Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონის“ მხარდამჭერი მილიონერი პარლამენტარები - ვინ არიან და რას ფლობენ


„აგენტების კანონს“ 10 მილიონერი დეპუტატი უჭერს.
„აგენტების კანონს“ 10 მილიონერი დეპუტატი უჭერს.

ბინები თბილისში, დუბაიში, პარიზსა და მოსკოვში. მიწები საქართველოში, საბანკო ანგარიშები ევროპაში, დანაზოგები დოლარში, ევროსა და რუბლში. ეს მასალა იმ დეპუტატების ქონების შესახებაა, რომლებსაც „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის გამო სანქციები ემუქრებათ.

„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე, 24 მაისს შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოაცხადა შეზღუდვები მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.

84 დეპუტატიდან 10 დადასტურებულად მილიონერია. ამ პარლამენტარების დეკლარირებული ქონება მილიონს აჭარბებს. საჯარო მოხელეები დეკლარაციას ყოველწლიურად ავსებენ და ის ასახავს წინა წლის ფინანსურ მდგომარეობას.

ელგუჯა გოცირიძე

66 წლის ელგუჯა გოცირიძე მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის ცოლთან - რუსუდან ავალიანთან ერთად ცხოვრობს.

ელგუჯა გოცირიძე
ელგუჯა გოცირიძე

ბოლო დეკლარაცია დეპუტატმა 2023 წლის დეკემბერში შეავსო და ასახავს წინა წლის მონაცემებს. მათ ქონებაზე მეტყველებს ქონების გადასახადში გადახდილი ფული, რომელიც 21 ათას ლარს აჭარბებდა. ოჯახს ემსახურება დაცვაც.

ცოლ-ქმარს ეკუთვნის რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავი ქონება და „ჩაჩავას კლინიკის“ აქციები. მათ საბანკო ანგარიშზე კი ასობით ათასი დოლარია.

დეპუტატისა და მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში რამდენიმე ბინა, საცხოვრებელი სახლი, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები თბილისის სხვადასხვა უბანში.

დეპუტატის ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო „ჩაჩავას კლინიკაა“.

  • ელგუჯა გოცირიძემ, როგორც აქციონერმა, ამ კლინიკიდან მიიღო 312 952 ლარი;
  • ცოლმა კი, ექიმად მუშაობით 141 800 ლარი გამოიმუშავა.

სადეპუტატო საქმიანობისთვის ელგუჯა გოცირიძემ პარლამენტიდან 48 230 ლარი მიიღო შემოსავლის სახით.

ცოლ-ქმარი ფულს ძირითადად უცხოურ ვალუტაში ინახავს - 2023 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, მათ საბანკო ანგარიშებზე იყო:

  • 1,6 მილიონ დოლარზე მეტი;
  • 30 ათას ევროზე მეტი;
  • 22 ათას ლარზე მეტი.

ელგუჯა გოცირიძეს ეკუთვნის „ჩაჩავას კლინიკის“ აქციები, რომელთა ჯამური ღირებულება 886 ათასი დოლარი და 335 ათასი ლარია.

ზაალ დუგლაძე

საპარლამენტო საქმიანობა ბიზნესმენმა ზაალ დუგლაძემ 2020 წელს დაიწყო. 53 წლის დეპუტატი დუგლაძე ცოლთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

ზაალ დუგლაძე
ზაალ დუგლაძე

მას ეკუთვნის წილები სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის ორს (შპს „აისი ინკ“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“) თავის ძმასთან (დავით დუგლაძესთან) და ბიძინა ივანიშვილის ძმასთან - ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ფლობს. სწორედ ამ კომპანიებს უკავშირდება შემოსავლის მთავარი წყარო.

ბოლო დეკლარაცია, რომელიც ზაალ დუგლაძემ შეავსო, 2023 წლის მარტით თარიღდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატისა და მისი ცოლის სახელზე რეგისტრირებულია სახლი თბილისში და არაერთი მიწის ნაკვეთი ყვარლისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

ცოლმა 2021 წელს მსუბუქი ავტომობილის - MERCEDES GLE-ის შესაძენად 250 000 ლარი დახარჯა.

ოჯახში ყველაზე მეტი თანხა ზაალ დუგლაძის საბანკო ანგარიშებზეა. მასვე აქვს ნაღდი ფულის სახით 110 000 ლარი და 20 000 დოლარი. დეპუტატი საბანკო აგარიშზე თანხას ძირითადად უცხოურ ვალუტაში ინახავს. მის საბანკო ანგარიშზე იყო 522 ათას დოლარზე მეტი.

ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო არა პარლამენტში აღებული ხელფასი, არამედ იმ კომპანიებიდან მიღებული შემოსავალია, რომელშიც დეპუტატის ბიზნესპარტნიორი ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილია. ამ ორი კომპანიიდან (შპს „აისი ინკ“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“) დეპუტატის ოჯახმა 570 ათას ლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით.

ისკო დასენი

66 წლის ისკო დასენი ცოლთან, ლეილა არაბიანთან ერთად ცხოვრობს. მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა საკუთარი შემოსავლების შესახებ მონაცემები 2023 წლის დეკემბერში განაახლა.

ისკო დასენი
ისკო დასენი

დეპუტატი და მისი ცოლი ფლობენ ორ ბინას თბილისში, რამდენიმე ავტოფარეხს და არასაცხოვრებელ ფართს.

ლეილა არაბიანს ეკუთვნის მიკროსაფინანსო კომპანია „ლიდერ კრედიტის“ 150 000 დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. ამ კომპანიიდან მან 47 550 ლარი მიიღო.

დეპუტატის შემოსავლებს ზრდის პარლამენტში აღებულ ხელფასთან ერთად იჯარის გადასახადით მიღებული თანხაც.

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, საბანკო ანგარიშები მხოლოდ ისკო დასენს აქვს, სადაც ჩანს 228 ათას დოლარსა და 22 ათას ლარზე მეტი. დეპუტატი ნაღდი ფულის სახით ინახავდა 40 ათას დოლარს, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვით მიიღო.

გოჩა ენუქიძე

ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და ბოლო ორჯერ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარია მილიონერი გოჩა ენუქიძე. 62 წლის დეპუტატმა 2023 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრად მხოლოდ ცოლი, დეა მელაძე მიუთითა.

გოჩა ენუქიძე
გოჩა ენუქიძე

თანამდებობის პირის ბოლო დეკლარაცია გასული წლის ივნისში შეავსო. დოკუმენტში წერია, რომ ცოლ-ქმარს ეკუთვნის რამდენიმე ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობებით საგურამოში და ძვირადღირებული ავტომობილი - Aston Martin-ი, რომელშიც 161 ათასი ევრო გადაიხადა 2022 წელს.

გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის 40 ათას ლარზე მეტი ღირებულების აქციები „ლიბერთი ბანკში“ და 557 150 დოლარის ღირებულების აქციები ამერიკულ ელექტროავტომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ში.

დეპუტატს, რომლის წლიური ხელფასი 46 ათას ლარს არ აღემატებოდა, მილიონი ლარი აქვს საბანკო ანგარიშებზე.

ირაკლი კირცხალია

35 წლის დეპუტატი ირაკლი კირცხალია ცოლთან - სალომე ირემაშვილთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მან პარლამენტში ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვალა - დეპუტატი, რომელმაც უარი თქვა გასულ წელს „აგენტების კანონის“ მხარდაჭერაზე და საკანონმდებლო ორგანო დატოვა.

ირაკლი კირცხალია
ირაკლი კირცხალია

საჯარო მოხელის დეკლარაცია მან სულ ორჯერ შეავსო, ბოლო, 2024 წლის მაისში შევსებული დოკუმენტით ირკვევა, რომ მისი დანაზოგი შემცირებულია.

ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში რამდენიმე სახლი და ბინა, მიწის ნაკვეთები მცხეთის მუნიციპალიტეტში. მის ქონებაზე წარმოდგენას ქმნის ქონების გადასახადის ოდენობა - 35 600 ლარი.

დეპუტატის ოჯახი ფლობს სამ ავტომობილს: MERCEDES-BENZ AMG G 63-ს, PORSCHE MACAN S-სა და TOYOTA CAMRY HYBRID-ს.

ირაკლი კირცხალიას საბანკო ანგარიშზე აქვს 660 ათასი ლარი, შვილის ანაბარზე კი 90 ათას ლარზე მეტი. დამატებით, ნაღდი ფულის სახით მისი დანაზოგი 123 ათასი დოლარია.

2023 წელს მათი ოჯახის წევრთა ჯამური ხელფასი 50 ათას ლარს აღემატებოდა, თუმცა მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მამისგან საჩუქრად მიღებული 185 ათასი დოლარი და 137 ათასი ლარია.

ირაკლი კირცხალიას ოჯახი სოლიდურ თანხას ხარჯავს მოგზაურობაში. მხოლოდ 2023 წელს მათ 50 ათასი ლარი და 3 ათას ევროზე მეტი დახარჯეს.

ანტონ ობოლაშვილი

50 წლის ანტონ ობოლაშვილი ცოლთან - ლია ობოლაშვილთან ერთად ცხოვრობს.

ანტონ ობოლაშვილი
ანტონ ობოლაშვილი

ცოლ-ქმარს ეკუთვნით ბინები თბილისში, პარიზში, დუბაიში, ბაკურიანში და მიწის ნაკვეთები ადიგენის მუნიციპალიტეტში. გასულ წელს ქონების გადასახადში მათ 10 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს.

დეპუტატი ოთხი წელია ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, თუმცა მხოლოდ „სტუდია მონიტორის“ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში ასახა დუბაიში 2015 წელს შეძენილი ორი ბინა, რომელთა ღირებულებაც 3 მილიონ ლარს აღემატება. მასვე ეკუთვნის პარიზში 1,2 მილიონ ევროდ ნაყიდი ბინა და ავტოფარეხი.

ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული სამი ავტომობილი და სამი ძვირადღირებული საათი. მათ შორის, ავტომობილი PORSHE-CAYENE შეძენილია 2023 წლის ნოემბერში 127 000 ევროდ.

დეპუტატის შემოსავლის ძირითადი წყაროა ფარმაცევტული კომპანია „გლობალფარმიდან“ მიღებული დივიდენდი. პარლამენტში მისი ხელფასი 43 ათას ლარამდე იყო, კუთვნილი კომპანიიდან კი 100-ჯერ მაღალი შემოსავალი აქვს მიღებული.

სწორედ ეს კომპანია ფიგურირებდა „სტუდია მონიტორის“ კიდევ ერთ საგამოძიებო სიუჟეტში, რომელიც აღწერდა მანკიერ სქემას - ფარმაცევტული კომპანიებიდან მიღებული თანხის სანაცვლოდ ექიმები პაციენტებს ამ კომპანიების მედიკამენტებს უნიშნავდნენ.

ანტონ და ლია ობოლაშვილების საბანკო ანგარიშებზე 180 ათას დოლარზე, 110 ათას ევროსა და 60 ათას ლარზე მეტი ფიქსირდებოდა. დამატებით მათ ნაღდი ფულის სახით ჰქონდათ 40 ათასი დოლარი, 35 ათასი ევრო და 80 ათასი ლარი.

ვიქტორ სანიკიძე

საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი და კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, 40 წლის ვიქტორ სანიკიძე ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მან დეკლარაცია 2024 წლის თებერვალში შეავსო.

ვიქტორ სანიკიძე
ვიქტორ სანიკიძე

ცოლმა მაია ბიწაძემ გასულ წელს იყიდა ორი ბინა და ორი ავტოფარეხი, რაშიც გადაიხადა მილიონ ლარზე მეტი და 200 ათასი დოლარი. ოჯახის სახელზე რეგისტრირებულია ორი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ორი ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ცოლ-ქმარს დეკლარირებული აქვს სამი მაჯის საათი, რომელთა ფასი 18 600 ევრო და 8000 დოლარია.

ამავე დეკლარაციაში ჩანს, რომ დეპუტატ ვიქტორ სანიკიძეს ფულის შენახვა ევროპულ ბანკებში ურჩევნია. ევროპაში მის საბანკო ანგარიშებზეა 238 ათას დოლარსა და 27 ათას ევროზე მეტი. საქართველოში თანხის დიდ ნაწილს - 61 ათას დოლარს - დეპუტატი ნაღდი ფულის სახით ინახავს.

დეპუტატად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წელს ის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. სწორედ ფედერაციაა მათი ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო.

გიორგი ბარვენაშვილი

ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ პარლამენტს კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი, გიორგი ბარვენაშვილი შეემატა. 50 წლის ბარვენაშვილი ცოლთან ერთად ცხოვრობს. პარტიის ლიდერების მეგობარმა დეკლარაცია 2024 წლის 22 აპრილს შეავსო.

გიორგი ბარვებაშვილი
გიორგი ბარვებაშვილი

მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ბინა, ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. ასევე, მიწის ნაკვეთები და სახლი მცხეთაში.

გიორგი ბარვენაშვილს ეკუთვნის რვა ძვირადღირებული საათი, რომელთა ჯამური ღირებულებაც, დეკლარაციის მიხედვით, 439 400 დოლარია.

დეპუტატს ეკუთვნის „ბიტკოინისა“ და „ეთერიუმის“ კრიპტოვალუტები, რომელთა ნომინალური (პირობითი) ფასი 3 350 660 დოლარია.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის შემოსავლის ერთადერთი წყარო გასულ წელს ბიზნესი იყო - მან შპს „ოდადან“ 2 630 559 ლარი მიიღო.

გიორგი ბარვენაშვილმა 2020 წელს 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“, 2018 წელს კი - ამდენივე თანხა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ავთანდილ ენუქიძე

69 წლის ავთანდილ ენუქიძე ცოლთან თამთა ღლონტთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ბოლო დეკლარაცია მან 2024 წლის თებერვალში შეავსო.

ავთანდილ ენუქიძე
ავთანდილ ენუქიძე

ოჯახის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში სამი ბინა, სახლი და მიწის ნაკვეთები ამბროლაურსა და მცხეთაში.

უძრავ ქონებასთან ერთად ოჯახი ფლობს 6 ავტომობილს, 5 საათსა და 9 ცეცხლსასროლ იარაღს.

დეპუტატის საბანკო ანგარიშზე ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია შენახული, ბევრად ნაკლები თანხაა მისი ცოლის ანგარიშებზე.

ცოლ-ქმარი შემოსავალს იღებს პარლამენტიდან. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილეა, მისი ცოლი კი, მისი კოლეგის - დავით ზილფიმიანის თანაშემწე. იმის მიუხედავად, რომ ორივე საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კერძო ბიზნესია - მათ მხოლოდ 2023 წელს 890 ათას ლარზე მეტი მიიღეს.

ფრიდონ ინჯია

რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ქონებისა და შემოსავლის აღსაწერად 40-გვერდიანი დეკლარაცია 2024 წლის 28 მარტს შეავსო. 78 წლის დეპუტატი ცოლთან, ლალი რუხაიასთან ერთად ცხოვრობს.

ფრიდონ ინჯია
ფრიდონ ინჯია

ცოლ-ქმრის სახელზეა რეგისტრირებული 55 უძრავი ქონება, მათ შორის - 7 სახლი, 6 არასაყოფაცხოვრებო ფართი, 40 მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი და ბინა მოსკოვში.

დეპუტატი ფულის შენახვას დოლარში ამჯობინებს, ანგარიშები აქვს თურქულ და რუსულ ბანკებშიც. მას დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ჰქონდა: მილიონ დოლარზე მეტი, 900 ათას რუბლზე მეტი, 60 ათას ლარზე მეტი. თანხის ნაწილს ინახავს „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო ანგარიშზე.

დეპუტატი საქართველოში რეგისტრირებული 20 კომპანიის მეწილეა, ასევე ფლობს წილს რუსეთში რეგისტრირებულ შპს „დომინანტში“. დეკლარაციის მიხედვით, მათგან შემოსავლიანი იყო: შპს „ფოპტნეტი“, შპს „სისტემ ნეტი“, შპს „სელკომი“ და შპს „ულტრამედი“. კომპანიებიდან მიღებული შემოსავალი 880 ათას ლარს აჭარბებს.

ფრიდონ ინჯიას ხელფასი პარლამენტში 57 ათას ლარამდე იყო, მისმა ცოლმა კი, რომელიც ოჯახის სამ კომპანიაში მუშაობს, 173 ათასი ლარი მიიღო.

დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ დეპუტატს გასესხებული აქვს ათიათასობით ლარი, რომელთა ნაწილიც გასულ წელს უკან დაუბრუნდა.

დეკლარაციაში ჩანს ფრიდონ ინჯიას მიერ გასესხებული თანხა და მევალეები
დეკლარაციაში ჩანს ფრიდონ ინჯიას მიერ გასესხებული თანხა და მევალეები

დეპუტატს და მის ცოლს თანხის ნაწილი, 119 ათასი დოლარი და 66 ათასი ლარი, ნაღდი ფულის სახით აქვთ შენახული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG