Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იზრდება ტურიზმი


საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის სტატისტიკის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის საგრძნობი ზრდის შესახებაც გამოაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 71 ათასით, ანუ 10.5 %-ით, მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რა იმალება ამ რიცხვების უკან?

როგორ იზრდება ტურიზმი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:56 0:00
გადმოწერა

თებერვლის მიწურულს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სხვადახვა ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის შესახებ ამცნეს. მათ შორის იყო ტურიზმის სტატისტიკაც, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გამოაქვეყნა. 1 მარტს გამართულ ბრიფინგზე ქეთი ბოჭორიშვილმა პრესას საერთაშორისო მოგზაურთა მზარდი რაოდენობის ამსახველი რიცხვები გააცნო:

"2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5 %-ით (71 519) მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3 %-ით (57 417) მეტია 2016 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე“.

გუდაური
გუდაური

ქეთი ბოჭორიშვილმა იანვარ-თებერვალში საერთაშორისო მოგზაურების - ვიზიტორების, ანუ იმ უცხოელების რაოდენობის 10,5-პროცენტიანი ზდა ახსენა, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეს რიცხვი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იანვარში, ხოლო თებერვალი უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა. ტურისტული კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლისა და ტურიზმის ექსპერტის, ვატო ასათაშვილის, განმარტებით, თებერვლის თვეში ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 2 პროცენტით გაიზარდა.

„იანვარი იყო ძალიან საინტერესო, იანვარში ვიზიტორთა საკმაოდ მკვეთრი მატება გვქონდა რამაც ძალიან გაგვახარა. თუმცა თებერვალმა დაგვანახა, რომ ვიზიტორთა ზრდა არც თუ ისე დიდია, 2 პროცენტია, რაც ცოტაა. თებერვალში დავბრუნდით ისევ იმ დონეზე როგორიც იყო 2016, 2015 წლებში.“

სახელმწიფოს მხრიდან ვერ ვხედავთ კონკრეტული პროექტების განხორციელება ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. საუბარი არ არის მხოლოდ გზებზე და დამხმარე ინფრასტრუქტურაზე...
ვატო ასათაშვილი

ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ თებერვლის თვის მცირე ზრდამ აჩვენა, რომ ჯერჯერობით საამაყო არაფერია. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი მადლობას უხდის იმ სახელმწიფო უწყებებს, რომელთა მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა უცხოელი სტუმრების ნაკადის გაზრდა:

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და არაერთი სამთავრობო უწყებაა ჩართული მისი განვითარების პროცესში. ყოველი ტურისტის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში პოზიტიურად მოქმედებს კერძო სექტორის განვითარებაზე, დასაქმებასა და შემოსავლების ზრდაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს ოთხსეზონიანი ტურიზმის მიმართულება და სწორედ იანვარ- თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ვიზიტორები და ტურისტები აქტიურად ინტერესდებიან საქართველოს ზამთრის კურორტებით“.

ქეთი ბოჭორიშვილისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის იმ უწყებების მიმართ, რომლებსაც შეხება აქვთ ტურისტულ სფეროსთან, კრიტიკულად არის განწყობილი ტურიზმის ექსპერტი ვატო ასათაშვილი. მისი განცხადებით, მთავრობა ნაკლებად ზრუნავს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე:

„სახელმწიფოს მხრიდან ვერ ვხედავთ კონკრეტული პროექტების განხორციელება ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. საუბარი არ არის მხოლოდ გზებზე და დამხმარე ინფრასტრუქტურაზე. პრობლემები გვაქვს მესტიაში, პრობლემა გვაქვს გოდერძიზე, პრობლემები გვაქვს თითქმის ყველა კურორტზე.“

ვატო ასათაშვილის კრიტიკის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები თავს იწონებენ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის თვეში საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური გადახდის ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა თითქმის 153 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 37 %-ით მეტია. საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში კი ტურიზმის წილი 7 პროცენტის ფარგლებშია, ანუ, დაახლოებით, იმდენივეა, რა წილიც უკავია სოფლის მეურნეობას.

XS
SM
MD
LG