“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა.
დღეის მდგომარეობით, საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის: Bank of Georgia Group-ის, Georgia Capital-ისა და TBC Bank Group-ის აქციები იყიდება.
ლონდონის ბირჟაზე დღე Bank of Georgia Group-ის აქციების 14,05%-იანი კლებით დაიწყო და თბილისის დროით 15:15 საათისთვის ერთი აქციის ფასი 17,37%-მდე შემცირდა და 39 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. TBC Bank Group-ის აქციების ფასი 14.41%-ით - 25,25 გირვანქამდეა შემცირებული. რაც შეეხება Georgia Capital-ს, მისი აქციების ფასი თითქმის 9%-ით, 9,85 გირვანქამდე დაეცა.
ასევე უფასურდება ლარიც დოლართან მიმართებით. 15:15 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.73 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარი 2.6866 ლარი ღირს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგებს და შესაბამისად, ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს.
„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი კვირის ვადაში კანონპროექტს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. ცნობილია, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას" ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.
ფორუმი