სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2.9 % შეადგინა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი თითქმის 4 %-ით გაიზარდა. რამ გამოიწვია ეს ინფლაციური პროცესი და რას უპირისპირებს მას საქართველოს ხელისუფლება?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვრის თვის ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 4,2 %-ით. შესაბამისად, ამ ჯგუფმა საერთო ინფლაციაში 1,27 პროცენტული წვლილი შეიტანა.
უფრო მეტად, 6,2 პროცენტით, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს პროდუქცია.
ფასები 22 პროცენტზე მეტად გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფში. გაძვირდა, ასევე, ხილი და ყურძე ნი თითქმის 9 პროცენტით; რძის, ყველისა და კვერცხის ფასმა 3 პროცენტზე მეტად მოიმატა; ამგვარადვე გაძვირდა ზეთისა და ცხიმის ქვეჯგუფი; თითქმის 3-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა თევზეულსა და ხორცპროდუქტებზე.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 %-ით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (10,1 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 %).
ინფლაცია რომ გაიზრდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან 2016 წლის ბოლოს მთავრობამ გაზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე, რის გამოც ცხოვრება გაძვირდა...აკაკი ცომაია
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემების მიხედვით, მასზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,8 %-ით. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,0 %);
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - ფასები გაიზარდა თითქმის 19 პროცენტით (18,9 %) და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2 %);
მოცემულ პერიოდში 3,3 %-ით გაძვირდა, ასევე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, რაც თითქმის 1 პროცენტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ინფლაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია. „კავკასიისა“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტების პროფესორის, აკაკი ცომაიას, კომენტარი:
„ინფლაცია რომ გაიზრდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან 2016 წლის ბოლოს მთავრობამ გაზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე, რის გამოც ცხოვრება გაძვირდა...“
აკაკი ცომაიას აზრით, თუ ინფლაციური მოლოდინები დასრულდა, ფასების ერთჯერადი ზრდის შემდეგ ინფლაციის პროცესი დასრულდება და ფასების მიღწეული დონე შენარჩუნდება, თუ ინფლაციის დამატებითი პროვოცირება სხვა მიზეზებით არ მოხდა.
ინფლაციის რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა უკვე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ლარში გაცემული სესხების პროცენტის ზრდასაც იწვევს. არადა, პარალელურად მთავრობა ლარიზაციის პროგრამას ახორციელებს, რომლისთვისაც 65-მილიონიან სუბსიდიას გასცემს. ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, გალარების პროგრამის მონაწილეებს, ისევე როგორც ბევრ სხვას, სესხები გაუძვირდებათ.
იგი, ისევე როგორც ეკონომისტების დიდი ნაწილი, ინფლაციური რისკებისა და სავალუტო კრიზისის დასაძლევად საჭიროდ მიიჩნევს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას. მათი აზრით, საქართველოსთვის მთავარ პრობლემას ეკონომიკური ზრდის დაბალი დონე წარმოადგენს და რომ მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.