თბილისის მერიის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი მარტინენკო [ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით] დააჯარიმეს. ეს მუხლი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
რაც შეეხება იმავე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, [174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას].
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ადმინისტრაციულად შედგენილ მასალებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.
22 დეკემბრის საღამოს პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ადგილზე დაწვეს. ამის ამსახველი ვიდეო პროპაგანდისტული მედიასაშუალება "ალტ-ინფოს" გვერდზე გავრცელდა, სადაც ჩანს დროშის ჩამოხსნის და ცეცხლის წაკიდების კადრები. ვიდეოში არ ჩანს მერიის დაცვის მხრიდან რაიმე რეაგირება.
მახარაძემ და მარტინენკომ დროშის დაწვით მხარდაჭერა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ლაშა შარუხიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, როგორ წვავდნენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა საქართველოში საჯარო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვისთვის „ალტ-ინფოს" წარმომადგენელი ზურა მახარაძე და მისი ოთხი თანამოაზრე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.
თუმცა იმ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იხელმძღვანელეს, რომლის თანახმად, „საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით".