Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგაშოა, როცა სავალუტო რეზერვი „ადეკვატურობის ზღვარს“ ქვევით ჩამოდის? - „აგენტების კანონი“ და ლარის კურსი


ქართული ლარი და სხვა ვალუტის ბანკნოტები - საილუსტრაციო ფოტო
ქართული ლარი და სხვა ვალუტის ბანკნოტები - საილუსტრაციო ფოტო

„აგენტების კანონის“ ჯერ მიღება და შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ეროვნულ ბანკს 108 მლნ დოლარზე მეტი „დაუჯდა“. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში ლარის გაუფასურება „აჟიოტაჟურ პროცესებსა“ და „მსხვილ ტრანზაქციებს“ დაუკავშირეს და თქვეს, რომ ეს მოკლევადიანი იყო.

მეორედ 60 მილიონი დოლარი გასაყიდად ეროვნულმა ბანკმა ბირჟაზე 28 მაისს გაიტანა, მაშინ, როცა პარლამენტში ხელისუფლება ვეტოს დასაძლევად ემზადებოდა, შენობის გარეთ კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

საბოლოოდ აუქციონზე 50 მილიონ დოლარზე ნაკლები გაიყიდა. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ „საჭირო შემთხვევაში“ ბანკი დოლარს კვლავ გაყიდის.

ამის მიუხედავად, კანონის მიღებიდან დღემდე [14 - 31 მაისი] ლარი დოლართან მიმართებით ჯამში 4%-ით არის გაუფასურებული და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.79 ლარს აღემატება. კომერციული ბანკები დოლარს და ევროს კიდევ უფრო ძვირად ყიდიან. ამავე პერიოდში ევროსთან მიმართებით ლარი თითქმის 5%-ით არის გაუფასურებული. დღეს, 31 მაისს, ლარი დოლართან მცირედით გამყარდა [0.19 თეთრი], ევროსთან კი გაუფასურდა [-0.06 თეთრი].

„როგორც ჩანს, მოქალაქეები საკუთარი დეპოზიტების დოლარში კონვერტაციას ცდილობენ. ვეტოს დაძლევის შემდგომ სანქციების მოლოდინებიც გაჩნდა. ამის გამო მომავალზე რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია და თუ მაინც ვიფიქრებთ - უფრო ნეგატიური შეიძლება იყოს, ვიდრე პოზიტიური.

ქაღალდის ფულის არსი იმაშია, რომ ის მთავრობის ვალდებულებაა. იმ მთავრობის მიმართ, რომლის მაღალი თანამდებობის პირებზე სანქციების მოლოდინები არსებობს, ბუნებრივია, მათი ვალდებულებების მიმართ ადამიანებს ნდობა არ ექნებათ“, - ამბობს ეკონომისტი და საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ცენტრის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი ეგნატე შამუგია.

ეგნატე შამუგია
ეგნატე შამუგია

თავად ეროვნული ბანკი 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ლარი დოლართან რომ არ გაუფასურდეს, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათგან მნიშვნელოვანია ე.წ. საგარეო შემოდინებები, რაზეც ეროვნული ბანკი საუბრობს. ეს საგარეო შემოდინებები რეალურად ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლაა, რაც საქართველოს შემთხვევაში ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ემიგრანტების ფულით [ფულადი გზავნილები] და ექსპორტით დგება. თუ ეს მაჩვენებლები უმჯობესდება, მოლოდინი არსებობს, რომ ლარი დოლარსა და სხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მყარი იქნება.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ექსპორტი, გზავნილები და ტურიზმი

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10%-ით შემცირდა, დაახლოებით 500 მლნ დოლარით არის შემცირებული ფულადი გზავნილებიც. საქართველოში უცხოური ვალუტა კიდევ ტურიზმით და ინვესტიციების სახით შემოდის. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იანვარ-მარტში 1.5%-ით გაიზარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, „აგენტების კანონის“ მიღებამ ტურიზმის ინდუსტრიას დაარტყა - ბიზნესი ჩივის, რომ უცხოელები სასტუმროს ჯავშნებს აუქმებენ.

ინვესტიციები

წლევანდელ ინვესტიციებზე ინფორმაცია საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია. ლარის კურსზე მოქმედ ე.წ. ფუნდამენტურ ფაქტორებზე ინფორმაცია რადგან გვიან ქვეყნდება, შამუგია ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, ცვლის თუ არა ინვესტიციები კურსს.

საქართველოს ცენტრალური ბანკი ლარის კურსის რყევებისგან თავის ასარიდებლად საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს იყენებს. აპრილის მდგომარეობით, ქვეყანას 4.8 მილიარდი დოლარის რეზერვები აქვს, აქედან ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ოქროა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წელს პირველად იყიდა.

სებ-ი ამჟამად ორი გზით ყიდის და ყიდულობს დოლარს: სავალუტო აუქციონზე და სავალუტო აუქციონის გარეშე, ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე.

ამ ორ გზას შორის განსხვავება ასეთია:

  • ყოველი აუქციონის შემდეგ, ეროვნული ბანკი იმავე დღეს აქვეყნებს ცნობებს, თუ რა თანხა გაიტანა გასაყიდად და რამდენი გაყიდა, ან რამდენი შეისყიდა;
  • აუქციონის გარეშე შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს, ჯამურად ქვეყნდება და არ ჩანს, რომელ დღეს რა ოდენობის თანხა გაიცვალა.

გაყიდა თუ არა მაისში ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ით დოლარი, ივნისის ბოლოს გავიგებთ.

რა არის სავალუტო რეზერვი?

ინფლაციის მართვასა და კომერციული ბანკების ზედამხედველობასთან ერთად ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საერთაშორისო რეზერვების მართვაა. ეს რეზერვები ცენტრალური ბანკის ყველაზე მსხვილი აქტივია.

ზოგადად, სავალუტო რეზერვები არის ძვირფას მეტალებში ან სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში, შენახული თანხებით ქვეყნების ცენტრალური ბანკები იხდიან საგარეო ვალს და აზღვევენ ფინანსურ სტაბილურობას.

რეზერვებს ასევე იყენებენ: როცა ვალუტა უფასურდება, რეზერვების ნაწილს ყიდიან. საგადასახდელო დეფიციტის დასაფარად - როცა ქვეყანაში შემოდინებული ფული ნაკლებია ქვეყნიდან გადინებულ ფულზე, ამ დეფიციტს რეზერვის ნაწილით ფარავენ. ამას გარდა, უცხოური ვალუტის რეზერვი ერთგვარ ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში დამაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.

ბოლო ორი წელია, საქართველო რეზერვებს სტაბილურად ზრდის. ქვეყნის სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულამდე შარშან აგვისტოში გაიზარდა და 5.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, აპრილის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 4.8 მილიარდი დოლარია.

„რამდენიმე თვე კურსის დასაჭერად ეს რეზერვები სრულიად საკმარისია. საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი უბრალოდ აცხადებს სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში. რაც შეეხება ინტერვენციებს, კარგ შემთხვევაში კორექტირებას უკეთებს ეროვნული ვალუტის კურსს იმდაგვარად, რომ ერთჯერადად რომ აქვს ფაქტორები, რაც იწვევს ცვლილებებს, ამით არ დავამახინჯოთ კურსი და, შესაბამისად, არ დავაზარალოთ ბიზნესსუბიექტები და დანარჩენი ხალხი. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ჩარევები პატარა "ხანძრების" ჩასაქრობად კარგი ქცევაა“, - ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია.

რამდენად დიდია ეროვნული ბანკის რეზერვები?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი შესყიდვების მიუხედავად, რეზერვები ფონდის ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.

კვარაცხელიას თქმით, სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით რეზერვების ადეკვატურობას ძირითადად აფასებენ ფულის მასის, მოკლევადიანი ვალის და იმპორტის შეფარდებით.

„თუ მათი ფარდობა 100-150%-მდეა, ამ შემთხვევაში ითვლება, რომ რეზერვის მაჩვენებელი ადეკვატურობის დონე დაკმაყოფილებულია. როცა საუბარია, რომ საქართველოში რეზერვები ადეკვატურობის დონეზე არ არის, იგულისხმება, რომ ბოლო შეფასებით ეს მაჩვენებელი 100%-იან ნიშნულს ჩამოსცდა“, - ამბობს კვარაცხელია და ამატებს, რომ ეს კატასტროფული მდგომარეობა ნამდვილად არ არის, რადგან საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მაინც დიდი აქვს.

„თუმცა, როცა ქვეყნის რეზერვები "ადეკვატურობის ზღვარს ქვევითაა", ეროვნული ბანკის მიზანი მათი "ადეკვატურობის ზღვარზე" დაბრუნებაა“, - ამბობს ის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG