Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-ით განისაზღვრა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 %-ით განისაზღვრა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება, თუმცა 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება.

გადმოწერა

გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ასე ასაბუთებს: პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დროებით ზრდას ძირითადად ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა. თავის მხრივ, გაცვლითი კურსის დინამიკას მეტწილად გასული წლის მეორე ნახევრიდან თურქული ლირის გაუფასურება და აშშ დოლარის გლობალური გამყარება განაპირობებდა. ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7 %-მდე. ამჯერად პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა.

ბანკში იმედოვნებენ, რომ ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად თავის ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება.

მიმდინარე ეტაპზე ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული იმპორტული ინფლაცია და საბაზო ეფექტის ამოწურვა განაპირობებს. 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტს გაიმართება.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 20 396 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი გაეზრდებათ. მთლიანად, ცვლად განაკვეთზე მიბმული 806,4 მლნ ლარის სესხია გაცემული. 20396 ხელშეკრულებიდან 10 363 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი - 104,7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრისთვის 14.5 % შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, 1 იანვრის მონაცემებით, 4 467 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში, მთლიანი პორტფელი კი 191,1 მილიონი ლარია.

1 786 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 471,19 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 75,1 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,8 %-ში, მსხვილი ბიზნესი კი, 1 იანვრის მონაცემებით, 396,1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,0 %-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, 1 იანვრის მონაცემებით, 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 640,97 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,7 %-ში გაასესხეს.

გაცემულია, ასევე, 3756 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა ცნობილი არ არის. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 38,7 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, 1 დეკემბრის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 11,77 %-ია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ სესხებზე ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, საპროცენტი განაკვეთის ზრდის მიმართულებით აისახება, მათ შორის, იმათზეც, ვინც ხელისუფლების ლარიზაციის გეგმით სარგებლობას მოინდომებს. ამასთანავე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც, უკვე კანონის ძალით, 100 000 ლარამდე სესხის იძულებით ლარში აღება მოუწევს, სესხი ასევე გაუძვირდება.

XS
SM
MD
LG