საქართველოს სტატისტიკური უწყების, „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ივნისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1 პროცენტით გაუარესდა. კვლევის მიხედვით, ივნისის თვეში, წინა თვესთან შედარებით, ფასების შემცირებაც კი აღინიშნა - 0,4 პროცენტის ოდენობით, თუმცა ფასების საერთო დონე, წლინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტზე მეტად გაიზარდა. სწორედ ეს მაჩვენებელია ის, რაც წლიურ ინფლაციას განსაზღვრავს.
„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2017 წლის ივნისის თვის ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 9,5 პროცენტით. შესაბამისად, ამ ჯგუფმა საერთო ინფლაციაში 2,8-ზე მეტი პროცენტული წვლილი შეიტანა. უფრო მეტად, 18 პროცენტით, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს პროდუქცია, თუმცა მისი წილი საერთო ინფლაციაში მხოლოდ 1,2 პროცენტია. ფასების ზრდის მხრივ გამოირჩევა ტრანსპორტი, რომლის ფასებიც 15 პროცენტზე მეტად გაიზარდა და საერთო ინფლაციაში 2 პროცენტზე ოდნავ მეტი წვლილი შეიტანა. 7 პროცენტზე მეტად მოიმატა ფასებმა ჯანდაცვის სისტემაში. 4,4 პროცენტითაა გაძვირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასებიც.