14–15 ივლისს ბათუმი მასპინძლობს რიგით მე-13 საერთაშორისო (ყოველწლიურ) კონფერენციას, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“, რომელშიც მონაწილეობს 300-ზე მეტი სტუმარი ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან. მათ შორის არიან ოფიციალური პირები, კერძო სექტორისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ბათუმს სტუმრობს ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი. საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, მან ბათუმში არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის – საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. უმთავრეს განსახილველ თემას წარმოადგენდა საქართველოს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და სავიზო ლიბერალიზაციის მოლოდინი.
თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურის გამოწვევები, რეგიონალური სტაბილურობის ფაქტორები, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიზნები და შესაძლებლობები – ამ და სხვა თემებზე მსჯელობენ წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც ბათუმში სასტუმრო „ჰილტონი“ მასპინძლობს. ყოველწლიური კონფერენცია ტარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით.
როდესაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდა, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სერიოზულ განზრახვასა და მისიას, რომლისთვისაც ყველაფერი კეთდება. თუმცა ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. პრემიერი ლაპარაკობს მჭიდრო პარტნიორობის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს გამოწვევები, რაც, მაგალითად, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გამოვლინებას წარმოადგენს, სცილდება საქართველოს საზღვრებს და ეს მთელ რეგიონს, მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს.
კონფერენციაზე გამომსვლელებმა - და მათ შორის გიორგი კვირიკაშვილმაც - ბევრი ილაპარაკეს სარგებელზე, რისი მოტანაც შეუძლია ასოცირების შეთანხმებასა და მის შემადგენელ სეგმენტს, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას. ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება ერთმანეთთან მტკიცე კავშირში განიხილება.
„ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რომლებიც გამომდინარეობენ ასოცირების შეთანხმებიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, უმაღლესი პრიორიტეტის, და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებულად მივყვებით ამ გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. ასევე მნიშვნელოვანია და კომისარმა ჰანმაც გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან, ვინაიდან ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში“ – ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 14 ივლისს, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა.
ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა თავადაც ბევრი ილაპარაკა ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც რეგიონალური სტაბილურობის აუცილებელ შემადგენელზე, და რეგიონის სტაბილურობით ევროკავშირის საგანგებო დაინტერესებაზე. სწორედ ამ კონტექსტში გამახვილდა ყურადღება საქართველოს საგანგებო ეკონომიკურ დახმარებაზეც:
„საქართველო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია – არა მხოლოდ როგორც ქვეყანა, არამედ როგორც რეგიონალური ჰაბი, რათა უზრუნველვყოთ და დავიცვათ აუცილებელი სტაბილურობა... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, მათ შორის - ფინანსურადაც... საქართველოს მოსახლეობის 50 % პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულია აგრარულ სექტორში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გამოვუყოფთ საქართველოს 180 მილიონ ევროს აგრარულ სფეროში ბიზნესის სტიმულირებისთვის. აქ ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს – კერძოდ, ევროპის მიმართულებით“.
საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ევროკომისარმა ჰანმა ბევრი ილაპარაკა 14 ივლისს კონფერენციის დარბაზის მიღმა თუ უშუალოდ დარბაზშიც. როდესაც კონფერენციის მონაწილეებს მიმართავდა სიტყვით, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის ვადებთან დაკავშირებით მან ოქტომბერი ახსენა, მაგრამ რადგანაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის თბილისში გაკეთებული განცხადებების შემდეგ – უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები სექტემბრის მეორე ნახევარს დაუკავშირდა,ევროკომისარს საკითხის განმარტება მედიის წარმომადგენლებთანაც მოუწია:
„მეტად დარწმუნებული ვარ, რომ – ყველაზე გვიან – ოქტომბრის დასაწყისშიაბსოლუტურად შესაძლებელია სავიზო ლიბერალიზაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს უფრო ადრეც გახდეს შესაძლებელი... ეს ახლა ევროპარლამენტის ვალდებულებაა, რადგანაც ყველას კარგად ესმის და ყველამ კარგად იცის, რომ საქართველომ ბოლომდე შეასრულა ყველა აუცილებელი მოთხოვნა და ახლა ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები. თუკი დამატებითი ბიძგი გახდება საჭირო, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“.
სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე განმარტებების გაკეთება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუხდათ. ითქვა, რომ კონკრეტული ვადების დასახელება არამართებულია. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი და მას მხოლოდ საბოლოო გაფორმების პროცედურები ესაჭიროება.