Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის აღებიდან ერთი წლის შემდეგ, სომხები და აზერბაიჯანელები კვლავ სახლზე ოცნებობენ


ეთნიკურად სომეხი ლტოლვილები მთიანი ყარაბაღიდან 2023 წლის 26 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე, სოფელ კორნიძორში სატვირთო მანქანებით ჩავიდნენ. ფოტო: ირაკლი გედენიძე (Reuters)
ეთნიკურად სომეხი ლტოლვილები მთიანი ყარაბაღიდან 2023 წლის 26 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე, სოფელ კორნიძორში სატვირთო მანქანებით ჩავიდნენ. ფოტო: ირაკლი გედენიძე (Reuters)

ერევანი/პირშაღი - ერთი წლის წინ, როცა თათევიკ ხაჩატრიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი და მასთან ერთად ყველაფერი დაეტოვებინა, ვასილა მამედოვას იმედი ჰქონდა, რომ 30 წლის წინ დაკარგულ საკუთარ სახლსა და მასთან ერთად ყველაფერს დაიბრუნებდა.

2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის, - ტერიტორიის, რომელიც მან სომხურ ძალებთან 1990-იან წლებში დაკარგა, - დაბრუნების მიზნით შეტევა დაიწყო. ყარაბაღის სომხური დე ფაქტო ხელმძღვანელობა 24 საათში დანებდა. რამდენიმე დღეში კი თითქმის მთლიანმა მოსახლეობამ, პრაქტიკულად, ყველა ეთნიკურად სომეხმა ადამიანმა, ტერიტორია დატოვა. მათ შორის იყო ჟურნალისტი თათევიკ ხაჩატრიანიც, ქმარ-შვილთან ერთად.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ტერიტორია მეორედ დაიცალა მთლიანი ეთნიკური ჯგუფისგან. 1990-იან წლებში, როდესაც სომხურმა ძალებმა პირველი ომი მოიგეს, ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა. გაქცეულთა შორის იყვნენ მამედოვა და მისი ოჯახი, ფერმერები სოფელ ხოჯალიდან (სომხებისთვის - ხოჯალუდან) - ადგილიდან, სადაც პირველი ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა.

ვასილა მამედოვა
ვასილა მამედოვა

ერთი წლის შემდეგ, აზერბაიჯანი დაბრუნებული ტერიტორიების აღადგენასა და ხალხის ჩასახლებას ცდილობს. განვითარებული მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, მამედოვა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბაქოდან 30 კილომეტრში მდებარე პირშაღის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, მთავრობის მიერ დაფინანსებული ვიზიტის ფარგლებში, ხოჯალის ეწვია.

„ხოჯალი მოჩვენებების ქალაქად წარმომედგინა, სადაც მოკლული ადამიანების აჩრდილები ზეცაში დაფრინავდნენ. მეგონა, რომ სადაც არ უნდა ამოგეთხარა, მიწის ზედაპირზე ხალხის ძვლები ამოვიდოდა“, - გვეუბნება იგი.

„მაგრამ პირველი ვიზიტით განსხვავებული, ძირითადად დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი ახალი შენობა აშენდა. ყველაფერი შეიცვალა“.

მამედოვა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს აქ საცხოვრებლად დაბრუნდება.

ამასობაში, ყარაბაღიდან გამოქცეული სომხები დაკარგული ცხოვრების აღდგენას ცდილობენ. ხაჩატრიანი და მისი 6-სულიანი ოჯახი ერევნის შორეულ გარეუბანში ცხოვრობს, ბინაში, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გარემონტებულა. და, მაინც, ქირის გადახდა მათთვის გამოწვევაა. შთაბეჭდილება მრჩება, სომხეთის ხელისუფლება ხალხს ივიწყებსო, გვეუბნება.

„ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, სომხეთში გლოვის დღეც კი არ გამოცხადდა. არ არსებობს არც ხსენების და არც ზეიმის დღე არცახის შესახებ“, - ამბობს და ყარაბაღის ნაცვლად მის სომხურ დასახელებას იყენებს. „როგორც ჩანს, ისინი არცახის რესპუბლიკაზე საუბრის შეწყვეტას აპირებენ“.

ყარაბაღის აღდგენა

მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ მისი მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტი ეთნიკურად სომეხი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიის გამო ომი დაიწყო და სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა კონტროლის ხელში ჩაგდება მოახერხეს. მათ ასევე კონტროლი დაამყარეს რეგიონის შვიდ მიმდებარე - თითქმის მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ - აზერბაიჯანულ რაიონზე, რამაც 600,000-ზე მეტ ადამიანს გაქცევა აიძულა.

​სომეხი ლტოლვილები ტოვებენ აზერბაიჯანის სოფლებს 1988 წლის დეკემბერში, მთიანი ყარაბაღის ომის დროს.
​სომეხი ლტოლვილები ტოვებენ აზერბაიჯანის სოფლებს 1988 წლის დეკემბერში, მთიანი ყარაბაღის ომის დროს.

კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურმა ძალისხმევამ დიდი პროგრესი ვერ მოიტანა. ორ მხარეს შორის 2020 წელს კიდევ ერთი ომი გაჩაღდა, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა - მანამ, სანამ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდო. ამის შედეგად სომხეთმა კონტროლი დაკარგა რეგიონის დიდ ნაწილსა და შვიდ მიმდებარე ოლქზე. ორმა მხარემ კონფლიქტის სრულად მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა 2023 წელს, მოლაპარაკებებით უკმაყოფილო აზერბაიჯანმა ერთდღიანი შეტევა წამოიწყო, რაც ყარაბაღის მმართველობის სრული დანებებითა და ასი ათასი ეთნიკურად სომეხის გამოსახლებით დასრულდა.

ყარაბაღის გარშემო მდებარე შვიდი რაიონის რეკონსტრუქცია აზერბაიჯანმა 2020 წელს დაიწყო, თუმცა ეს პროცესი 1990-იან წლებში განდაგურებული ყოფილი ქალაქებისა და სოფლების მდგომარეობამ და იმანაც გაართულა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაღმული იყო. ყარაბაღის ის ნაწილები, რომლებიც აზერბაიჯანმა 2023 წელს დაიბრუნა, მეტწილად დასახლებული იყო, ამიტომ ინფრასტრუქტურა ძირითადად დაუზიანებელი იყო და გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია მის გადასაკეთებლად.

ყარაბაღის ახალი უნივერსიტეტის გასახსნელად მუშებმა „არცახის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ყოფილ შენობებზე დატანილი სომხური წარწერები წაშალეს (საბჭოთა მმართველობისას აქ სტეფანაკერტის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი იყო). მათ დაანგრიეს ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების აშენებული ისეთი შენობები, როგორებიცაა დე ფაქტო პარლამენტის შენობა და ვეტერანთა დარბაზი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2024 წლის მარტში, ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნავად ამ ორი შენობის დანგრევა აღნიშნა. „აქ სეპარატისტთა კვალი აღარ არის“, - თქვა მან. „ნოვრუზის კოცონი [აქაურობას] საბოლოოდ წმენდს“.

სხვა შენობები ასე დემონსტრაციულად არ დაუნგრევიათ. პირიქით.

თათევიკ ხაჩატრიანი
თათევიკ ხაჩატრიანი

სატელისტური ფოტოები, რომლებიც Caucasus Heritage Watch-მა (აკადემიური ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ბედს) შეისწავლა, ადასტურებს ქალაქ შუშაში (სომეხებისთვის შუშში) მდებარე მე-19 საუკუნის სომხური ეკლესიის განადგურებას. როგორც ორგანიზაცია იტყობინება, განადგურებულია სომხური კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიც, რომლებიც აზერბაიჯანის ამბიციური გზის პროექტს უშლიდა ხელს.

სწრაფი მშენებლობის მიუხედავად, ყარაბაღის „რეპოპულაცია“ ნელა მიმდინარეობს. აზერბაიჯანის სახელმწიფო მოხელეების თანახმად, ივლისის ბოლოსთვის, 8000-მდე დევნილი დაბრუნდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აზერბაიჯანმა 2020 წლიდან დაიბრუნა - უმეტესობა მთიანი ყარაბაღის გარეთ მდებარე რაიონებში. კიდევ 3000-მდე ადამიანი რეგიონის მთავარ ქალაქში - ხანქენდიში, რომელსაც სომხები სტეფანაკერტს უწოდებენ - გადავიდა სამუშაოდ, მათ შორის ხანქენდის უნივერსიტეტშიც, სადაც შემოდგომის სემესტრში 1100 სტუდენტისთვის სწავლების დაწყებაა დაგეგმილი.

ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი, რომელიც წარსულში აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული და რომელიც აზერბაიჯანმა 2023 წელს დაიბრუნა, ხოჯალი, მამედოვას მშობლიური სოფელი იყო. ივნისის მდგომარეობით, სოფელში 50 ოჯახი დაბრუნდა. სახელმწიფო მოხელეები კიდევ 228 ოჯახს დაჰპირდნენ, რომ წლის ბოლოს დაბრუნდებოდნენ.

რეკონსტრუქციის პროცესს კორუფციის, არაეფექტიანობისა და მცხოვრებთა სურვილის გაუთვალისწინებლობის შესახებ კრიტიკა გასდევდა. ალიევი ხოჯალის მაისში, ახალი მრავალსართულიანი კომპლექსის საჩვენებლად ეწვია. მაგრამ მამედოვას სოფლის ის ცხოვრება სურს, რომელიც მას ადრე ჰქონდა.

მათი სახლის საძირკველი ჯერ კიდევ დგას - მისი ვაჟი ხოჯალის 2023 წლის სექტემბრის თავდასხმის შემდეგ ეწვია და ეს თავად იხილა. მაგრამ როდესაც ოჯახი თვეების შემდეგ აქ ისევ დაბრუნდა, სახლის ადგილას მშენებლობა დახვდათ გაჩაღებული. მხოლოდ თხილის რამდენიმე ხე იყო შემორჩენილი.

ხალხი შადრევნის გარშემო. 2022 წლის ივლისი. სოფელი აღალი. შადრევანი აზერბაიჯანმა ხელახლა ააშენა წარსულში ეთნიკურად სომხური ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ხალხი შადრევნის გარშემო. 2022 წლის ივლისი. სოფელი აღალი. შადრევანი აზერბაიჯანმა ხელახლა ააშენა წარსულში ეთნიკურად სომხური ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„ეს არ მომეწონა და მთავრობას ჩვენი ეზოს დაბრუნება ვთხოვე“, - თქვა მან. „მაგრამ გვითხრეს, რომ ქალაქი მთავრობის გეგმის მიხედვით აშენდება და მსგავსი ზომის მიწის ნაკვეთს მოგვცემდნენ ხოჯალის სხვა ნებისმიერ ნაწილში“.

ის, რასაც ხელისუფლება აშენებს, „ლამაზია, მაგრამ ერთი ქათმის ყოლის საშუალებასაც არ გვაძლევენ… მოსკოვში კი არ ვცხოვრობდით, სოფელ ხოჯალიში ვცხოვრობდით“, - თქვა მან და პირშაღში თავისი ეზოსკენ გაგვახედა: „ხედავთ, რამდენი ქათამი მყავს აქ?! კვერცხში ფულს არ ვიხდი, ქათამს ვკლავ, ბავშვები ჭამენ. გვინდა, იქაც ასე იყოს, მაგრამ ამის პირობები არ არის“.

ლტოლვილად ცხოვრება

გასული წლის თავდასხმის შემდეგ 100 000-ზე მეტმა ეთნიკურად სომეხმა ყარაბაღელმა შეაფარა თავი სომხეთს. მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილთა რაოდენობა სომხეთის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 4%-ს შეადგენდა, ისინი მარტივად მიიღეს - ზოგი ნათესავებთან რჩებოდა, ზოგმა საცხოვრებელი იქირავა, ზოგიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ ლტოლვილთა საცხოვრებლებში დაბინავდა.

მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილი ქალი სომხეთში პურის მცხობელად მუშაობს.
მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილი ქალი სომხეთში პურის მცხობელად მუშაობს.

თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ყარაბაღელ ლტოლვილებს შორის ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა მათი მომავლის შესახებ. მთავრობამ განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ლტოლვილებისთვის ქირაზე სუბსიდიებს შეაჩერებს. მან ასევე ისაუბრა ლტოლვილებისთვის ერთჯერადი დახმარების მიცემის შესახებაც, რაც ლტოლვილებს სახლების შეძენაში დაეხმარებოდათ. ამ გადაწყვეტილებამ კრიტიკა გამოიწვია.

ხაჩატრიანმა, რომელიც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიდეოპოდკასტს უძღვება, თქვა, რომ მის ოჯახს რაიმე თანხის მიღების უფლება პროგრამის მესამე ფაზამდე, ანუ 2027 წლამდე, არ ექნება.

„ხალხმა მთლიანად დაკარგა რწმენა [მთავრობისადმი] და შეეგუა იმ ფაქტს, რომ ეს ასეა“, - თქვა მან. „ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანებს ემიგრაციაში წასვლა მოუწევთ, რადგან ტიხორეცკში [რუსეთში, კრასნოდარის მხარეში] სახლის დაქირავება უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში“.

ყარაბაღელი ლტოლვილები სოციალურ დისკრიმინაციასაც აპროტესტებენ. განსაკუთრებით გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ისინი ტვირთად იქცნენ ისედაც არასაკმარისი რესურსების მქონე ქვეყნისთვის. „აშკარა დისკრიმინაციაა არცახიდან დევნილების მიმართ“, - თქვა ხაჩატრიანმა. „ამას მედიის, ხელისუფლების პროპაგანდა კვებავს, თითქოს „ჩვენ ვაძლევთ ამასა თუ იმას არცახელებს“, როდესაც სინამდვილეში არაფერს გვაძლევენ“.

10 ათასზე მეტმა ლტოლვილმა სომხეთი უკვე დატოვა. ბევრიც რუსეთისკენ მიემართება. მიუხედავად ამისა, ხაჩატრიანი სომხეთში დარჩენას აპირებს, თუ ამის საშუალება ექნება. „ეს ჩვენი სამშობლოა და ბევრად უფრო ადვილია აღმოჩნდე შენს ენობრივ და კულტურულ გარემოში, ვიდრე უცხო ქვეყანაში“, - ამბობს ის.

ლტოლვილები და სხვა სომხები მთავრობის გულგრილობით, რომელსაც ის ყარაბაღელი სომხების უკან დასაბრუნებლად იჩენს, იმედგაცრუებული არიან.

შეერთებული შტატების, ევროპისა და რუსეთის სახელმწიფო პირები თავიანთ განცხადებებში, კონფლიქტის მოგვარების თაობაზე საუბრისას, მიუთითებენ სომეხი მოსახლეობის უფლებაზე, დაბრუნდნენ სახლში, ყარაბაღში. თუმცა თავად სომხეთის ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაასხა ამ შესაძლებლობას, - ამბობს, რომ ეს მხოლოდ შიდაპოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგშია.

„ყველა, ვინც ცდილობს მთიანი ყარაბაღის ხალხის დარწმუნებას, რომ დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს, არის ავანტიურისტი, რომელიც ცდილობს სომხეთში დაძაბულობის შექმნას ... რათა სომხეთს კისერზე ახალი პოლიტიკური ყულფი მოახვიონ“, - ეუბნება რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატი, არტურ ჰოვანესიანი.

აზერბაიჯანელი ლტოლვილი ოჯახი, წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან, ცხოვრობს საწყობში, ბაქოში. 2016 წელი.
აზერბაიჯანელი ლტოლვილი ოჯახი, წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან, ცხოვრობს საწყობში, ბაქოში. 2016 წელი.

სომხეთის მთავრობის მიერ ყარაბაღელი სომხების დაბრუნების უფლებაზე უარის თქმამ აზერბაიჯანი წაახალისა, სრული სისწრაფით განაგრძოს ყარაბაღის განსახლება, მათ შორის, წარსულში სომხებით დასახლებული ისეთი ტერიტორიებისა, როგორიცაა სტეფანაკერტიო, ამბობს ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო მთავრობის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენი გეღამ სტეპანიანი.

„მათ მთლიანად დახურეს ეს თემა. ეს რომ არ გაეკეთებინათ, დღეს [აზერბაიჯანელები] არ დაიწყებდნენ სტეფანაკერტის ასეთი სწრაფი ტემპით დასახლებას და არ დაანგრევდნენ სტეფანაკერტის მცხოვრებლების სახლებს“, - თქვა მან ადგილობრივ საინფორმაციო ვებსაიტთან, Armenia Today-სთან ინტერვიუში.

ბუნდოვანი მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მთავრობა შესაძლოა საკითხის დახურვას ცდილობდეს, ლტოლვილებს შორის ეს თემა კვლავ ღიაა. გადასახლების პირველ დღეებში ლტოლვილები საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ სომხეთში მსგავსი რთული ვითარება გაგრძელდებოდა, ისინი ყარაბაღში დაბრუნებას ეცდებოდნენ მაშინაც კი, თუ ეს აზერბაიჯანის მმართველობისადმი დამორჩილებას ნიშნავს. ამ თემაზე საუბარი ახლა შეწყვეტილია.

„მე არ ვიცი არცერთი სომეხი, რომელიც იტყვის, რომ არცახში ცხოვრებითვის მზადაა“, - თქვა ხაჩატრიანმა.

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის და სხვა სომხები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური და სამხედრო ბედი შეიძლება კვლავ შეიცვალოს.

„არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, რას უნდა ელოდოს მომავალში, რა გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, ყველაფერი ისე შეიცვალოს, რომ ის, რაც დღეს შეუძლებლად გვეჩვენება, ხვალ შესაძლებელი გახდეს“, - თქვა მან. „და, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს არცახი ისევ სომხური გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ოცნება მაქვს და ჩემს შვილსაც ამას ვუნერგავ“.

აზერბაიჯანი მსგავს განწყობებს რევანშისტულად მიიჩნევს და ცდილობს ყარაბაღში დაბრუნების შესახებ სომხური ამბიცია გაანადგუროს. ეს ითვალიწინებს კარგად შეიარაღებული სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას, რომელიც კვლავ შეიცავს ტონს, რომელიც სომხეთისა და ყარაბაღის „გაერთიანებას“ გულისხმობს.

2023 წლის სექტემბრამდე ალიევი ამბობდა, რომ ყარაბაღის მშვიდობიანი სომხური მოსახლეობა იქ უნდა დარჩენილიყო, თუმცა ეს სენტიმენტები დღეს აღარ არის გამოხატული: ალიევი თავს არიდებს სომეხი მოსახლეობის, გარდა სეპარატისტული ხელმძღვანელობისა, ხსენებას.

ვასილა მამედოვა თავისი სახლის ეზოში, პირშაღი, აზერბაიჯანში.
ვასილა მამედოვა თავისი სახლის ეზოში, პირშაღი, აზერბაიჯანში.

დაბრუნებულ აზერბაიჯანელებს შორისაც მათი ყოფილი სომეხი მეზობლების დაბრუნების მცირე ინტერესია.

მამედოვამ თქვა, რომ პირველ ომამდე უამრავი მეგობრული კომუნიკაცია იყო სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. „მაგრამ არა ახლა“, - თქვა მან. მისი ქმარი, რამილი, 1992 წელს, პირველ ომში დაიღუპა.

„ჩემი ოთხი შვილი უმამოდ დარჩა, მე კი - უსახლკაროდ“, - თქვა მან. „როგორ ვიმეგობრო მათთან? იქნებ დრომ მოაგვაროს პრობლემა. არ ვიცი. მაგრამ ჩემი გული ვერ განიკურნება“.

ავტორები: ევა ბაღდასარიანი, ჯოშუა კუჩერა და რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური

თარგმანი: ელენე დევიძე

ფორუმი

XS
SM
MD
LG