არასამთავრობო ორგანიზაციების „ფინანსების გამჭვირვალობის“ მოტივით მიღებულ კანონს, ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა რომ ექნებოდა, ამის შესახებ მთავრობას არა მხოლოდ ბიზნესგაერთიანებები აფრთხილებდნენ, არამედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც [EBRD], საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორი.
კანონის მიღებიდან მეორე დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული სამი ქართული კომპანიის: TBC Bank Group-ის, Georgia Capital-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი დაეცა. დღის განმავლობაში აქციების ფასის ვარდნა 15%-საც აღემატებოდა.
არადა, წინა კვირა საფონდო ბირჟაზე ქართულმა კომპანიებმა ასე დაასრულეს:
- Bank of Georgia Group - 49.4 გირვანქა სტერლინგი [4.5%-იანი ზრდა წინა კვირასთან შედარებით]
- TBC Bank Group - 30 გირვანქა სტერლინგი [+17%-იანი ზრდა წინა კვირასთან შედარებით]
- Georgia Capital - 11.66 გირვანქა სტერლინგი [0.52%-იანი ზრდა წინა კვირასთან შედარებით]
17 მაისს სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი ასე გამოიყურება:
- Bank of Georgia Group - 41.4 გირვანქა სტერლინგი
- TBC Bank Group - 26.6 გირვანქა სტერლინგი
- Georgia Capital - 10.14 გირვანქა სტერლინგი
საქართველოს ეკონომიკის მთავრი დამფინანსებლი, იქნება ეს ბიზნესი თუ რიგითი მოქალაქეები, კომერციული ბანკები არიან. მარტისთვის ბანკებს თითქმის 54 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული, აქედან 28 მილიარდ ლარამდე - ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებზე.
„ქართული კომპანიების ფასების ვარდნა გამოიწვია კანონის მესამე მოსმენამ და ო’ბრაიენის სიტყვით გამოსვლამ, რომელშიც არ ჟღერდა ოპტიმიზმი. საერთაშორისო ბაზარმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ეს მოვლენები და შესაბამისმა სიგნალმაც არ დააყოვნა“, - ამბობს კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი და აქციებზე ფასის კლებას კატასტროფულს უწოდებს.
ჯიმ ო’ბრაიენმა თქვა: თუკი საქართველო შეერთებულ შტატებს თვლის მეტოქედ და არა პარტნიორად, ვაშინგტონს მოუწევს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს თბილისისთვის დახმარების გაწევა. გარდა ამისა, მან არ გამორიცხა სანქციებიც, იმ შემთხვევაში, „თუ კანონი წინ წაიწევს - ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, და თუ გაგრძელდა „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“.
აქციების კლება გააძვირებს საბანკო სესხებს?
გულედანის თქმით, უმსხვილესი ბანკების აქციების ფასის შემცირება ნიშნავს, რომ ფული, რომელსაც ისინი ინვესტორებისგან თუ დასავლური ბანკებისგან იზიდავენ, გაძვირდება. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, კომერციული ბანკები იძულებულები იქნებიან, ეს უკვე იმ სესხის პროცენტში ასახონ, რომელიც როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს შეეხება.
„ეს ბანკები ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი წარმომადგენლები და დამფინანსებლები არიან. სინამდვილეში ძალიან პატარა ეკონომიკა ვართ, “სასუნთქი აპარატის” მსგავსად პირდაპირ მიბმული დასავლურ კაპიტალზე. ჩვენს ეკონომიკას არ გააჩნია დამცავი ბალიშები, რომ უარყოფითი მოვლენის ან შოკის გადაცემის ეფექტი შენელდეს და, შესაბამისად, დროში გაიჭიმოს. ბანკების აქციების ფასის ასეთი ვარდნა თუ განგრძობადად გაგრძელდა, ფული, რომელსაც ისინი დასავლური კაპიტალის ბაზრებიდან იზიდავენ და შემდეგ მას გადაასესხებენ საქართველოს მოსახლეობაზე, გაძვირდება. ეს იმოქმედებს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ნაკადებზე და მსყიდველობით უნარზე, რაც ჯაჭვურად იმოქმედებს ბიზნესზეც. ამ ყველაფერს დომინოს ეფექტი ექნება“, - ამბობს მარინა გულედანი.
კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი ელოდება, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე ფასის კლება გაგრძელდება.
„ძალიან ბევრი ინვესტორია ისეთი, რომელსაც პრინციპულად შეიძლება ეჭიროს პოზიცია, რომ არ ჰქონდეს აქციები ისეთი ქვეყნის ბანკში, რომელიც ევროპულ კურსს არ იჭერს. გარწმუნებთ, ძალიან დიდი დოზით იქნებიან ასეთი ინვესტორები, მეც რომ ვიყო ინვესტორი, აუცილებლად გავყიდდი. არა იმიტომ, რომ ბანკია ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი კურსი აქვს, არ მინდა ჩემი ფული იდოს“, - ამბობს კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი.
გაუფასურებული ლარი
აქციების გარდა, ასევე გაუფასურდა საქართველოს ეროვნული ვალუტა. „აგენტების კანონის“ მიღების მეორე დღეს [15 მაისს] ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 5, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა.
16 მაისს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.80 ლარადაც იყიდებოდა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავალუტო ბაზარზე 60 მლნ დოლარი 2.7580 კურსით გაყიდა. ცენტრალურ ბანკში ლარის გაუფასურება აჟიოტაჟით და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციით ახსნეს.
„ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული“, - აცხადებენ სებ-ში.
ლარი დოლართან რომ არ გაუფასურდეს, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათგან მნიშვნელოვანია ე.წ. საგარეო შემოდინებები, რაზეც ეროვნული ბანკი საკუთარ განცხადებაში საუბრობს. ეს საგარეო შემოდინებები რეალურად ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლაა, რაც საქართველოს შემთხვევაში ხდება ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით [ფულადი გზავნილები] და ექსპორტით. თუ ეს მაჩვენებლები უმჯობესდება, მოლოდინი არსებობს, რომ ლარი დოლარსა და სხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მყარი იქნება.
განვიხილოთ თითოეული მათგანი. იანვარ-აპრილში ექსპორტი 10%-ით შემცირდა, დაახლოებით 500 მლნ დოლარით არის შემცირებული ფულადი გზავნილებიც. საქართველოში უცხოური ვალუტა კიდევ ტურიზმით და ინვესტიციების სახით შემოდის. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იანვარ-მარტში 1.5%-ით გაიზარდა, წლევანდელ ინვესტიციებზე ინფორმაცია საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ტურიზმთან, ექსპორტსა და ემიგრანტების გადმორიცხულ ფულთან შედარებით ინვესტიციები მცირეა.
ეკონომისტი ეგნატე შამუგია ამბობს, რომ ლარის გაუფასურება „აგენტების კანონის“ მიღებას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში სანქციებიც ახსენა.
„ადამიანები როცა ხედავენ, რომ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ამის პროგნოზი შეუძლებელია ან უარესის მოლოდინი აქვთ, ასეთ შემთხვევაში ლარს იშორებენ და დოლარს ყიდულობენ. ამას მარტივი ახსნა აქვს, რადგან ლარი დოლართან შედარებით ნაკლებად სანდო ვალუტაა. ამიტომ ამჯობინებენ ასეთ დროს, ლარის ნაცვლად დოლარი ჰქონდეთ. როცა მასობრივია ლარის მოშორება და დოლარში გადაცვლა, ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ დოლარის ფასი იზრდება და ლარი უფასურდება“, - ამბობს შამუგია და ამატებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ბაზრისთვის დოლარი მიეწოდებინა, სწორი იყო.
„ლარი მაინც გაუფასურდა [16 მაისს], მაგრამ იმდენით არა, რაც ამ ინტერვენციის გარეშე იქნებოდა“.
ფორუმი