Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტრო“ - ბრძოლა ლოგოსა და სახელისათვის


ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო სასამართლო დავა გრძელდება. ამჯერად ტელევიზიის ახალი დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე, სასამართლოს გზით მოითხოვს „მაესტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ილია კიკაბიძეს, არ მიეცეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება. „მაესტროს“ ძველი გუნდი კი განახლებულ მაუწყებლობას უახლოეს დღეებში გეგმავს. რით დასრულდება დავა სახელის, ლოგოსა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებისათვის, ჯერჯერობით უცნობია.

"მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს და მოითხოვს შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მფლობელ ილია კიკაბიძეს არ მიეცეს შპს "სტუდია მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება. გაჩეჩილაძის ადვოკატის ნანუკა ჭკუასელის განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ მესამე პირების მიერ შპს "სტუდია მაესტროს" კუთვნილი ქონებისა და აქტივების გამოყენებას.

„ჩვენი მოთხოვნაა, ტელეკომპანია „მაესტროს" არ მიეცეს შპს "სტუდია მაესტროს" კუთვნილი აქტივების გამოყენების საშუალება“, - განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა.

თავად ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სატელეფონო ჩართვისას ილია კიკაბიძის განცხადებებს ახალი „მაესტროს“ ახალი მაუწყებლობის დაწყების თაობაზე ტელევიზიის ძარცვა უწოდა:

ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე

„ტექნიკური და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების უფლება არა აქვს არავის. ეს არის შპს “სტუდია მაესტროს” საკუთრება. ეს არის პირდაპირ საკუთრების ხელყოფა და ეს შეეხება სტუდიის შეფუთვას, ტექნიკის თუ სხვა მატერიალური აქტივების გამოყენებას, რომელსაც დღეს უკვე სახელმწიფო იცავს, მეურვის სახით“.

უკვე ცნობილია, რომ ილია კიკაბიძე "მაესტროს" სახელით უახლოეს დღეებში აპირებს ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას. ის აცხადებს, რომ „მაესტრო“ სახელისა და ლოგოს ავტორი თავადაა და 2011 წლიდან ორივე მის საკუთრებაშია. ცნობილია ისიც, რომ ახალი არხი მაუწყებლობას იმავე შენობაში დაიწყებს, რომელშიც დღევანდელი "მაესტრო" ფუნქციონირებს და რომელსაც ილია კიკაბიძეს ამ შენობის მფლობელი, მაკა ასათიანი, უთმობს:

„ამ კომპანიის საკუთრება ეკუთვნის არა მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძეს, არამედ სხვა ადამიანებსაც. ლევან გაჩეჩილაძის საჩივრებით გაივსო სასამართლო და მოსამართლეები განხილვასაც კი ვეღარ ასწრებენ. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ „მაესტრო“ არ არის ჩემი ან მამუკა ღლონტის საკუთრება, ის არის მარსიდან და მასთან საუბარს აზრი არა აქვს“.

ილია კიკაბიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო რაიმე სხვა დადგენილებას გამოიტანს „მაესტროს“ სახელთან დაკავშირებით, სწორედ ეს იქნება სახელმწიფოსგან კერძო საკუთრების ხელყოფა. კიკაბიძე ურჩევს სახელმწიფოს, როგორც მეურვეს, ასევე ლევან გაჩეჩილაძეს, არ შეაჩერონ „მაესტროს“ გაკოტრების პროცესი 15 მარტამდე, ხოლო თუ შეაჩერებენ, 16 მარტიდან „მაესტროს“ ვალების გადახდა დაიწყონ.

დირექტორობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ნებისმიერ პოზიციაზე, ილია კიკაბიძის მოადგილეობა იქნება ეს თუ სხვა, სიამოვნებით ვიმუშავებ...
ბაია გადაბაძე

მაკა ასათიანის ადვოკატმა კი, გიორგი გვენეტაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „მაესტროს“ ლოგოს მფლობელობის საკითხი ყველას შეუძლია „საქპატენტში“ გადაამოწმოს:

„და ყველა დარწმუნდებით, რომ ლოგო „მაესტრო“ რეგისტრირებულია შპს ტელეკომპანია „მაესტროს“ სახელზე, რომელიც ეკუთვნის ილია კიკაბიძეს და მას ისე შეუძლია ამ ლოგოს განკარგვა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ“.

რაც შეეხება „მაესტროს“ ყოფილ დირექტორს, ბაია გადაბაძეს, ის წინასწარი ვარაუდის საფუძველზე აცხადებს, რომ ტელევიზიაში არაფერი შეიცვლება, თუ კონფიგურაცია უცვლელი დარჩება და თუ, რაც მთავარია, არ იქნებიან სადავო მოწილეები. თავად გადაბაძე კი მზად არის სხვა პოზიციაზეც იმუშაოს.

„დირექტორობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ნებისმიერ პოზიციაზე, ილია კიკაბიძის მოადგილეობა იქნება ეს თუ სხვა, სიამოვნებით ვიმუშავებ“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

რა სიხშირეზე აპირებს "მაესტროს" სახელით ახალი ტელეკომპანია ფუნქციონირების დაწყებას და ვინ იქნებიან თანამშრომლები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG