Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ციმციმა" მოსკოვის ავტომობილზე - სოხუმში მოლაპარაკებები დაიწყო, ბჟანია ტამიშში რჩება


სოხუმში შედარებით მშვიდი უქმეების შემდეგ, ორშაბათს, 18 ნოემბერს, არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.
სოხუმში შედარებით მშვიდი უქმეების შემდეგ, ორშაბათს, 18 ნოემბერს, არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

18 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში მდებარე თითქმის ყველა სამთავრობო შენობა დაიკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია კვლავინდებურად სოფელ ტამიშში იმყოფება და იქიდან ცდილობს პროცესების მართვას.

სოხუმში შედარებით მშვიდი უქმეების შემდეგ, ორშაბათს, 18 ნოემბერს, არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა:

კრემლმა, პუტინის პრესმდივნის პირით, მიანიშნა, რომ აფხაზეთში ხელისუფლების მკვეთრ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს. „მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. აფხაზეთში პუტინის წარმომადგენლის ეს განცხადება ასე გაიგეს: ყველაფერი ან რჩება ისე, როგორც არის, ან გაიმართება არჩევნები, ხოლო ვისაც პრეზიდენტად არჩევა უნდა, მან მოსკოვთან უნდა მოილაპარაკოს.

დმიტრი პესკოვის ამ განცხადების გარდა ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა 18 ნოემბერს ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ექვსი თვით ადრე მიიწვია 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ცხადია, ბჟანიას გუნდმა ეს ცნობა გაავრცელა კრემლის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით.

მოსკოვის მხარდაჭერის გარდა, ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, ასლან ბჟანიამ ასევე მოახერხა კონტროლის შენარჩუნება ცენტრალურ ტელევიზიაზე, რაც აფხაზეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და იდეოლოგიური ფაქტორია. ბჟანიამ და მისმა მხარდამჭერებმა დათმეს სამთავრობო შენობები და მთელი კვარტალი, მაგრამ შეიარაღებული დაცვით უზრუნველყვეს მათი მხარდამჭერი ცენტრალური რადიო-ტელეკომპანია.

18 ნოემბერს ე.წ. ოპოზიცია კვლავ მოითხოვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის განეიტრალებას, რადგან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მასში ხედავს ადმინისტრაციული რესურსის საფრთხეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებით, უთანხმოების ქვაკუთხედად კვლავ რჩება პრემიერ ანქვაბის საკითხი: „ოპოზიცია მის გადადგომას მოითხოვს, ხელისუფლება კი არ თმობს. სხვა თითქმის ყველა საკითხებზე მიღწეულია კომპრომისი“, - განაცხადა ადგურ არძინბამ.

აფხაზი მიმომხილველები იმასაც შენიშნავენ, რომ თუ საპროტესტო აქციების საწყის ეტაპზე მომიტინგეების ლიდერებად გვევლინებოდნენ ლეუან მიქაა და კან კვარჩია, ახლა პრესასთან ოპოზიციის სახელით ურთიერთობს ადგურ არძინბა. მათი ვარაუდით, ეს იმას ნიშნავს, რომ მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლებელია შემდეგი კონფიგურაცია ვიხილოთ: ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი - ადგურ არძინბა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი - ლეუან მიქაა, კან კვარჩია კი, დიდი ალბათობით, ან მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ან კვლავ სოხუმის მერი გახდება.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერი ადგურ არძინბა
„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერი ადგურ არძინბა

რა გავლენას მოახდენს მიმდინარე მოვლენები სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობაზე? აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში ოლეგ ბარციცი დარწმუნებულია, რომ არსებითად არაფერი შეიცვლება:

„აფხაზეთი ახლა ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს 2025 წლის თებერვალ-მარტში. ასეთ პერიოდებში პოლიტიკურ აქტორებს შორის რიტორიკა მწვავდება, კეთდება რადიკალური და ხმამაღალი განცხადებები, თუმცა, არავის ვურჩევ შიდაპოლიტიკური უთანხმოების გადატანას ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე. აფხაზეთი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კვლავაც დარჩეს სანდო და სოლიდურ პარტნიორად. ბოლო დროს გავრცელდა ნარატივები, რომ საზოგადოების ნაწილის ან ექსპერტების უკმაყოფილება მიუთითებს აფხაზეთში ანტირუსული განწყობების არსებობაზე. ეს არასწორია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: აფხაზეთში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება დესტრუქციული რუსეთის ფედერაციის მიმართ. როგორც ადრე, ახლაც ერთგული ვართ სამოკავშირეო ვალდებულებებისა და შეთანხმებებისა. სხვა საქმეა, რომ გარკვეული დებულებები გულდასმით, პატიოსნად და ღიად უნდა იყოს შემუშავებული, რათა შემდეგ ორმხრივად მისაღები და ურთიერთსასარგებლო შეთანხმებები გაფორმდეს“.

თუმცა რუსული პროპაგანდისტული მედია ვერ მალავს გაღიზიანებას ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის გამო. „კომსომოლსკაია პრავდას“ მიხედვით, აფხაზეთში ამჟამად სამი ხელისუფლებაა:

  • ქუჩიდან მოსული, ადგურ არძინბას მეთაურობით, რომელიც განთავსებულია ხელში ჩაგდებულ პრეზიდენტის სასახლეში და, რომელიც ამბობს, „მე ვარ აქ ხელისუფლებაო".
  • ბოლომდე „ვერდამხობილი“ - ანუ პრეზიდენტი ბჟანია, რომელიც ზის საგვარეულო სოფელ ტამიშში, მისსავე საოჯახო „საპრეზიდენტო სასტუმროს“ მახლობლად, სადაც სტუმრობენ მას მინისტრები და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები.
  • „საიდუმლო“ - რომელზეც მხოლოდ ჩურჩულებენ და, რომელიც შესაძლოა მოსკოვის მიერ უკვე შერჩეული აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტია.

„რა მოხდება, თუ ეს ბატალიონ „პიატნაშკას“ (სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართული ინტერნაციონალური ბრიგადის) მეთაური ახრა ავიძბაა? ის, რუსეთის არმიის ოფიცერი და აფხაზია, მოულოდნელად ჩავიდა სოხუმში და ამბოხებულთა მხარე დაიჭირა. რით არ არის მომავალი აფხაზი კადიროვი?“ - კითხულობს რუსული გამოცემა.

ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი, გამოცემა „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს, რომ ბჟანიას ხელისუფლებას პრობლემები აქვს არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან, არამედ მთელ ხალხსა და კანონთან. ხაშიგი ამას ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამბობს:

„როგორც ჩანს, ოპოზიცია ფუჭად არ კარგავს დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფნისას. ჩემი ინფორმაციით, ოპოზიციას ხელი მიუწვდება იქ შენახულ ყველა დოკუმენტაციაზე. საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში უზარმაზარ საზოგადოებრივ რეზონანსს გამოიწვევს. აქვეა ისეთი საქმეებიც, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლი შეიძლება მიუსადაგონ. რა თქმა უნდა, ოპოზიცია მოქმედ გენერალურ პროკურორს არაფერს მიაწვდის, რადგან ის დანაშაულის შემადგენლობას მაინც ვერ შეამჩნევს, მაგრამ მომდევნო პროკურორს გვარიანი ოფლის ღვრა მოუწევს“.

ინალ ხაშიგი
ინალ ხაშიგი

საუბარია დე ფაქტო პრეზიდენტის კანცელარიიდან გამოტანილ სამუშაო დოკუმენტებზე („პირველი რიგის ამოცანების ჩამონათვალი“), რომლებიც შეეხება ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების რეგულაციებს.

„თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან რეპატრიანტებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკის გამკაცრება! - ასეთია სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ექსპრეზიდენტი ასლან ბჟანია 2023 წლის 1 იანვრიდან აპირებდა! ანუ, ექსპრეზიდენტს სურდა ათიათასობით უცხოელი დაესახლებინა აფხაზეთში, მაგრამ ჩვენი და-ძმებისთვის მოქალაქეობის მიღება გაერთულებინა“, - წერს ერთ-ერთი აფხაზური ტელეგრამარხი.

ოპოზიციის მიერ ბჟანიას კანცელარიაში მოპოვებული დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი და მისი გარემოცვა უზარმაზარ საბიუჯეტო თანხებს ხარჯავდა ბანკეტებზე, მივლინებებზე, გართობაზე, ავტომობილების შეძენაზე.

„ასლან ბჟანია საჩუქრებად არიგებდა ასობით პერსონალურ პისტოლეტსა და აფხაზეთის მოქალაქეობას. ზოგიერთი დოკუმენტი უკვე ინტერნეტშია და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. იმ სასაცილო დოკუმენტებს შორის, რომლებმაც ინტერნეტში გაჟონა, გამორჩეულია თხოვნა რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ ასლან ბჟანიას მიეცეს ნებართვა მოსკოვის ავტომობილზე დააყენოს "ციმციმა"“, - წერს აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ასლან ბჟანია ვერანაირი გზით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG