ერთი კვირა გავიდა საქართველოში სესხების "გალარების" პროგრამის ამოქმედებიდან. საქართველოს ბანკების ასოციაციის მონაცემებით, ინფორმაციის მისაღებად ბანკებს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ხოლო 100-ზე მეტმა სესხი უკვე გადაიტანა ლარებში. როგორ მიმდინარეობს სესხების "გალარების" ერთჯერადი პროგრამა და რას ფიქრობენ მის ავკარგიანობაზე ბანკების მომსახურების პოტენციური მიმღებები?
თბილისის მკვიდრმა გიორგი მახვილაძემ 32 ათასი დოლარის ათწლიანი იპოთეკური სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე აიღო. პროგრამაში მოხვედრილ სხვა 22 ათას მოქალაქესთან ერთად გიორგიმაც მიიღო ბანკიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება და, შესაბამისად, აპირებს კიდეც ბანკში მისვლას და შეთავაზებული პირობების გაცნობას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სესხის კონვერტაციას არ ჩქარობს:
„შემიძლია მივიდე და გადავიტანო ლარში, მაგრამ არის ერთი ფაქტორი: რამდენად საიმედო იქნება ლარის აღება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მონეტარული პოლიტიკა იქნება თუ არა უცვლელი და, შესაბამისად, ჩემთვის დადგენილი პროცენტი გაიზრდება თუ არა. ეს არის საფიქრებელი, რადგანაც ისე არ გამოვიდეს, რომ ლარის პროცენტმა მოიმატოს და გაასწროს დოლარის კურსის ცვალებადობას“.
გიორგი მახვილაძის მსგავსად, ბევრ ბენეფიციარს აშინებს ის გარემოება, რომ გადახდის პროცენტი დამოკიდებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, რომელსაც ეროვნული ბანკი ადგენს.
„თუ მაქვს ფიქსირებული, სიტყვაზე, 8 პროცენტი დოლარში, ახლა დამიფიქსირდება, სავარაუდოდ, 10-11 პროცენტი ლარში, მაგრამ გავა, მაგალითად, სამი წელი (მაქვს ათწლიანი იპოთეკური სესხი) და არ ვიცი, გაიზრდება ნელ-ნელა, თუ იქნება ფიქსირებული მთელი ათი წლის განმავლობაში და არ შემეხება ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება, რაც ეხება ბანკებს“, უთხრა გიორგი მახვილაძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი 25 იანვარს უნდა დაადგინოს, თუმცა, როგორც გიორგი კეპულაძე, ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციისა „საზოგადოება და ბანკები“, ამბობს, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს "გალარებული" სესხის გაძვირებაზე, რადგანაც რეფინანსირების განაკვეთს ეროვნული ბანკი ცვლის ინფლაციის კვალად და ეს ცვლილება ერთ ჯერზე, საშუალოდ, ნახევარი ან ერთი პროცენტია ხოლმე:
„საპროცენტო განაკვეთის ზრდა იმდენად დამაზარალებელი არ არის ფინანსურად, რამდენადაც დამაზარალებელია სავალუტო რისკი, რადგანაც ჩვენი ეროვნული ვალუტა ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 60 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო სესხის თუნდაც ერთი პროცენტით გაზრდა იმდენად დიდ დარტყმას არ აყენებს მსესხებელს, რამდენადაც ყოველთვიური გადასახადის ზრდა, როდესაც ის დოლარს შეიძენს ეროვნული ვალუტით და ამ შემთხვევაში მას ყოველ 100 დოლარზე (მაგალითად, 2012 წელთან შედარებით) მოუწევს 100 ლარით მეტის გადახდა“.
"გალარების პროგრამა" 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მთავრობა უზრუნველყოფს სესხების "გალარებას" შეღავათიანი კურსით, რომელიც შეადგენს კონვერსიის დღეს არსებულ პუნქტს მინუს 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე. შესაბამისად, ბენეფიციართა ნაწილი ცდილობს ე.წ. გალარებისთვის ისეთი დრო შეარჩიოს, როცა ლარი მაქსიმალურად იქნება გამყარებული. ასეთი დროის შერჩევას ელოდება პროგრამის კიდევ ერთი მიმღები, ჯემალ დარახველიძე:
„ორი თვე გვაქვს ვადა. შესაბამისად, ვაკვირდები, გაზაფხულისკენ ინვესტიციების მოცულობა იზრდება და ლარიც შედარებით მყარდება... ისე, სასურველი იყო ორ თვეზე მეტი ვადა მოეცათ, რადგან ამასობაში შესაძლებელი იყო ლარის მეტად გამყარება ათი ან ოცი თეთრით მაინც. ასეთ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელი კურსით მექნებოდა ხელშეკრულება გასაფორმებელი“.
ძნელი სათქმელია, 27 ათასი ბენეფიციარიდან რამდენი ფიქრობს ჯემალ დარახველიძის მსგავსად, თუმცა ნიშანდობლივია ის, რომ პროგრამის ამოქმედებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე მხოლოდ ასმა ადამიანმა გადაიტანა სესხი დოლარიდან ლარში. საქართველოს ბანკების ასოციაციის მონაცემებით, სესხის საშუალო განაკვეთმა, რომელიც "გალარებისას" დაფიქსირდა, 10-11 პროცენტი შეადგინა. გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ პროგრამა ყველასთვის მომგებიანი ვერ იქნება, რის გამოც ბენეფიციართა ნაწილი უარს იტყვის "გალარებაზე":
„საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, 27 ათასი მსესხებლიდან 30-დან 50-მდე პროცენტამდე გადაიტანს სესხს დოლარიდან ლარებში. ეს, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, თუმცა ჯერ ძალიან მცირე დროა გასული, რომ შედეგებზე ვიმსჯელოთ“.
ოფიციალური ინფორმაციით, 17 იანვარს ამოქმედებული სესხების "გალარების" ერთჯერადი პროგრამა ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარით ფინანსდება.