Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების ცვლილების აფხაზური ფორმულა -"ბრეხალოვკაზე" ყავას ვერ დალევ


ასლან ბჟანია. ილუსტრირებული ფოტო
ასლან ბჟანია. ილუსტრირებული ფოტო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ შეიცვალა ხელისუფლება. კვლავ ვადაზე ადრე და კვლავ უსისხლოდ.

საპროტესტო აქციები ე.წ. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ანქვაბის გადადგომით დასრულდა. დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 19 თებერვლამდე გაიმართება. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ე.წ. პარლამენტმა (სახალხო კრებამ) კენჭისყრის თარიღი უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტის გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა, ხოლო თავად არჩევნები უნდა გაიმართოს უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან სამი თვის განმავლობაში. რომ არა გადადგომა, ასლან ბჟანიას ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის გამო არჩევნები 2025 წლის 23 იანვრიდან 23 მარტამდე პერიოდში დაინიშნებოდა.

ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელმაც თანამდებობა საპროტესტო გამოსვლების გამო ვადაზე ადრე დატოვა.

  • როგორ ახერხებს აფხაზეთის ადგილობრივი საზოგადოება კრიზისის მშვიდობიანად განმუხტვას და ხელისუფლების მორიგ ჯერზე ცვლილებას?
  • სოხუმში მომხდარი მოვლენები ასუსტებს თუ აძლიერებს რუსეთის გავლენას აფხაზეთზე?

ასლან ბჟანიამდე იყვნენ ალექსანდრ ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა. დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლეში საპროტესტო აქციის მონაწილეების შესვლა სამივე გადადგომის საერთო სცენარია. სწორედ ასე განვითარდა მოვლენები ჯერ 2014 წელს, როცა მაშინდელი ალექსანდრ ანქვაბი გადადგა, შემდეგ კი 2020 წელს, როცა მეორე ვადით არჩეული რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა თანამდებობა ვადაზე ადრე დაეტოვებინა. სულ რაღაც ოთხი წლის თავზე, ხაჯიმბასა და ანქვაბის ბედი გაიზიარა ასლან ბჟანიამ, რომელსაც ასევე სამუშაო კაბინეტში შეუცვივდა ხალხი.

2019 წლის სექტემბერში რაულ ხაჯიმბა აირჩიეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით, მაგრამ მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2020 წლის 10 იანვარს აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის მოთხოვნით არჩევნების შედეგები გააუქმა, ორი დღის შემდეგ კი ოპოზიციამ დაიკავა სამთავრობო შენობები. ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო. ხაჯიმბას წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა ასლან ბჟანია, რომელსაც ასევე უჭერდა მხარს დონბასში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონის "პიატნაშკას" მეთაური, ახრა ავიძბა. მაშინ ბჟანია ახალი გამოჯანმრთელებული იყო - იგი საეჭვო ვითარებაში "მოწამლეს" და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში. 2020 წლის 22 მარტს ბჟანიამ გაიმარჯვა განმეორებით არჩევნებში - მიიღო ხმების 56.5% და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. მისმა უახლოესმა კონკურენტმა, ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ ხმების 35.42% მიიღო. არჩევის შემდეგ ასლან ბჟანიამ პირობა დადო, რომ გააღრმავებდა ურთიერთობას რუსეთთან, ითანამშრომლებდა ოპოზიციასთან და ერთმანეთისგან გამიჯნავდა ხელისუფლების შტოებს.

აფხაზური საზოგადოების სწრაფი კონსოლიდაციის ერთგვარმა უნარმა ერთგვარი თეთრი შურიც გამოიწვია ქართული საზოგადოების ნაწილში.

„ვარდების რევოლუციის 21 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ახალი რევოლუცია, ოღონდ ამჯერად დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის აჯანყება რუსული კოლონიზაციის და ასევე სრული უძრაობის წინააღმდეგ“, - დაწერა სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ასლან ბჟანიამ მიიღო ოპოზიციის შეთავაზება და თანამდებობა დატოვა.

ბჟანიას გადადგომის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა, მთავრობის მეთაურად კი - აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა, რომელმაც ალექსანდრ ანქვაბი შეცვლა.

პროტესტის ანატომია

ასლან ბჟანიას მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიცია რეგულარულად აწყობდა საპროტესტო აქციებს, თუმცა კულმინაციად იქცა 2024 წლის 15 ნოემბერს შეკრება სოხუმის ცენტრში, ე.წ. სამთავრობო კვარტალში.

15 ნოემბერს სოხუმში გაიმართა მასობრივი აქცია რუსეთ-აფხაზეთის „საინვესტიციო შეთანხმების“ წინააღმდეგ. ეს შეთანხმება უპრეცედენტო შეღავათებს უწესებს მსხვილ რუს ინვესტორებს (კერძოდ, რუსი ბიზნესი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო, მოგებისა და ქონების გადასახადისგან). განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია შეთანხმების იმ ნაწილმა, რომლითაც აფხაზური მხარე ინვესტორებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემისა და საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას იძლევა. აფხაზეთში მიწის გაყიდვა აკრძალულია, ისევე როგორც აკრძალულია უძრავი ქონების მიყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მსხვილმა რუსულმა ბიზნესმა შეიძლება შეისყიდოს მიწა და უძრავი ქონება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს "მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეების აფხაზეთში ჩასახლებას და დემოგრაფიული ბალანსის მნიშვნელოვნად შეცვლას".

გარკვეულ მომენტში ბჟანიას ხელისუფლებამ უკან დახევა სცადა, გადაწყვიტა გადაედო დე ფაქტო პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსების შენიშნავენ, ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო. შეთანხმების მოწინააღმდეგეთა პროტესტი გაფართოვდა და ბჟანიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს სამთავრობო შენობების გარშემო ერთი წლის წინ აღმართული რკინის ღობეები და დაიკავეს როგორც პარლამენტი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა, რაც, აფხაზეთში ჩამოყალიბებული ტრადიციის შესაბამისად, გარდაუვალი ცვლილებების მანიშნებელი იყო.

ასლან ბჟანია მმართველობის ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად ორ ცეცხლს შუა იყო მოქცეული: საზოგადოების მედგარი წინააღმდეგობის გამო მან ვერ შეძლო რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების (მათ შორის, ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონის) გატანა, შედეგად მოიმდურა როგორც ადგილობრივი საზოგადოება, ასევე რუსი პარტნიორებიც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად რუსეთის პრეზიდენტმა არ მიულოცა აფხაზეთს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც 26 აგვისტოს აღინიშნება.

როგორც ტელეგრამარხი „აფხაზია ცენტრი“ წერს, ადგილობრივი საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდა ისიც, რომ ბოლოს დროს ასლან ბჟანია იქცეოდა „ნამდვილ მეფესავით“, რაც არანაირად არ შეესაბამებოდა აფხაზური საზოგადოების მოლოდინსა და სულისკვეთებას. როგორც აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ამბობს, თავის დროზე ბჟანია ხელისუფლებაში მივიდა როგორც რეფორმატორი, რომელსაც უაღრესად საინტერესო პროგრამა ჰქონდა: აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმა, ძალაუფლების განაწილება, კორუფციასთან ბრძოლა, ცვლილებები ეკონომიკურ და სოციალურ სექტორებში და ა.შ. თუმცა, როგორც ხაშიგი ამბობს, ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეცვალა პატარ-პატარა ე.წ. ხაჭაპურულმა საქმეებმა:

„აფხაზეთი პატარაა. რუსეთში შეიძლება ჩინოვნიკმა მილიარდი მოტეხოს და ვერავინ შეამჩნიოს. აფხაზეთში კი ამან შეიძლება ქვეყანა დაღუპოს“.

ადგილობრივი საზოგადოებისათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა რუსეთის სასარგებლო საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების მცდელობა. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია უკმაყოფილების მძლავრი ტალღა, რომელიც ერთიორად გააძლიერა ოპოზიციის ლიდერების საჩვენებელმა (უხეში ფორმით) დაკავებამ. ბჟანიამ აქაც უკან დახევა ამჯობინა (დაკავებულები მალევე გაათავისუფლა), თუმცა პროცესების შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, 19 ნოემბერს აფხაზეთში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები ადგილობრივ ელიტებს შორის მიმდინარე, მრავალწლიანი კონფლიქტის შედეგია. მორიგ ჯერზე, მოქმედ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი. ექსპერტები დე ფაქტო რესპუბლიკის მომავალ პრეზიდენტად ასახელებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ადგურ არძინბას, რომელმაც 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 34.5% მიიღო.

როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების საკითხებში ოლესია ვართანიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, როგორც წესი, აფხაზეთში ხელისუფლება ერთი და იმავე გზით იცვლება: ხალხი იკრიბება სოხუმის ცენტრში, იკავებს მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია ძირითადი სამთავრობო ინსტიტუტები და აცხადებს თავის მმართველობას.

„ძირითადი მიზეზი, თუ როგორ ახერხებენ აფხაზები სისხლისღვრის გარეშე პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას, როგორ ახერხებენ ისინი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას მშვიდობიანად, მდგომარეობს თვითონ აფხაზური საზოგადოების მოწყობის თავისებურებაში: ეს არის მცირერიცხოვანი საზოგადოება, სულ აფხაზეთში 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რის გამოც ყველა ერთმანეთს იცნობს, აქვთ ძალიან მჭიდრო ნათესაური კავშირები. ამის გამო ძალის გამოყენება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ხედავ ქუჩაში, ვინც შენი თანაკლასელი, მეზობელი ან ნათესავია, ბევრად უფრო რთულია“, - ამბობს ოლესია ვართანიანი, რომლის თქმითაც, აფხაზურ საზოგადოებაში ძლიერია ე.წ. ჰორიზონტალური ურთიერთობები, რაც ღიაობის და გამჭვირვალობის საოცარ განცდას ქმნის:

ოლესია ვართანიანი
ოლესია ვართანიანი

„სახელმწიფო ინსტიტუტები შესაძლოა არ მუშაობენ სათანადოდ, მით უმეტეს არ მუშაობენ ისე, როგორც სახელმძღვანელოებშია აღწერილი, მაგრამ ადამიანი სახლიდან ვერ შეძლებს გასვლას, ან „ბრეხალოვკაზე“ ყავას ვერ დალევს ისე, რომ ვინმემ არ მიახალოს პირში, რომ მოღალატე ან რაღაც ავისმქნელია. მოკლედ, რაღაც დონემდე შეიძლება ატყუებდე ხალხს, დაკავებული იყო რაღაც პოლიტიკური მომენტებით, მათ შორის კორუფციული გარიგებებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს რაღაც მიღებულის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება მოიძულებს და ბოლოს ყველაფერი გადაიზრდება იმაში, რაც ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ სოხუმის ქუჩებში: ხალხი შეიკრიბა და პრეზიდენტის სასახლეში შევიდა“.

ოლესია ვართანიანის თქმით, შემთხვევით არ არის, რომ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება ყოველ ჯერზე სისხლისღვრის გარეშე იცვლება:

„ამის მიზეზი ისაა, რომ აფხაზეთში არ არსებობს მონოპოლია ძალადობაზე. აფხაზეთში ოჯახში ყველას აქვს იარაღი. თუ ვითარების ესკალაციას ახდენ, უნდა იცოდე, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ამის გამო არის, რომ პრეზიდენტის სასახლიდან ადამიანების გამოყვანა არ ხდება ხელების გადაგრეხით. თუ ძალას გამოიყენებენ, ამ ადამიანებთან მალე მივლენ ნათესავები ან სხვა სახით დაკავშირებული ადამიანები და ყველაფერი გადაიზრდება სისხლისღვრაში. რაც გამოიწვევს კიდევ უფრო ღრმა კრიზისს, რომლიდანაც უბრალოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარებით ვერავინ გამოძვრება. ასეთი უცნაური კანონები მოქმედებს, რასაც აქვს დიდი შემკავებელი ეფექტი, დაახლოებით ისე, როგორც ბირთვული იარაღის შემთხვევაშია, ყველა ცდილობს თავი შეიკავოს ესკალაციისგან“.

მოძრაობა სამოქალაქო თანხმობის დამფუძნებლის, შმაგი სამხარაძის თქმით კი, მძიმე დემოგრაფიული პრობლემებისა და გარე საფრთხეების გამო, აფხაზები ყველანაირად ერიდებიან ერთმანეთთან სერიოზულ დაპირისპირებას.

„პატარა საზოგადოებაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს უპირისპირდებიან კლანები (მაგალითად, გუდაუთისა და ოჩამჩირის), მაგრამ რაღაც დონეზე ახერხებენ „დალაგებას“, რადიკალურ გამწვავებაზე არ მიდიან. აფხაზებში ძალიან ძლიერია ეთნიკური ნაციონალიზმი. „აფხაზმა აფხაზს როგორ უნდა ესროლოს?!“ - ეს არ არის ლიტონი სიტყვები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შმაგი სამხარაძე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების უსისხლოდ ცვლილების კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს:

„ბჟანიას ჰქონდა ძალოვნების გაძლიერების მცდელობა, თავისი ჯიბიდანაც გასცემდა დანამატებს და ა.შ. სამთავრობო შენობებიც შემოღობეს, ცრემლსადენი გაზიც შეიძინეს, თუმცა პოლიციას პროტესტთან გამკლავებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ტექნიკა არ აღმოაჩნდა. ასევე აღნიშვნის ღირსია ის, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა რუსეთს ანუ აფხაზმა აფხაზის წინააღმდეგ დაპირისპირებაში სხვა ჩართო. აქამდე საქმე არასოდეს მისულა“.

ცხადია, მოსკოვსაც არ სჭირდება გადატრიალებები მისადმი ლოიალურ აფხაზეთში. კრემლი არ არის დაინტერესებული ელიტების ცვლილებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ღიზიანდება, როცა დაუგეგმავად იცვლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან დალაგებული ურთიერთობები.

მოსკოვის ინტერესები აფხაზეთში თვისებრივად შეიცვალა ჯერ 2014 წელს (ყირიმის ანექსია), შემდეგ კი 2022 წელს (უკრაინაში შეჭრა). რუსეთი, რომელიც 16 წელია არჩენს აფხაზეთს, მეტად მომთხოვნი და მიმწოლი გახდა. სწორედ ამ მრავალმილიარდიანი დოტაციისა და სხვა სახის დახმარებების სანაცვლოდ მოითხოვს მოსკოვი სოხუმისგან მისთვის ხელსაყრელი კანონების მიღებას, რასაც, "სუვერენიტეტის დაცვის" საბაბით, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აფხაზური ოპოზიცია და საზოგადოება. თუმცა, როგორც ოლესია ვართანიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სოხუმში მომხდარი ხელისუფლების მორიგი ცვლილება უფრო გააძლიერებს, ვიდრე დაასუსტებს რუსეთის გავლენას აფხაზეთზე

„ვინც უნდა მივიდეს აფხაზეთის ხელისუფლებაში, არსებითად ვერ შეცვლის მოსკოვის დამოკიდებულებას. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარკვეულ ცვლილებებს, პირობების შექმნას ადგილზე და მისი მოთმინებაც ნელ-ნელა იწურება. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებში, არ მგონია, რომ ამან არსებითი გავლენა იქონიოს რუსეთის დამოკიდებულებაზე. რაღაც ნიუანსები შეიძლება იყოს, რაღაც შეიძლება შეიცვალოს აფხაზეთის შიგნით ახალი ხელისუფლების ფორმირების პროცესში, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება სიტუაციური, არა არსებითი ცვლილებები. რუსეთის მზარდი გავლენის თვალსაზრისით არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ“.

ადგილობრივი ანალიტიკოსების ვარაუდით, დე ფაქტო რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა გახდება. ამ ვარაუდს იზიარებს შმაგი სამხარაძეც, რომლის თქმითაც, ახალ ე.წ. პრეზიდენტსაც, სავარაუდოდ, წინამორბედების გზის გავლა მოუწევს.

„მიუხედავად გაკეთებული განცხადებისა, არ მგონია, რომ ბჟანიამ კენჭი იყაროს. რომც იყაროს, გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნება. ე.წ. პრეზიდენტი სავარაუდოდ ადგურ არძინბა გახდება, რომელიც ძალიან ფრთხილია რუსეთთან მიმართებით და ოპოზიციის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სულ აფიქსირებს რუსეთისადმი თავის ლოიალურ განწყობას. ბჟანიას იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ის ჯერ მოსკოვთან ათანხმებდა საკითხებს და მხოლოდ შემდეგ ცდილობდა ადგილზე დალაგებას. მე პირიქით ვიზამო, ბევრჯერ უთქვამს, ჯერ ადგილზე დავალაგებ და მერე წავალ მოსკოვში მოსალაპარაკებლადო. თუმცა, ცხადია, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს და არაფერს არ შეცვლის. აფხაზებმა მინიმუმ ის მოახერხეს, რომ დრო მოიგეს: ვიდრე არჩევნები არ გაიმართება და ახალი მთავრობა არ დამტკიცდება, არაფერი შეიცვლება. 3-4 თვით გადაიწია შეთანხმების რატიფიცირებისა და კანონების მიღების საკითხის განხილვამ. გაზაფხულზე აფხაზები ამავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან და საინტერესოა როგორ გაუმკლავდებიან ისინი ზეწოლას ახალ ვითარებაში“, - უთხრა შმაგი სამხარაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG