Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო შეთანხმებები საქართველოში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი (მარცხნიდან მოერე) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე. თბილისი, 6 ივლისი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი (მარცხნიდან მოერე) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე. თბილისი, 6 ივლისი.

გასული კვირა საქართველოსთვის პოლიტიკურად დატვირთული აღმოჩნდა. 5 ივლისს დასრულდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელსაც თბილისი ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ქვეყანას ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ხელი მოაწერა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში 4 ივლისს განიხილეს საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში. ამ საკითხზე მომხსენებელი, მარია გაბრიელი, ამბობს, რომ კომიტეტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.

გადმოწერა

როგორც საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე განმარტავს, ამ ანგარიშზე გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ, პარლამენტმა და კომისიამ ერთად უნდა მიიღონ:

„ევროკომისია წარმოდგენილი იქნება საშინაო საქმეთა დეპარტამენტით (Migration and Home Affairs), საბჭო წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – სლოვაკეთის – მუდმივი წარმომადგენლის სახით, ხოლო ევროპარლამენტი წარმოდგენილი იქნება მომხსენებლის სახით. ეს სამეული რამდენჯერმე შეიკრიბება იმისთვის, რომ საბოლოო წერტილი დაუსვან და თქვან, რომ არის საბოლოო გადაწყვეტილება“.

საქართველოს წარმომადგენელი ევროკავშირში ამბობს, რომ სექტემბერში, შესაძლებელია, პროცედურები დასრულდეს, თუმცა, მისივე აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, გადაწყვეტილებამ ამოქმედებაც მოასწროს.

5 ივლისს დასრულდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელსაც თბილისი ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. სესიის დასასრულს აირჩიეს ასამბლეის პრეზიდენტიც. ავსტრიელმა დეპუტატმა ხრისტინე მუტონენმა 86 ხმა მიიღო, ხოლო პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გიგი წერეთელმა, - 73.

ავსტრიელ დეპუტატს მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმაც.

„გიორგი წერეთელი არ ყოფილა წარმოდგენილი ეროვნული კვოტით. ის იყო წარმოდგენილი „სახალხო პარტიის“ მიერ, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ერთი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „სახალხო პარტიასა“ და რუსეთის დელეგაციას შორის არსებობდა მოლაპარაკება, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაზე. სახალხოპარტიელების მიერ წარმოდგენილი სხვა რეზოლუციებიც ამაზე მეტყველებს... მნიშვნელობა ამას ჰქონდა. ვფიქრობ, რომ არა ეს, მუტონენი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა სესიის მსვლელობისას გაავრცელეს განცხადებები და მოუწოდეს დელეგატებს, მხარი არ დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, გიგი წერეთელს შეეძლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის, ზოგიერთის აზრით კი, „ქართული ოცნების“ არგუმენტები ევროპელი პოლიტიკოსებისთვის მაინცდამაინც გასაგები ვერ იქნებოდა.

თავად გიგი წერეთელმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მისი კოლეგა, გიორგი კანდელაკი, ამბობს, რომ მმართველმა კოალიციამ საქართველოს დააკარგვინა შანსი, უკეთესად დაეცვა თავისი ეროვნული ინტერესები.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ასევე საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, „კონფლიქტი საქართველოში“, რომლითაც „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და მიწაყრილების აღმართვას“.

6 ივლისს საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი.

მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ხელი მოაწერა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.

„საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება, რომელიც საქართველოს მისცემს საშუალებას, მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მემორანდუმში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, განაგრძოს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

როგორც ჯონ კერიმ განაცხადა, დოკუმენტი ხელს შეუწყობს თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას, რითაც გაიზრდება საქართველოს სამხედრო ძალების თავსებადობა, მდგრადობა და განლაგების უნარი, ასევე საქართველოს შესაძლებლობა, ითანამშრომლოს NATO-ს სხვა ძალებთან.

მემორანდუმი ასევე მიმართულია საზღვრის დაცვისა და საზღვაო, ასევე, საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისკენ.

8-9 ივლისს ვარშავაში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელზეც მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო შენაერთების განთავსებას. ორდღიან სამიტში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც, რომლის თქმითაც, ეს სამიტი შესაძლებელია იყოს „ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ნატოსთვის ბოლო 25 წლის განმავლობაში“.

აქვე გაკეთდა განცხადებები საქართველოს შესახებაც. ნატო აცხადებს, რომ საქართველოსა და ალიანსს ერთმანეთთან აქვთ „უპრეცედენტოდ ღრმა და ყოვლისმომცველი“ ურთიერთობები, რომელთა კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ნატო საქართველოს „თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება“.

XS
SM
MD
LG