იმდენად სველი შეიძლება ყოფილიყო…”.
რადიო თავისუფლებას ცესკოში უთხრეს, რომ მარკერები, რომლებითაც ამომრჩევლები ბიულეტენში სასურველ საარჩევნო სუბიექტს ნიშნავდნენ, ცესკოს კომპანია “სმარტმატიკმა” მიაწოდა.
“სმარტმატიკის" აპარატითა და სერვისით მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა სარგებლობს. საჯარო წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია ბიულეტენების გაფერადებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
- არაერთი საპილოტო საარჩევნო პროცესის შემდეგ, "სმარტმატიკთან" გრძელვადიანი კონტრაქტი ცესკომ 2023 წლის ზაფხულში გააფორმა.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, Smartmatic-მა ივნისში აუქციონის გარეშე გამოცხადებულ საერთაშორისო კონსოლიდირებულ ტენდერში (CON) გაიმარჯვა.
- ტენდერი გამოცხადებული იყო „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ასევე ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე“.
- 2023 წლის მონაცემების თანახმად, Smartmatic-ს, მთლიანობაში, თითქმის 55 მილიონი ლარის მომსახურება უნდა გაეწია და უნდა მიეწოდებინა, მათ შორის - 6453 ვერიფიკაციის აპარატი და 3601 ხმის მთვლელი აპარატი.
2017 წელს, კომპანია “სმარტმატიკმა” გაწყვიტა კავშირი ვენესუელასთან, სადაც ის საარჩევნო პროცესებში 2004 წლიდან იყო ჩართული. კომპანიამ განაცხადა, რომ მადუროს ხელისუფლებამ ერთი მილიონით ხელოვნურად გაზარდა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი და არჩევნების მანიპულირება მოახდინა. ახლო წარსულში ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ სკანდალში თავად “სმარტმატიკიც” გაეხვია - კომპანიის მაღალი რეპუტაციის მიუხედავად.
ვინ და რა დროს ხედავდა შენს არჩევანს?
ცესკო აცხადებს, რომ მარკერის ლაქებით ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულა, ამომრჩევლის ეს უფლება გარანტირებული იყო, მათ შორის - კონვერტით, რომელშიც ბიულეტენი უნდა განთავსებულიყო და პრობლემა საერთოდ არავის შეექმნებოდა, ამომრჩევლებს წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციით რომ ემოქმედათ: ბიულეტენი წესისამებრ ჩაესვათ კონვერტში და წესისამებრ შეეცურებინათ ხმის მთვლელ აპარატში.
მაგრამ არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონვერტი ხმის ფარულობის გარანტიას არ იძლეოდა და, როგორც აცხადებენ - შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვთ, როცა:
- შესაძლებელი იყო ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერის კვალის დანახვა, მთვლელ მანქანაში მისი შეცურებისას - [საია აცხადებს, რომ ამის მტკიცებულებებიც აქვს].
- როდესაც ბიულეტენი უკან ბრუნდებოდა [აპარატი თუ არ იღებდა მას], ის ჩარჩო კონვერტში აღარ იდო და ამომრჩევლის ნება ყველასათვის ცხადი ხდებოდა.
“ბიულეტენი არ ცურდება კონვერტთან ერთად ან იმ სისწრაფით, რომ კონვერტიდან როდესაც აპარატში შეცურებას იწყებს, გაფერადებული წრის დანახვა ვერ მოასწრო”, - აცხადებს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე თავის ფეისბუკპოსტში.
მსგავს შემთხვევებს რადიო თავისუფლებასთან დამკვირვებლებიც აღწერენ: ამომრჩევლების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს კონვერტის შეცურებისას დახმარება ესაჭიროებოდა; და სწორედ ამ დროს ხედავდნენ - "კონკრეტულმა ამომრჩეველმა სახელისუფლებო პარტიას მისცა ხმა თუ ოპოზიციას".
“მაინცდამაინც ძალიან ახლოს დგომაც არ იყო ამისთვის აუცილებელი”, - ეუბნება ერთ-ერთი დამკვირვებელი რადიო თავისუფლებას.
ბიულეტენის სიაში “ქართული ოცნება” სულ ბოლო ეწერა [საარჩევნო ნომრების მიხედვით]. ხოლო რეიტინგული ოპოზიციური პარტიები - ბიულეტენის ზედა ნაწილში იყვნენ ჩამოწერილი.
- არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - “ჩვენი ხმა” 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას მოითხოვს - სადაც 417 305 რეგისტრირებული ამომრჩეველია. კოალიციის საჩივრებში “მძიმე დარღვევებს” შორის არის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპების - [ხმის] ფარულობას დაცვისა და ნების თავისუფალი გამოხატვის ხელყოფა.
“მასობრივად ირღვეოდა არჩევნებში მონაწილეობის ფარულობა”, - აცხადებს “ჩვენი ხმა”.
თავიანთი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელებში ამომრჩევლებიც ჰყვებიან:
“თავდაპირველად არ წაიღო აპარატმა. კომისიის წევრი დამეხმარა. ქაღალდი ამოიწია და მშვენივრად ჩანდა არჩევანი”.
- “ნახევარზე უნდა ამოგეწია ფურცელი, რომ წაეღო აპარატს და ჩანდა გაფერადებული სად იყო”.
- “ახლოს თუ მიიტანდით აპარატთან [კონვერტს], ეგრევე ჭედავდა, ხოლო ოდნავ თუ ჩამოწევდით, შეცურებისას ჩანდა დაახლოებით სად გააფერადებდით“.
- “ჩემსას [ბიულეტენს] ორჯერ დაჭირდა შეცურება, ყველამ დაინახა რა გავაფერადე”.
30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო დარღვევების ჩამონათვალში, საგანგებოდ გამოყო - ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა - "ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო", „რაზედაც საიას წინასწარ ჰქონდა საჩივარი [მიმართვა ცესკოსთვის - რ.თ.] შეტანილი და ცესკოს უნდა შეეცვალა ისინი".
ხმის მიცემის ფარულობის - როგორც კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების დარღვევაზე არაერთი საჩივარი მოამზადა ოპოზიციამაც.
ისინიც ფარულობის პრინციპის მასობრივ, სისტემურ დარღვევაზე აკეთებენ აქცენტს და აპირებენ, რომ განაგრძონ ბრძოლა ბოლომდე - ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად.
მართალია, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად არ თვლის იაგო ხვიჩიას “გირჩი”, თუმცა ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას არჩევნების შედეგების გაუქმების წინაპირობად ხედავს.
“საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად”, - წერია “გირჩის” ფეისბუკპოსტში.
10 წუთში გაიგებდა მთელი სოფელი
“ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ საარჩევნო უბანზე, ბიულეტენის აპარატში შეცურებისას, მარკერის ლაქებმა - მისი არჩევანიც გაამჟღავნა და იგრძნო, რომ ეს კომისიის წევრმაც დაინახა.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პრობლემა თინა ხიდაშელისთვის აშკარა და იმდენად მასშტაბურია - რომ უკვე ხედავს საფუძველს არჩევნების შედეგების გასაუქმებლად.
ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მარკერის კვალთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ კენჭისყრის პროცესსაც დააზარალებდა, ინფორმაცია სოფლებსა თუ ქალაქებს სწრაფად მოედებოდა და ამომრჩევლებს თავისუფალ არჩევანს შეუზღუდავდა.
“დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ მთელ სოფელს 10 წუთში ეცოდინებოდა - რომ ფარულობა ირღვეოდა. ეს კი მათთვის შეუძლებელს გახდიდა 2012 წლის [საარჩევნო პროცესის] გამეორებას - როცა ამომრჩეველი მივიდოდა არჩევნებზე, მოატყუებდა ხელისუფლებას [ვითომ მას უჭერდა მხარს] და საბოლოოდ, მაინც ოპოზიციას მისცემდა ხმას”, - გვეუბნება ხიდაშელი. ის იხსენებს ისტორიას, როდესაც “ოცნების” მხარდამჭერები მაშინდელ ხელისუფლებას მიჰყავდა ტრანსპორტით საარჩევნო უბნებამდე და ხმას მათ წინააღმდეგ აძლევდნენ.
ხმის ფარულობის საკითხზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაშიც არის ლაპარაკი.
ტექსტის თანახმად:
- “არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა”, მაგრამ “ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებით”.
- “საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების უმრავლესობას გაუჭირდა ხმების დამთვლელი მოწყობილობის გამოყენება. ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო”.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ “ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებები” უარყოფითად აისახებოდა “პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“.
ფორუმი