„ალტ-ინფო“ და მისი მოკავშირეები, რომლებიც ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ არაერთ გადაწყვეტილებას უჭერდნენ მხარს, ახლა რეპრესიების დაწყებაზე ალაპარაკდნენ.
ისინი კატეგორიულად მოითხოვენ მცხეთის გამგეობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ დაკავებული ლაშა შარუხიას გათავისუფლებას. საჯარო კამპანიაში ჩაერთვნენ სასულიერო პირებიც - ევროკავშირის დროშების დემონსტრაციული დაწვით და ხელისუფლების წინააღმდეგ მუქარით.
„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ საპატრიარქოსგან შარუხიას გათავისუფლების დაპირება მიიღეს. საპატრიარქო რადიო თავისუფლებას არ უდასტურებს ინფორმაციას დაპირების შესახებ.
- დააზარალებს თუ არა „ოცნებას“ „ალტ-ინფოს“ კამპანია?
დროშის დაწვა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ „ალტ-ინფოსა“ და მისი თანამოაზრეების კრიტიკა, მოქალაქისთვის, ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, 18 დეკემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ გამწვავდა.
ლაშა შარუხიას სხვისი ნივთის „ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“ განადგურება ედება ბრალად, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოფიციალური განმარტებით, დროშა, რომელიც შარუხიამ მცხეთის გამგეობის შენობიდან ჩამოხსნა და დაწვა, 1000-ლარიანი იყო.
22 დეკემბრის საღამოს, პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ, ლაშა შარუხიას სოლიდარობის ნიშნად, თბილისის მერიის შენობიდან ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს, მაგრამ მათ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამოქმედდა: მარტინენკო 1000 ლარით დააჯარიმეს; ხოლო მახარაძის საკითხს, ადვოკატის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტს. მახარაძისთვის ეს განმეორებითი ქმედებაა.
კონსერვატიული მოძრაობის არხზე ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანიის ვიდეორგოლები ბოლო რამდენიმე დღეა ტრიალებს.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გამო „ალტ-ინფოს“ და მისი თანამოაზრეების გამწვავებული კრიტიკა „ოცნების“ მისამართით, შარუხიას დაკავების შემდეგ მუქარაში გადაიზარდა.
მუქარა "ოცნების" წინააღმდეგ
„ჩვენ ამათ უნდა ავაწნათ სილა, ჩვენ ამათ უნდა შევურყიოთ ძალაუფლება“, „გაირკვა, რომ სანდოები არ არიან“, „გაირკვა, რომ მაიმუნობაზე და არაადამიანობაზე წამსვლელები არიან“, - „ალტ-ინფოს“ ლიდერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკუთარი არხის ეთერიდან ემუქრებიან.
ისინი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ ერთგული ამომრჩეველი არ ჰყავს და ამ დრომდე ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიშის დანერგვით ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას.
„რისი იმედი აქვს ამ ხალხს?! მართლა ვინმეს წარმოუდგენია „ოცნებაში“, რომ თქვენ ვინმე გულწრფელი მომხრე გყავთ და მხარდამჭერები გყავთ, რომლებიც თქვენს გამო იომებენ, იჩხუბებენ ან რამეს იზამენ?! ხმა რომ გავარდეს უბრალოდ, რომ - „ბიძინა ივანიშვილმა დატოვა საქართველო“ ან „ფული არ არის "ოცნებაში" - ბიძინა დაასანქცირეს და არა აქვს ფული“, ხომ წარმოგიდგენიათ „ოცნებაში“ რა მოხდება, აღარავინ დარჩება“, - კონსერვატიული მოძრაობის ლიდერის - გიორგი ქარდავას ამ შეფასების მსგავსი არაერთი განცხადება ისმის „ალტ-ინფოს“ ეთერში.
არის გაკვირვებაც - რამ შეცვალა „ოცნება“?
„ცოტა ხნის წინ ხალხს თითქოს უწევდნენ ანგარიშს, ისეთი რიტორიკა ჰქონდათ [„ქართულ ოცნებას“] და უცებ, დროშის დაწვისთვის კაცს უშვებენ 6 წლით ციხეში... რა ხდება?! რაშია საქმე?!“.
„ალტ-ინფო“ და სხვა ანტიდასავლური, პრორუსული ძალები ახლო წარსულში მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ არაერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ ნაბიჯს, მათ შორის:
- საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ელჩებთან დაპირისპირებას;
- საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებულ მეგობრობას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კონსერვატიულ მთავრობასთან, რომელიც ევროკავშირში რუსეთის მიმართ ლოიალურობით გამოირჩევა;
- დაპირისპირებას უკრაინის ხელისუფლებასთან;
- რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას;
- „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ დეკლარირებულ ბრძოლას და სხვა.
თავის მხრივ, „ქართულ ოცნებას“, ევროპელი პარტნიორების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, არ გაუსამართლებია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები. მთავარი ორგანიზატორები მაშინ სწორედ „ალტ-ინფოს“ ლიდერები იყვნენ და ამას ისინი არც მალავდნენ.
ხელისუფლებისა და რადიკალური ჯგუფების, უპირატესად - „ალტ-ინფოს“ სიმბიოზური ურთიერთობის შესახებ ხშირად მიუთითებდნენ პოლიტიკოსები თუ ექსპერტები.
„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ - „ალტ-ინფომ“, 2023 წლის სექტემბერში, „ანტიმაიდანი“ დააანონსა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში „მაიდნის სცენარის“ დაგეგმვაზე ალაპარაკდა.
აქტიურობენ სასულიერო პირებიც
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ასევე აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის არიან დეკანოზი ბასილ ახვლედიანი და მღვდლები სპირიდონ ცქიფურიშვილი და იაკობ მესტვირიშვილი.
გავრცელებულ ვიდეოებში ისმის მუქარაც „ოცნების“ მისამართით, მინიშნებით - არჩევნებზე.
„ხელისუფლებავ, მოგიწოდებთ - იმათ ემსახურეთ, ვინც აგირჩიათ, თორემ ძალიან მკაცრი განაჩენი იქნება თქვენს მიმართ, ძალიან მკაცრი... ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მთელი სიმართლით გეუბნებით... ვინც აგირჩიათ, იმათ მიხედეთ. მაგათ არ აურჩევიხართ, არც ევროკავშირს და არც იმ გარყვნილებას, რასაც ემსახურებით. მოგიწოდებთ, ემსახურეთ ქართველ ხალხს, თორემ ყველა ერთად წახვალთ ამ ქვეყნიდან“, - ამბობს ლაშა შარუხიას მიმართ სოლიდარობის კამპანიაში ჩართული სასულიერო პირი - იოანე ნინიაშვილი „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში.
იყო თუ არა ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანიაში ჩართული სასულიერო პირების მისამართით რაიმე რეაგირება? - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას პასუხობს, რომ - „იქნება მსჯელობა თითოეულ შემთხვევაზე“.
დეკანოზი ჯაღმაიძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქომ „ალტ-ინფოს“ ლაშა შარუხიას გათავისუფლების დაპირება მისცა.
„არაა ეს ინფორმაცია ზუსტი, საპატრიარქო ვერანაირ დაპირებას ვერ მისცემს ვერავის საკითხზე, რომელიც ჩვენს კომპეტენციაში არ არის. თუ ვინმემ მსგავსი რამ დაწერა, დაუწერია სიცრუე“, - ამბობს დეკანოზი, და განმარტავს - „[გათავისუფლებას] მხოლოდ ვვარაუდობთ, იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე“.
„საპატრიარქოსთან შედგა კომუნიკაცია და დაგვპირდნენ, რომ პირველივე სასამართლო სხდომაზე, ეკლესიის შუამდგომლობის შედეგად, ლაშა [შარუხია] გათავისუფლდება და ის დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს და იმედია სამართალი იზეიმებს... ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და ღრმა პატივისცემას ვუცხადებთ დედა ეკლესიას. ის ყოველთვის ასეთ რთულ ვითარებაში ავლენს საზოგადოებრივ მაღალ პოზიციას“, - თქვა კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარემ, გიორგი ქარდავამ „ალტ-ინფოს“ ეთერში, 25 დეკემბერს.
„ალტ-ინფოს“ ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ლაშა შარუხიას სასამართლო სხდომა 5 თებერვალს არის დანიშნული.
რა (არ) დააკლდება „ქართულ ოცნებას“?
„მალე იხილავს "ქართული ოცნება", თუ რა არის ქართველთა ძალა“, „ქართული ოცნება არღვევს კანონს, რაც დასჯადია“, „მთავრობა ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებელ ქვეყნად არ თვლის“, - სოციალურ ქსელებში „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებიც უპირისპირდებიან „ოცნებას“.
ისინი ვარაუდობენ, რომ ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაწერილი 9 დათქმის შესრულების პროცესში, „ოცნება“ მათ წინააღმდეგ რეპრესიებს გააძლიერებს.
რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვაა, რომელთა წარმომადგენლებს, ხელისუფლების მსგავსად - აგენტებად მოიხსენიებენ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი, ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ანტიდასავლური და პრორუსული ფლანგის განაწყენება „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება „რაღაც მომენტში ელექტორალური პრობლემაც გახდეს“.
„ქართული ოცნებისთვის ანტიდასავლური და პრორუსული ამომრჩეველი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იდეოლოგიური ბმა სხვა ამომრჩეველთან მას არა აქვს. დანარჩენი არის „ობივატელი“ და საბიუჯეტო ორგანიზაციები... პრობლემაა მათთვის პრორუსული ამომრჩევლის განაწყენება... მაგრამ სხვა გზა ამ ეტაპზე არ ჰქონდათ - კანდიდატის სტატუსის მიღება თავისთვის უნდა მიეწერათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გედევან ფოფხაძე და ამატებს, რომ „პრორუსული განწყობების ადამიანები დღეს ხელისუფლებას არ უყურებს - როგორც თავისიანს. ნდობა აღარ აქვთ - ხვდებიან, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნაა მთავარი“.
კონსერვატორული პრინციპების მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე გვეუბნება, რომ საქართველოში არის „ზომიერი, განათლებული კონსერვატიზმის მიმდევარი ხალხი“, რომლებიც ევროკავშირში გაწევრებას უჭერენ მხარს - მაგრამ „ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებს მართლა არა ჰყავთ თავიანთი პოლიტიკური სუბიექტი“, რადგან „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები „ბიძინა ივანიშვილმა ლიმონივით გამოწურა“.
„ამ საერთო ქოლგის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა პოლიტიკური იდენტობა დავკარგეთ... პერსონალურ დონეზე იდენტობასაც ვგულისხმობ“, - ამბობს ფოფხაძე, რომელიც ამჟამად არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ყოველგვარი იდეოლოგიისგან დაცლილი „დიდი ევროპული გაერთიანების“ შექმნას უჭერს მხარს.
პოლიტიკური საკითხების ექსპერტისა და ტელეწამყვანის, არჩილ გამზარდიას შეფასებით, ანტიდასავლური, პრორუსული, მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების სიტუაციური მოკავშირეები არიან - „მათი დახმარებით ხდებოდა პროცესების გამწვავება, საჭიროების მიხედვით“ და „ხდებოდა ინტერესებს დამთხვევა დროდადრო“, მაგრამ „ოცნებას“ არც მათი გაწირვა გაუჭირდება.
„ეს პრორუსული ძალები თუ არ დასჭირდება ხელისუფლებას, ნებისმიერ დროს მოახდენს მათ დეაქტუალიზაციას, როგორც მანამდე აქტუალიზაცია მოახდინა... ანდა მოახდენს მათ მარგინალიზებას მარტივად - ისედაც მარგინალურ ჯგუფებს ხელისუფლება ადებს ხოლმე ფასს და როცა შეწყვეტს ამას, დასრულდება ყველაფერი“, - არჩილ გამზარდია ასევე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა და „თუ ამ კუთხით დასჭირდება ნებისმიერი ტიპის ქმედება, ის ამას მიმართავს - ნებისმიერ სახელმწიფოსთან, ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ჯგუფთან“.
არჩილ გამზარდია არ ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაყოფის - „ხალხის ძალის“ პროექტს კონსერვატორული პრინციპების ამომრჩევლის მოსაზიდად დაუჭირა მხარი, თუმცა სამომავლოდაც არ გამორიცხავს, რომ - ეს ჯგუფი გამოყენებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დაპირისპირებისა და „მეორე ფრონტის“ თემების წამოსაწევად.
„ხალხის ძალა“ უკვე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების „მხილებას“ კვლავ გააგრძელებენ, რადგან ამის საჭიროებას 2024 წელსაც ხედავენ - „დაუძინებელი მეგობრების“ სიფხიზლის გათვალისწინებით.
„2024 წელი მნიშვნელოვანია არჩევნების მხრივ და ისევ ეცდებიან აქაური წარმომადგენლების დახმარებით, რომ არეულობები მოაწყონ“, - თქვა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
- „მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა - ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე“, - წერია „ხალხის ძალის“ მიერ 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში.
- ამავე ტექსტის თანახმად: „კანდიდატის სტატუსის თემა „გლობალური ომის პარტიამ“ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა“, მაგრამ „საბოლოოდ დაკარგა რევოლუციური აქტუალობა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა“.
დეპუტატი „ხალხის ძალიდან“, მიხეილ ყაველაშვილი, „პოს-ტივის“ ერთ-ერთ გადაცემაში ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ ყოველთვის ჩასაფრებული იქნება, რომ „ევროკავშირმა ისეთ დათმობებზე წასვლა არ აიძულოს ჩვენ ხელისუფლებას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასვლა არათუ მომავალ წელს, არამედ შარშანაც ეკუთვნოდა.
ევოკავშირის დროშების განადგურების პრაქტიკა პრორუსულმა მოძალადე ჯგუფებმა 2021 წლის ივლისში დანერგეს. 5 ივლისის მოვლენების დროს დროშა ორ დღეში ორჯერ გაანადგურეს.
2023 წლის 14 მარტს, როდესაც საქართველო ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალს მასპინძლობდა, „ალტ-ინფოს“ პრორუსული, რადიკალური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, პარლამენტის შენობის წინ, ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. ეს ევროკავშირის დროშის ხელყოფის მესამე ფაქტი იყო.
2021 წლის 7 ივლისს, დროშა თავის ადგილზე პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ - კახა კუჭავამ დააბრუნა და სულ რაღაც 5 თვეში პოსტიც დატოვა. ბოლო ინფორმაციით, კუჭავა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც აღარ იქნება.
2023 წლის მარტში დროშა ადგილზე სამართალდამცველებმა დააბრუნეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მაშინ ევროკავშირის დროშის ხელყოფა დაგმო, მაგრამ თან აქტიურად ავლებდა პარალელებს მასშტაბური პროევროპული აქციების მონაწილეთა „რადიკალიზმთან“. „როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული“, - თქვა მარტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.