Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა


„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ ლარი უფასურდება.
„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ ლარი უფასურდება.

ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც. 

ლარის დოლართან და 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურება დროში დაემთხვა ხალხმრავალი აქციების პარალელურად პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას. თუმცა ბანკი განცხადებაში ამ კანონპროექტს არ ახსენებს.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ლარის გაუფასურება მაკროეკონომიკური ფაქტორებით არ არის გამოწვეული და გაუფასურებაც მოკლევადიანი პროცესია.

„სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი...

ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - წერია განცხადებაში.

სავალუტო ინტერვენცია აისახა ბაზარზეც - 14:08 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2,76 ლარამდეა შემცირებული. ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს დოლართან და სხვა ვალუტებთან მიმართებით 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

გუშინ, 15 მაისს, ლარი დოლართან მიმართებით 4,57 თეთრით, ევროსთან კი 5,7 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2,73 ლარი, ერთი ევროს ღირებულება კი 2,96 თეთრი გახდა.

ლარის ოფიციალური კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით დგინდება.

ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG