ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად მაისის ბოლოს გაიხსნა. სეზონის შეჯამების დრო, ცხადია, შემოდგომაზე, ოქტომბრისთვის მოვა, როცა უკვე მეტ-ნაკლებად დეტალურად გვეცოდინება როგორც ვიზიტორთა, ისე ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების რაოდენობა.
ტურისტულ ზაფხულის სეზონზე საუბრისას ძირითადად მხედველობაში სწორედ ზღვისპირა კურორტებს გულისხმობენ ხოლმე, რაც სინამდვილეში სულაც არ არის ერთადერთი საინტერესო რეგიონი საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, თუმცა მნიშვნელოვან როლს კი თამაშობს მთლიანად ტურიზმის განვითარებაში.
მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი. მხოლოდ ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიარეისი განხორციელდა 22 მიმართულებიდან. ზაფხულში ფრენები ძირითადად დაგეგმილია თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.
აღნიშნული ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ახორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air თელავივიდან, შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან,ყაზახეთის 6 ქალაქიდან და კიევიდან.
2016 წლის 5 თვის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავიარეისი გამხორციელდა, რაც 34,9 %-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. (2015 წელს შესაბამისი მაჩვენებელი იანვარ -მაისში 584 ავიარეისი იყო). რაც შეეხება ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობას, ამ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 54 429 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც, 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32,9 %-იანი ზრდაა.
ზოგადად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისში აჭარაში ტურისტთა რაოდენობა 18,6 პროცენტით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ როგორც მთლიანად საქართველოში, ისე მის ზღვისპირა რეგიონში, ტურისტთა ზრდის ძირითადი მაჩვენებელი არა რუსეთზე, არამედ სხვა ქვეყნებზე მოდის.
კერძოდ, ქვეყნების მიხედვით ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა აღინიშნა ისრაელიდან, ყაზახეთიდან და ლიტვიდან. მაგალითად, 2016 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, აჭარაში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14-ჯერ გაიზარდა ისრაელიდან, 5,5-ჯერ ყაზახეთიდან, 13,56 %-ით კი ლიტვიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა.
რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, საიდანაც ძირითადად სახმელეთო გზით მომავალი ტურისტები შემოდიან ქვეყანაში, ამ მიმართულებითაც 17,82 %-იანი ზრდა შეიმჩნევა და განსაკუთრებით არის გაზრდილი ირანელი ტურისტების რაოდენობა. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რეგიონში შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ გაიზარდა, ყაზახი ვიზიტორებისა კი - 30,43% -ით.