საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გეგმას აქვეყნებს. დოკუმენტი, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2023 წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.
დოკუმენტის თანახმად, პირველი დათქმის შესასრულებლად, მთავრობამ 11 დეკემბერს დაამტკიცა 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია, "რომლის ერთ-ერთ კომპონენტს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს".
დოკუმენტში ლაპარაკია ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რათა საქართველოს ტერიტორია არ გამოიყენონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით: "მათ შორის გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FISMA, DG TAXUD), აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე".
დათქმის შესრულების ვადად 2023-2024 წელია განსაზღვრული.
მთავრობის გეგმით, ყველა საპარლამენტო პარტია უნდა ჩაერთოს ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. დათქმის შესასრულებლად მთავრობა დოკუმენტში ასევე წერს, რომ თანამშრომლობას გააგრძელებს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში).
დათქმის შესასრულებლად, მთავრობის გეგმის ნაწილია 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა; დაგეგმილ აქტივობებს შორისაა ასევე ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა.
გარდა ამისა, აქტივობებს შორის მთავრობა ასახელებს 2023 წლის 15 დეკემბერს ცვლილებების მიღებას საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულებების აკრძალვა; მშპ-სთან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის გეგმაა, ხელი შეუწყოს რეგულარულ დიალოგს ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. 2024 წლის თებერვალში ასევე იგეგმება საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება.
სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად მთავრობა განსაზღვრავს შემდეგ აქტივობებს და მათი შესრულების ვადებს:
- "სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე [2024 წლის იანვარი];
- შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება [31 იანვარი 2024 წელი];
- შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება [7 მარტი 2024]".
ამ დათქმის შესასრულებლად მთავრობა გეგმავს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრიროს.
განსახორციელებელ აქტივობებს შორის წერია ისიც, რომ ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად მთავრობა ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან გამართავს შეხვედრებს.
მთავრობა ამ ნაბიჯის შესასრულებელ ერთ-ერთ ნაბიჯად განსაზღვრავს მთავრობის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცებას 27 ნოემბერს. ამას გარდა, 2024 წელს დაგეგმილ აქტივობებს შორისაა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა "დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით".
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ დათქმის შესასრულებლად 6-7 დეკემბერს უკვე გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.
მთავრობა დათქმის შესასრულებლად უკვე გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ასევე 25 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებასაც.
მთავრობის გეგმით, 2024 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან გამართავენ შეხვედრებს მიმდინარე გამოძიებებზე, მომავალ წელს ასევე იგეგმება ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით.
დაგეგმილი აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.