Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტროს“ საქმე


ტელეკომპანია „,მაესტრო“ ისევ ყურადღების ცენტრშია. 7 მარტს ტელევიზიის შენობის დაცვა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. „მაესტროს“ ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე, აცხადებს, რომ ტელევიზიის შენობიდან, რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვნის, ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ მართვას ვერ დაიწყებს. დღის მეორე ნახევარში ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროში“ მივიდა და ბაია გადაბაძესა და ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელს შეხვდა.

ტელეკომპანია „მაესტროში“ მისი ახალი დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე, 7 მარტს, დღის 4 საათისათვის მივიდა და განაცხადა, რომ დირექტორის რანგში მისი შემდგომი ნაბიჯები კანონის ფარგლებს არ გასცდება:

„არანაირ ძალადობას, ცხადია, არ ვაპირებ. ბაია გადაბაძესაც დაველაპარაკები. მინდა კოლექტივთან შეხვედრა და ჩემი მომავალი ნაბიჯების ახსნა. ამ მისამართზე ზის „მაესტრო“, რომლის გენერალური დირექტორი დღეს გავხდი მე და აბსოლუტურად კონსტრუქციულად განწყობილი ვარ მომავლისთვის. ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვით, ეგ პრობლემა არ არის. იჯარის ხელშეკრულების დარღვევასაც და „მაესტროს“ ამ შენობიდან გადასვლასაც აქვს თავისი გონიერი ვადა. დაველაპარაკები ყველას, ვისაც საჭიროა, და ისე გადავწყვეტთ ყველაფერს“.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ ყოფილ დირექტორს, ბაია გადაბაძესა, და რამდენიმე თანამშრომელს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაია გადაბაძემ უთხრა ჟურნალისტებს, გაჩეჩილაძემ მოითხოვა გონივრული ვადა ტელევიზიისათვის ალტერნატიული ფართის მოსაძებნად. გადაბაძემ ასევე განაცხადა, რომ ტელევიზია მაუწყებლობას არ შეწყვეტს, ხოლო გაჩეჩილაძე არ აპირებს არანაირი მონაწილეობის მიღებას საეთერო ბადის ცვლილებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის პირველი მარტის განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. "მაესტროს" ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე, რომელიცპარტნიორთა კრებამ დირექტორის თანამდებობიდან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაათავისუფლა, აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა:

„ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად უკანონო. და ეს არის დავა ხელისუფლებას და „მაესტროს“ შორის. ხოლო ლევან და გია გაჩეჩილაძეები, ჩემდა სამწუხაროდ, ამ პროცესში მხოლოდ ინსტრუმენტები არიან. მაგრამ რადგანაც მე თავიდანვე ვთქვი, რომ კანონის ფარგლებიდან გასვლას არ ვაპირებ, იძულებული ვარ რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებას დავემორჩილო. მაგრამ ლევან გაჩეჩილაძეს ასევე მივმართავ, რომ ის ამ ტელევიზიაში მუშაობას ვერ შეძლებს. თუ მას აქვს ალტერნატიული ფართი, სხვა შენობა, სხვა ტელევიზია, სადაც მას შეუძლია ჟურნალისტებს გაესაუბროს, მზად ვართ მოვისმინოთ ეს შეთავაზება, მათ შორის, ჩემ მიმართაც“.

ბაია გადაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტექნიკური აღჭურვილობის ნახევარი მაკა ასათიანს ეკუთვნის, ნახევარი კი ტელევიზიას. ლევან გაჩეჩილაძის გადასაწყვეტია, ჟურნალისტებს წაართმევს თუ არა კამერას და მიკროფონს, განაცხადა გადაბაძემ.

მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე კი აცხადებს, რომ შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის და ის არ აპირებს, მისი თქმით, უკანონოდ დანიშნული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძისთვის შენობის დათმობას. ადვოკატის განმარტებით, შენობა სადაც "მაესტრო" ფუნქციონირებს, არის შპს "ინვესტმენტის" საკუთრებაში და ამ შენობის ადმინისტრაციული პროცესების სამართავად მაკა ასათიანს დანიშნული ჰყავს ბაია გადაბაძე:

„მაკა ასათიანი არ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ მოსულ დირექტორს დაუთმოს თავისი საკუთრება. აქედან გამომდინარე, ლევან გაჩეჩილაძე ამ შენობაში მასპინძელი ვერ იქნება - სტუმრად კი მივიღებთ“.

ჩვენ იძულებული ვართ შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები...
მაკა ასათიანი და კოტე გოგელია

მაკა ასათიანი, გიორგი გვენეტაძის პირით, ლევან გაჩეჩილაძეს დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემასაც სთხოვს. ეს კითხვებია: როდის და როგორ აპირებს დაფაროს მის მიმართ არსებული 54 მილიონამდე დავალიანება, საიდან და რა საშუალებით აპირებს ტელეკომპანიის მართვას.

7 მარტს გავრცელდა მაკა ასათიანისა და მისი მეუღლის, კოტე გოგელიას, განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ მათ უკანონო ქმედებებით ბრძოლა გამოუცხადა, მედიასთან ბრძოლა კი ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია:

„ჩვენ იძულებული ვართ შევიდეთ ამ ბრძოლაში, მივიღოთ ეს გამოწვევა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები... ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად. "მაესტრო" დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა“.

ლევამ გაჩეჩილაძის ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი კი განმარტავს, რომ, მართალია, ეს შენობა არ არის შპს „მაესტროს“ საკუთრება, მაგრამ შპს „მაესტრო“ არის შპს „ინვესტმენტის“ მოიჯარე, რაც მას კანონით უფლებას აძლევს ისარგებლოს ამ შენობით, ხოლო რადგან გაჩეჩილაძე უკვე დარეგისტრირებულია დირექტორად, არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რაც მას შენობაში შესვლას აუკრძალავდა, არ არსებობს.

პასუხის პასუხად კი ბაია გადაბაძემ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულება „მაესტროს“ შენობის იჯარით აღების თაობაზე დღეს აღარ მოქმედებს, რადგან შპს „სტუდია მაესტრომ“ ვერ შეძლო ვალის გადახდა.

მივმართავ ყველა იმ თანამდებობის პირს, ეს იქნება მოსამართლე, საჯარო რეესტრის თანამშრომელი, მარეგილირებელი კომისია თუ ა.შ., ყველას, ვისაც შეხება აქვს ამ საქმესთან, გადაწყვეტილებები მიიღონ მალე...
დავით უსუფაშვილი

აღნიშნული დოკუმენტი2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და მასში აღნიშნულია, რომ შპს "მ-ინვესტმენტს" 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია "მაესტროსთან" აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება.

წერილში ასევე საუბარია სტუდია "მაესტროს" მხრიდან „მ-ინვესტმენტის“ მიმართ არსებულ დავალიანებაზე, რაც 255 ათას 90 ლარს შეადგენს".

"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, მიიჩნევს, რომ ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიკერძოებულია. მეორე დამფუძნებელი კი, ილია კიკაბიძე, ამბავს "სტუდია მაესტროსა" და ლევან გაჩეჩილაძის "ძალით დაქორწინების პროცესს“ უწოდებს.

„ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც ერთ მხარეს არ სურს ერთმანეთის ცოლად მოყვანა“, -ასე შეაფასა ვითარება კიკაბიძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „მაესტროს“ საქმესთან დაკავშირებულ ყველა პირს მოუწოდა დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღონ:

„მივმართავ ყველა იმ თანამდებობის პირს, ეს იქნება მოსამართლე, საჯარო რეესტრის თანამშრომელი, მარეგილირებელი კომისია თუ ა.შ., ყველას, ვისაც შეხება აქვს ამ საქმესთან, გადაწყვეტილებები მიიღონ მალე, დასაბუთებულად და კანონით დადგენილი ნორნების თანახმად“.

„მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ როგორც საკუთრების უფლება, ისე მედიისა და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ღირებულებები და პროცესიც „მაესტროს“ გარშემო ისე უნდა წარიმართოს, რომ არც ერთი ამ უფლებათაგან არ დაირღვეს.

7 მარტს განცხადება გაავრცელეს ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებმაც. მათი გადაწყვეტილებით, სადავო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე ისინი არ აპირებენ ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას. „ვიმედოვნებთ, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე", - ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG