Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბადრა გუნბა - არჩევანი, რომელმაც აფხაზეთის ანექსია კიდევ უფრო გააღრმავა

ბადრა გუნბა - არჩევანი, რომელმაც აფხაზეთის ანექსია კიდევ უფრო გააღრმავა


ბადრა გუნბა, აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი
ბადრა გუნბა, აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი

3 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკომ ბადრა გუნბა ე.წ. არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. სენსაცია არ მომხდარა: II ტურში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც პირველ ტურშიც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და მოსკოვის მყისიერი რეაგირება არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებზე (მათ შორის, სამართლებრივი რეაგირებაც), თბილისში ბევრს აფიქრებინებს, რომ 2025 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო „თავისუფალი“ არჩევნებია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამგვარი ვარაუდის საფუძველს ისიც იძლევა, რომ რუსეთის მასშტაბური ჩარევის გამო, პირველად დაირღვა ბოლო 20 წლის განმავლობაში მოქმედი მოდელი, როცა საპროტესტო გამოსვლების გამო გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტის გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირწმინდად აგებდა არჩევნებს. წელს ასე არ მოხდა: ასლან ბჟანია გადადგა, მაგრამ მისი ადგილი, მისივე გუნდის წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაიკავა.

რა შუაშია აფხაზეთი და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი?

1 მარტს, ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას, დაახლოებით 19:30 საათზე, გაგრაში, ცანდრიფშის (განთიადის) N2 სკოლის ტერიტორიაზე, საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, დაზიანდა საარჩევნო ურნა და დოკუმენტები.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების დაკავების მცდელობისას პოლიციის თანამშრომლებმა მიუსერის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს. თუმცა თავდამსხმელები არ დაემორჩილნენ გაჩერების მოთხოვნას და ცეცხლი გახსნეს.

საარჩევნო უბანზე თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა. „საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მიზნით და კომისიის წევრებისა და სამართალდამცავების სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, მათ დააზიანეს საარჩევნო ურნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – აღნიშნულია დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის განცხადებაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, საარჩევნო უბანში შეჭრილმა ნიღბიანებმა გადააყირავეს საარჩევნო ურნა და ბიულეტენების ნაწილი გაანადგურეს.

1 მარტსვე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გაგრაში მომხდარ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციაში - „რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევებისა და დანაშაულის ფაქტებზე, რომლებსაც ასევე აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა”.

ინციდენტი ცანდრიფშის (განთიადი) საარჩევნო უბანზე, კოლაჟი
ინციდენტი ცანდრიფშის (განთიადი) საარჩევნო უბანზე, კოლაჟი

მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის Telegram-არხზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკოს კიდევ ერთი კომენტარი გამოქვეყნდა:

„იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს - ეს არის ნურიკ სმირი. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება“.

აფხაზური Telegram-არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირი ოპოზიციის კანდიდატის, ადგურ არძინბას ნათესავია. უნდა ითქვას, რომ ეს არ ყოფილა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ერთადერთი რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართული ე.წ. არჩევნების დროს.

რუსეთის ამგვარი სწრაფი და მკვეთრი რეაქცია ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ რუსეთი აღარ აპირებს აფხაზეთში თავისუფლებითა და დემოკრატიით თამაშს.

„რაღა დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა სხვა სახელმწიფო აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს არჩევნების დროს მომხდარ დანაშაულზე და ცხელ კვალზე ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს, - უთხრა რადიო თავისუფლებას დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ, - ბოლო დროს აფხაზეთის შესახებ საუბრისას რუსები ხშირად ამბობენ ხოლმე, დავიღალეთ უსახელურო ჩემოდნის თრევითო. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იწყება ანექსიის ბოლო ეტაპი“.

პაატა დავითაიას თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა, გადააყენა დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტი, მაგრამ არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვა.

„თითქმის ყოველ ჯერზე ხელისუფლების ცვლილება საპროტესტო გამოსვლებისა და გადადგომის ფონზე ხდებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასე არ მოხდა. წინა არჩევნების დროს გავაკეთე კიდეც განცხადება, რომ ეს არის აფხაზეთისთვის ბოლო "თავისუფალი" არჩევნები-მეთქი და ასეც მოხდა“.

პუტინსაც ვერავინ დაასწრო

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დმიტრი მარშანიას თქმით, ბადრა გუნბამ მიიღო ხმების 54.73%, ხოლო მისმა ოპოზიციონერმა ოპონენტმა, ადგურ არძინბამ - 41.54%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევები, რომლებსაც შეეძლოთ კენჭისყრის შედეგებზე გავლენა მოეხდინათ. კანდიდატებს შორის განსხვავებამ დაახლოებით 14% შეადგინა, ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 70% იყო.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მილოცვა ლამის დაემთხვა საარჩევნო უბნების დახურვას. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, კერძოდ, ნათქვამია:

„არჩევნებში გამარჯვებამ, რომელიც მოხდა ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის პირობებში, დაადასტურა აფხაზი მოქალაქეების მხარდაჭერა თქვენი პოლიტიკური ხაზის - საშინაო პოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის მზარდი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართ. იმედი მაქვს, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობები გაგრძელდება ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“.

პუტინის მილოცვა მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები აღიარებდნენ მარცხს. ოპოზიცია კი, როგორც ე.წ. პროსამთავრობო Telegram-არხები წერენ, მართლაც უცნაურად დუმს:

„რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მიულოცა ბადრა გუნბას გამარჯვება. დროა ოპოზიციამ დაარღვიოს დუმილი და დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, - დაწერა „აფხაზია-ცენტრმა“.

თუმცა, როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, აფხაზეთში ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ოპოზიცია დამარცხდა, რასაც დამოუკიდებელი აფხაზური პრესის მიერ გამოქვეყნებული მწარე კომენტარებიც მოწმობს.

„როდესაც არჩევნებში გამარჯვების ეიფორია კლებას დაიწყებს და მკაცრი ყოველდღიურობა დაბრუნდება, ბადრა გუნბას მოუწევს რაღაცის გაკეთება მისი ოპონენტის მიერ მიღებულ 42%-თან. ძველებურად მართვა, როგორც ამას მისი სამი წინამორბედი აკეთებდა პრეზიდენტის პოსტზე, შეუძლებელი იქნება. იმ ჩიხიდან გამოსვლისთვის, რომელშიც ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში შეჰყავდათ მის მმართველებს, საარჩევნო ლოზუნგის - "სტაბილურობისთვის" შემდგომი მატერიალიზება ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის ძალიან საზიანო წამოწყებას ჰგავს.

რადგან ეს ეფემერული "სტაბილურობა" მთელი თავისი მანკიერებით არის ჩვენი დაუსრულებელი კრიზისის მიზეზი. საჭიროა რეალური გარდაქმნები თითქმის ყველა სფეროში კარგად გაწერილი ეტაპობრივი სამოქმედო პროგრამით. ასეთ შემთხვევაში სიტყვა "სტაბილურობას" ექნება განსხვავებული, მეტად აღმშენებლობითი და ცხოველმყოფელი ჟღერადობა“, - დაწერა აფხაზეთში პოპულარული გამოცემის, „ჩეგემსკაია პრავდის“ მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა.

„ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორმა, ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტოლოგმა, იზიდა ჭანიამ კი სცადა გაემხნევებინა თავისი მკითხველები, რომლებიც მოსკოვის მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ „დამოუკიდებელი აფხაზეთის პროექტის დასრულებაზე“ წერდნენ:

„არ არის საჭირო თავზე ნაცრის დაყრა. აფსნი იარსებებს. ეს არის განსაცდელი, რომელიც უნდა გავიაროთ, რათა ხელახლა ავღორძინდეთ. სასაცილოა ამ არჩევნების აღიარება - ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევნები.

მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე იერიშის მიტანაც არ ღირს. პარალელს გავავლებდი ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ გვერდზე - მარტის იერიშზე. სრული განადგურება, კოლოსალური მსხვერპლი... მაშინ სხვებიც ცდილობდნენ ჩვენი ბედით ეთამაშათ. ამას მოჰყვა ანალიზი, შეცდომებზე მუშაობა და ხალხის გაერთიანება. შეხედეთ ამ, ახლა უკვე ისტორიას, დღევანდელი პრიზმიდან. რეფორმები ქვემოდან - ეს არის ის, რაც გვჭირდება დღეს და ახლა“.

იზიდა ჭანია
იზიდა ჭანია

მოულოდნელად აფხაზი ხალხის გაერთიანებაზე საუბარი დაიწყეს რუსეთშიც, რომლის მედია და ანალიტიკური წრეები ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას წინააღმდეგ აქტიურ პიარკამპანიას აწარმოებდნენ (ადგურ არძინბას ადანაშაულებდნენ ანტირუსულ, პროთურქულ, პროდასავლურ და ნაციონალისტურ განწყობებში), თუმცა არჩევნების დასრულებისა და მათთვის სასურველი კანდიდატის გამარჯვების გაფორმების შემდეგ „გაირკვა“, რომ არც ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი არ ყოფილა ანტირუსი.

ამის შესახებ დაწერა ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლად მივლენილმა რუსმა დეპუტატმა, სერგეი ბაბურინმა, რომლის თქმითაც, ბადრა გუნბას გამარჯვება „რუსეთთან ყოფნის არჩევანია“.

„აქ [აფხაზეთში] არ არსებობენ პროქართველი, პროთურქი, პროჩინელი, პროამერიკელი პოლიტიკოსები. ყველა, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, პროაფხაზი პოლიტიკოსია, ვინც ზრუნავს საკუთარ სამშობლოსა და მის პრობლემებზე. <...> იმედი მაქვს, რომ მათ ესმით, რომ საჭიროა ძალების გაერთიანება აფხაზეთის ერთიანობისთვის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ტურიზმისა და ა.შ. გაძლიერებისთვის და, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების ხარისხობრივად, უფრო მაღალ დონეზე წარმართვა“, - განაცხადა სერგეი ბაბურინმა.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი ბაბურინი (შუაში)
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი ბაბურინი (შუაში)

საერთო იდეების პოვნის აუცილებლობაზე დაწერა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმაც თავის Telegram-არხზე „დონსკოი კაზაკ“:

„აფხაზური სოციუმი და პოლიტიკუმი გაყოფილია. მეორე ტურში გუნბას მხარი დაუჭირა 54 954-მა ამომრჩეველმა, ხოლო არძინბას - 41 708-მა. დიახ, ეს არ არის 2019 წლის არჩევნების დონე (მაშინ რაულ ხაჯიმბამ ალხას კვიცინიას მხოლოდ 1027 ხმით მოუგო)! მაგრამ მაინც, ბალანსი აშკარად არ არის საბჭოთა ტიპის. "მესამე ძალის" მოთხოვნა ჯერჯერობით შეუსრულებელი რჩება.

მეორე ტურში "კანდიდატს ყველას წინააღმდეგ" მხოლოდ 2065-მა ადამიანმა მისცა ხმა. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო რბოლაში გამარჯვებულს მოუწევს ყველა ღონე იხმაროს, რათა გარკვეული საერთო იდეების გარშემო გააერთიანოს როგორც რესპუბლიკის პოლიტიკური ველი, ასევე საზოგადოება. ეს იდეები შეიძლება მოიცავდეს განვითარების ტრაექტორიაზე გასვლას, დეკრიმინალიზაციას, ძალაუფლებისა და მმართველობის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ.“

თუმცა, როგორც „ეხო კავკაზას“ რედაქტორი, დემის პოლანდოვი წერს, დაძაბული არჩევნების შემდეგ რუსეთიდან წამოსულმა შემრიგებლურმა კომენტარებმა და გაერთიანებისკენ მოწოდებებმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, რადგან კრიზისის მიზეზები არ აღმოფხვრილა: რუსეთი აფხაზეთს თავის დღის წესრიგს ახვევს, რაც გამოიხატება უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის, ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზების, რუსი ინვესტორებისთვის უპრეცედენტო შეღავათების დაკანონებასა და უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაში, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით.

წინა მმართველი გუნდის წარმომადგენლის გამარჯვება მხოლოდ გააძლიერებს კრემლის ზეწოლას, რაც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არ შემატებს სტაბილურობას აფხაზეთს, რომლის მოსახლეობამ არაერთხელ ჩამოაშორა პრეზიდენტები ხელისუფლებიდან (მათ შორის, წინა პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც) მასობრივი საპროტესტო აქციებით.

რატომ ვერ შეძლო მოქმედმა ე. წ. ოპოზიციამ გადამდგარი ბჟანიას ჩანაცვლება?

პაატა დავითაიას თქმით, ადგურ არძინბა უთუოდ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა რუსეთის პრინციპული პოზიცია:

„ოპოზიციის გამოსვლებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - საუბარია ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების, აპარტამენტების შესახებ კანონის და ა.შ. გაპროტესტებაზე, - მოჰყვა ასლან ბჟანიას გადადგომა. ამ ფონზე ოპოზიციას ეგონა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ რუსებმა გაუთიშეს დენი, შეუჩერეს ბიუჯეტისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება... აფხაზეთის ბიუჯეტი კი 80% რუსეთიდან ფინანსდება.

რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. ამ ფონზე მოხდა ისე, რომ გაიმარჯვა ისევ ბჟანიას გუნდმა, სინამდვილეში კი - ალექსანდრ ანქვაბის კლანმა. რატომ წააგო ოპოზიციამ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთიდან ხორციელდებოდა ზეწოლა დაფინანსების შეწყვეტის სახით, არამედ დღის წესრიგის გამოც. რა იყო მათი დღის წესრიგი? თვითონ ყოფილიყვნენ მმართველები და, შესაბამისად, ბიუჯეტის ფულის მხარჯველები. ეს იყო მათი დღის წესრიგი, რაზეც რუსებმა უარი უთხრეს“.

პაატა დავითაიას თქმით, რუსეთის ამგვარი ხისტი მიდგომა აფხაზეთის ანექსიის ფაქტობრივ დასაწყისზე მიუთითებს, აკი სერგეი ლავროვმაც, პირველი ტურის შემდეგ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე უთხრა კიდეც ბადრა გუნბას, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც აფხაზეთმა აიღო, უნდა შესრულდესო.

პაატა დავითაია
პაატა დავითაია

„ანექსიის თვალსაზრისით, პრობლემად რჩება ხალხი, თორემ ცხინვალში დიდი ხანია, მზად არიან რუსეთთან მიერთებისთვის, აფხაზეთში კი ეს თემა არ არის ბოლომდე მოგვარებული, - ამბობს პაატა დავითაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში, - მაგრამ, ადრე თუ გვიან, რუსები ამასაც მოაგვარებენ. პირველი შემთხვევაა, როცა მოსკოვმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში დაიწყო ფულის ხარჯვა. სოხუმის აეროპორტი, რკინიგზა... აქამდე მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაში იხარჯებოდა თანხები. ახლა დაიწყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება. ე.ი. გარანტიები აქვთ და მოქმედებენ. ცხადია, ამ ფულს დამოუკიდებელ აფხაზეთს არავინ არ დაუტოვებს. სახეზეა ანექსიის წინაპირობები“.

პაატა დავითაიას თქმით, თბილისმა ვერ გამოიყენა შექმნილი ვითარება, რადგან არანაირი პოლიტიკა არ აქვს აფხაზეთთან მიმართებით:

„იმ დროს, როცა პრაქტიკულად ბლოკადაში ჰყავდათ აფხაზეთი, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა განცხადებები, რომ მზად ვართ უპირობოდ აღვადგინოთ, ავაშენოთ, მივაწოდოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას არ გაგვაკეთებინებდნენ, რადგან იქ ФСБ-ს ძალები დგანან, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ნახავდა, რომ ქართველები, რუსებისგან განსხვავებით, მზად არიან უპირობოდ გვერდში დაგვიდგნენ... ეს მტკივნეული თემაა. ამაზე უნდა ყოფილიყო აქცენტები. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და ჩვენ ვართ მომსწრე ამ არჩევნებით საქართველოს მიწების ანექსიის გაძლიერებისა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG