Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის სახლში ნაპოვნი დოკუმენტები და „საქართველოს კონსტიტუცია“ ბჟანიას მაგიდაზე


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლის აღების შემდეგ თვითაღიარებული ხელისუფლების კაბინეტებში სხვადასხვა დოკუმენტი იპოვეს და ინტერნეტით გამოაქვეყნეს. მათი ნამდვილობის გადამოწმება „ეხო კავკაზას“ არ შეუძლია, თუმცა, ამ საბუთებიდან ბევრი სავსებით ავთენტიკურად გამოიყურება.

არაერთხელ მომხდარა, რომ აფხაზი უფლებადამცველები, ოპოზიციონერები და ჟურნალისტები ე.წ. საზღვარზე შესამოწმებლად შეუფერხებიათ. ფსოუს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბევრ მათგანს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ და ჩხრეკდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ზეწოლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მოდიოდა. ეჭვი მაშინ დადასტურდა, როცა ოპოზიციის მხარდამჭერებმა ე.წ. მთავრობის შენობა აიღეს და იქ საინტერესო დოკუმენტები იპოვეს. ერთ მათგანს „D News აფხაზია“ აქვეყნებს:

„რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით 2024 წლის 15 თებერვლამდე შეიქმნას ღონისძიებათა რეგლამენტი, აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დესტრუქციულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ქმედებას ახორციელებენ.

[ღონისძიებები უნდა გატარდეს] რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას. მიეწოდოს ინფორმაცია რუსეთის უშიშროების სამსახურსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიღებული ზომების შესახებ“.

დოკუმენტს ხელს აწერენ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი დ. ნანბა და აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი რუსეთში ა. კვიწინია.

„როდესაც აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარზე მასობრივად აფერხებდნენ და ისინიც გინდა მხარდაჭერისთვის, გინდა ვითარებაში გასარკვევად საკუთარ ხელისუფლებას მიმართავდნენ, ყველა იტყუებოდა - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი თუ პრეზიდენტი. მათ თავად ჩააბარეს თავიანთი მოქალაქეები. უნდა გასამართლდნენ ამის გამო“, - ასე გამოეხმაურა ამ დოკუმენტს თავის ტელეგრამარხზე „ჩეგემსკაია პრავდის“ რედაქტორი ინალ ხაშიგი.

ასლან ბჟანიას მიმართ არალოიალურად განწყობილთა სიაში აფხაზეთის ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტი ეწერა, მათ შორის - „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი იზიდა ჭანია, მან ამის შესახებ თავის ბლოგში დაწერა.

იქ აღმოაჩინეს პოტენციური „აგენტებიც“ - საბანკო ანგარიშების ამონაწერით, პირადი მონაცემებითა და საბუთებით (მათ შორის, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებიდან).

კიდევ ერთი რამ, რასაც რეზონანსი მოჰყვა, პრეზიდენტის გაჩუქებული იარაღია. როგორც აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ე.წ. ყოფილი მინისტრი ადგურ არძინბა აღნიშნავს, ბჟანიას ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში 500-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი გააჩუქეს.

დამოუკიდებელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ სასაჩუქრე იარაღი ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ადამიანს ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის საზეიმოდ უნდა გადაეცეს. მაგრამ, ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, ეს საჩუქრები ქრთამის სახით ურიგდებოდათ ადგილობრივ ჩინოვნიკებსა და იმ ცნობილ ადამიანებსა და რუს მუსიკოსებს, რომლებიც არცთუ მცირე თანხის საფასურად აფხაზეთში კონცერტის გამართვას თანხმდებოდნენ.

„საინტერესოა, აფხაზეთის წინაშე რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა ბჟანიამ პისტოლეტით მარგარიტა სიმონიანის ქმარი, რეჟისორი ტიგრან კეოსაიანი?“ - კითხულობს საინფორმაციო პორტალი „აიაშარა“.

დაჯილდოებულებს შორის აღმოჩნდა უკრაინის მიერ სანქცირებული რეპერი ვასილი ვაკულენკო, ფსევდონიმით ბასტა. მას საჩუქრის გარდა აფხაზეთში „დამოუკიდებლობის დღეს“ ჩატარებული კონცერტისთვის მსუყე ანაზღაურებაც ერგო - 20 მილიონი რუბლი.

დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები „დამოკიდებულ ჟურნალისტებზე“, რომლებიც ასლან ბჟანიას იდეებს პოპულარიზაციას უწევდნენ. „აფხაზური პორტალის“ ინფორმაციით, ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი იყო „საინფორმაციო ცენტრი“, 8 თვის განმავლობაში 8 მილიონი რუბლის ბიუჯეტით. ცენტრს 2025 წლის თებერვლამდე უნდა ემუშავა, მას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მილანა ხაშბა.

„პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი ჰონორარებს უხდის ექსპერტებს, ანალიტიკოსებსა და კომენტატორებს. ისინი კი ჩვენი და თქვენი ფულით ბჟანიას იმ ინიციატივებს იცავენ, რომლებიც ხალხს ამცირებს და აფხაზეთის დამოუკიდებლობას სპობს“, - წერს „აფხაზური პორტალი“.

„D News აფხაზია“ აქვეყნებს დოკუმენტს სათაურით „პრიორიტეტული ამოცანების ნუსხა (აფხაზეთის რესპუბლიკა)“. მასში ნათქვამია „რუსეთის მოქალაქეებისთვის საცხოვრებლის შესყიდვის უფლების მინიჭების შესახებ“ და „ენერგეტიკის სფეროში რუსული ინვესტიციების განხორციელებაზე აკრძალვის მოხსნის შესახებ“. ბოლო, მე-16 პუნქტი ითვალისწინებს „რეპატრიანტებისთვის (თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან) აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამკაცრებას“.

„ანუ ექსპრეზიდენტს სურდა, ათობით ათასი უცხოელი აფხაზეთში ჩამოესახლებინა [რუსეთიდან], ჩვენი ძმებისთვის და დებისთვის კი მოქალაქეობის მოპოვება გაერთულებინა“, - წერს „D News აფხაზია“.

დოკუმენტში საუბარია „აპარტამენტების კანონზე“, რომელიც აფხაზეთში 10 000 აპარტამენტის აშენებას გულისხმობს უცხოეთის მოქალაქეებისთვის მისაყიდად. 17-18 ივლისში სოხუმში ამ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. დოკუმენტი უკან გაიწვიეს, მაგრამ შემდეგ უკვე სხვაგვარად „შეკმაზული“ შემოიტანეს, როგორც რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულება.

მღელვარება ამასაც მოჰყვა. მოსკოვმა გადაწყვიტა აფხაზეთისთვის დაფინანსება ნაწილობრივ შეეჩერებინა. ეს შეეხოთ ძალოვან სტრუქტურებს, მასწავლებლებსა და ექიმებს. თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლება დღეს პენსიებს წვალებით არიგებს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ რთულ დღეში რთული გადაწყვეტილებები ბჟანიას მთავრობაში მხოლოდ მოსახლეობას ეხება. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს მდიდრული ბანკეტისგან თავი არ შეუკავებიათ. ნადიმის ხარჯებმა, რომელიც ინტერნეტით გამოაქვეყნეს, ბევრი აღაშფოთა.

ჟურნალისტები წერენ ასლან ბჟანიას პირად ინტერესებზეც. დოკუმენტში (2023 წლის 7 დეკემბერი) ბჟანია პუტინს სთხოვს, შესაბამის ორგანოებს დაავალოს, გასცენ ნებართვა მის მანქანაზე სპეციალური სიგნალების დაყენების შესახებ. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ მანქანაზე ლურჯად მოციმციმე მაშუქი ანთია, შეუძლია არ შეჩერდეს შუქნიშანზე და საგზაო მოძრაობის სხვა წესებსაც ყურადღება არ მიაქციოს.

ფუფუნება და კომფორტი ექსპრეზიდენტის ერთადერთი სუსტი წერტილი არ აღმოჩნდა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასლან ბჟანიას სამაგიდო წიგნებსაც. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს კონსტიტუცია იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG