„პრაგმატული ხალხი ვართ. ფინელს და ფინელის სიტყვას შეგიძლია ენდო. პრობლემებს არ გავურბივართ”, - ფინეთის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ იარმო ლინბერგისთვის ეს თვისებებია მთავარი, რაც ქვეყანას ნატოში უპრეცედენტოდ სწრაფად გაწევრიანებაში დაეხმარა. ვაჟა თავბერიძე გენერალ ლინდბერგს, რომელიც ფინეთის ახალი პარლამენტის წევრი და მმართველი კოალიციის წარმომადგენელია, ფინეთის ნატოში ოფიციალური გაწევრების დღეს, 4 აპრილს ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ფინეთი ნატოს წევრია - რას ცვლის ეს უსაფრთხოების კუთხით რუსეთთან მიმართებით?
გენერალი იარმო ლინდბერგი: პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთი ისარგებლებს ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიებით - მთავარი ესაა. რაც შეეხება ურთიერთობას რუსეთსა და ფინეთს შორის, ის უკვე ძირეულად შეიცვალა 2022 წლის 24 თებერვლიდან - ფინეთი ევროკავშირის სანქციების 10-ივე რაუნდის მხარდამჭერი იყო, ფინურმა ინდუსტრიამ უკვე მთლიანად დატოვა რუსეთი - რუსეთთან ბიზნესის ამბავი მორჩა.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებენ რუსები ახლა? მთელი ეს პერიოდი გემუქრებოდნენ „სამხედრო და პოლიტიკური რეაგირებით“ - მაინც რას იზამენ?
გენერალი იარმო ლინდბერგი: რამდენჯერმე ახსენეს, რომ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ფლანგს გაამაგრებენ, ანუ ჩვენთან საზღვარს - შესაძლოა ახალი შტაბის გადმოტანით ან არმიის გადმოსროლით, ვნახოთ, მაგრამ რეალობა ასეთია: ორი ბატალიონი გაიყვანეს საზღვრისპირა სამხედრო ძალებიდან უკრაინაში საომრად - ორივეს დიდი დანაკარგები აქვს, როგორც პერსონალის, ასევე აღჭურვილობის მხრივ. ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინაში „გაიჭედა“ და ასე იქნება განჭვრეტად მომავალში - არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს ომი. ამიტომ უფრო საინფორმაციო ომს, კიბერთავდასხმებს ველოდებით - ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. შეიძლება ითქვას, რომ იმ განცხადებებით, რომლებიც ახსენეთ, რუსეთმა უკვე დაიწყო კიდეც საინფორმაციო ომი, მაგრამ ამაში არაფერია ახალი ჩვენთვის.
რადიო თავისუფლება: ჩვენ ვსაუბრობთ, ფინეთში არჩევნების შედეგების ფონზე - შეიცვალა მმართველი პარტია - ნიშნავს თუ არა ეს საგარეო პოლიტიკის ცვლილებასაც?
გენერალი იარმო ლინდბერგი: მეც გავხდი ახალი პარლამენტის წევრი, გამარჯვებულ პარტიულ კოალიციას წარმოვადგენ, რომელიც ახლა ახალ მთავრობას დააკომპლექტებს. ფინურ პოლიტიკაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ნებისმიერი ახალი მთავრობა დარჩება პროდასავლური, ეს იქნება ნატოს მომხრე მთავრობა, რადგან ასეთია ფინელი ხალხის ნება - ფინელების 80 პროცენტი დღეს ნატოს წევრობის მომხრეა, ისევე, როგორც ყველა ანგარიშგასაწევი პარტია. ახალ მთავრობას მოუწევს შეიმუშავოს ახალი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით - პოლიტიკა, რომელიც იქნება მორგებული დღევანდელ რეალობას, რომელშიც ფინეთი ნატოს წევრია.
რადიო თავისუფლება: ახლა, როდესაც ნატოში შეხვედით, უნდა ველოდოთ თუ არა ფინეთის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ზრდას? იმის გათვალისწინებით, რომ აწი ამისთვის, ასე ვთქვათ, ვეღარავინ დაგსჯით?
გენერალი იარმო ლინდბერგი: ამ ეტაპზე უკრაინას 960 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გავუწიეთ. დახმარების შემდეგ პაკეტში ეს დახმარება ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბებს და არც ამაზე გავჩერდებით. დეტალურად განვიხილავთ უკრაინელ კოლეგებთან, რა სჭირდებათ, ჩვენ რა გვაქვს და რით შეგვიძლია დავეხმაროთ, რათა ეს დახმარება მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფინეთის მოსახლეობას სულ ერთი კვირა დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ნატოში უნდა შევსულიყავით. ხელისუფლებამაც მსწრაფლვე აღასრულა ხალხის დაკვეთა და ნატოში წევრობაზე განაცხადი შეიტანა.
რადიო თავისუფლება: ფინეთის სამხედრო ძალები უკვე თავსებადია ნატოს ჯარებთან, მაგრამ მაინც, უნდა ველოდოთ თუ არა ნატოს ახალ ბაზებს? ან გაიზრდება თუ არა პროფესიონალური, მუდმივი არმიის რიცხვი ფინეთში?
გენერალი იარმო ლინდბერგი: დრამატულ ცვლილებებს ალბათ არ უნდა ველოდოთ. ჩვენი სამხედრო რეზერვი 280 000 ადამიანს ითვლის - ეს მეტია, ვიდრე სკანდინავიის ყველა სხვა ქვეყანა ერთად აღებული. ევროპაში ყველაზე დიდი საველე არტილერიის არსენალი გვაქვს. ასევე, გვაქვს შორი მანძილის და მაღალი სიზუსტის მართვადი შეიარაღება თავდაცვის ყველა სექტორისთვის, იქნება ეს ქვეითი, ფლოტი თუ საჰაერო ძალები. უკვე გვყავს Leopard-ის საბრძოლო ტანკები, სათანადო ჯავშანტრანსპორტი. მალე მივიღებთ F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რითაც ჩავანაცვლებთ Hornet-ების ავიაფლოტს, რაც ახლა გვყავს. ასე რომ, ფინეთის თავდაცვით შესაძლებლობებთან კითხვები არ არსებობს, შესაბამისად, დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. შეუცვლელად დარჩება საყოველთაო გაწვევის სისტემაც, რადგან ის უკვე დანერგილია და ეფექტურად მუშაობს. თავდაცვის ბიუჯეტის ორპროცენტიან ბარიერს, რომელსაც ნატო ითხოვს, ისედაც კარგა ხანია ვაჭარბებთ. რაც შეეხება ბაზებს - ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები ნატოსთან, თუ რა სამხედრო პროფილი უნდა ჰქონდეს ფინეთს ნატოში. როდესაც ეს პროფილი, ასე ვთქვათ, დაიხატება, შემდეგ უფრო დეტალურად შეგვეძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე, ნატოს ყურადღება უფრო სამხრეთზე, უკრაინის მისადგომებზეა გადატანილი, ვიდრე ჩრდილოეთით, ფინეთზე.
რადიო თავისუფლება: რას მოასწავებს ფინეთის ნატოში შესვლა უკრაინასა და საქართველოსთვის - ორი ქვეყნისთვის, რომელთაც ასევე აქვთ ნატოში გაწევრების ამბიციები? უნდა ჰქონდეთ თუ არა კიევსა და თბილისში ჰელსინკის მხარდაჭერის იმედი?
იარმო ლინდბერგი: ვფიქრობ, ყველაზე საჩქარო პრობლემა ამ შემთხვევაში შვედეთია - მათ ჩვენთან ერთად შეიტანეს განაცხადი, მაგრამ ნატოში ჯერ ვერ შევიდნენ, რადგან თურქეთი და უნგრეთი უარს ამბობენ რატიფიცირებაზე. ფინეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, შვედეთიც გახდეს ნატოს წევრი და იმედია, ამას ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ვიხილავთ, ივლისში. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, თუ ნატოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ეს ქვეყნები მზად არიან ნატოში გაწევრებისთვის და აკმაყოფილებენ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს, ჰელსინკიც, როგორც ნატოს წევრი, ნატოს წესებით ითამაშებს.
რადიო თავისუფლება: ფინეთი სამაგალითოდ იყო დაცული ნატოში გაწევრებამდეც. რას ურჩევდით თქვენსავით პატარა ქვეყნებს რუსეთის სამეზობლოში, რომელთაც ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნის ფუფუნება არ აქვთ?
გენერალი იარმო ლინდბერგი: როცა ცივი ომი დამთავრდა, ზოგი ქვეყანა ჩვენ ალმაცერად გვიყურებდა: ფიქრობდნენ, რომ ძველ დროში ვიყავით ჩარჩენილები და დრომოჭმულ პრაქტიკებს ვერ ველეოდით, რადგან შევინარჩუნეთ საყოველთაო გაწვევა და გვყავდა მრავალრიცხოვანი თავდაცვის რეზერვი. ბევრმა ქვეყანამ კრიზისის მართვის ოპერაციებზე დაიწყო ყურადღების გამახვილება, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე - იმ წარსულიდან გამომდინარე, რომელშიც რუსეთთან ომი პირადად ვიწვნიეთ - შევინარჩუნეთ რეზერვისტებისა და საყოველთაო გაწვევის კომბინაცია. და როდესაც სხვა ქვეყნები თავიანთ შეიარაღებას ყიდდნენ, ჩვენ ამ შეიარაღებას იაფად ვყიდულობდით და მხოლოდ ამას არ ვჯერდებოდით - შევიძინეთ თანამედროვე, შორი მანძილის და მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღებაც, როგორც საჰაერო, ასევე ქვეითი და საზღვაო ძალებისათვის. ის კომბინაცია, რის მიღწევასაც დღეს უკრაინა ლამობს - სათანადო რაოდენობის ძალებს რომ ჰქონდეთ ჯავშანტექნიკა, ტანკები, რაკეტები, შორ მანძილზე ბრძოლის შესაძლებლობა, საბრძოლო თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვა - ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გვაქვს. ახლა ხალხი ამბობს, რომ ჩვენი გათვლები აბსოლუტურად სწორი იყო იმ ომისთვის, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. მაგრამ ეს ომი არ მოხდა ფინეთში - მოხდა უკრაინაში. ამიტომ ჩემი რჩევა ყველა ასეთი ერისთვის იქნებოდა შემდეგი: წინასწარ უნდა დაგეგმოთ თქვენი უსაფრთხოება, და საკუთარი თავის დაცვა უნდა შეგეძლოთ, მზად უნდა იყოთ ამისთვის, როგორც შეიარაღების მხრივ, ასევე მოსახლეობის მზადყოფნას ვგულისხმობ - და ეს მიუხედავად იმისა, ხარ ალიანსის წევრი თუ არა. ალიანსში უბილეთო მგზავრად არავინ მიგიღებთ, თქვენი არეალის დაცვა თქვენვე უნდა შეგეძლოთ, მეტიც, თუ საჭირო გახდება, სხვებსაც უნდა დაეხმაროთ. ნატოში შესვლის მიუხედავად, ფინეთის დაცვის ვალდებულება უპირველესად, ისევ ჩვენ, ფინელებს გვეკისრება. თუ ფიქრობთ, რომ ნატოში შეხვალთ და მერე უკვე სხვას მოუწევს თქვენი დაცვა - ასე არაა, პირიქითაა, გარკვეული შესაძლებლობები და მზაობა თქვენვე უნდა გაგაჩნდეთ. ალიანსში გაწევრდე და მერე თქვა - ახლა მოდით და დაგვიცავით, რადგან ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება არ გავაკეთეთ - ასე არ გამოვა.
რადიო თავისუფლება: გაგვიმხილეთ ფინელების საიდუმლო - როგორ ახერხებთ, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა იყოთ და, ამავდროულად, კვირის ნებისმიერ დღეს მზად იყოთ ომისთვის ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ?
გენერალი იარმო ლინდბერგი: აქ, ფინეთში დისკუსია გრძელდება, რატომ ვართ, აგერ უკვე მე-6 წელია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა. ვფიქრობ, ჩვენ, ფინელები პრაგმატული ხალხი ვართ. ფინელს და ფინელის სიტყვას შეგიძლია ენდო. პრობლემებს არ გავურბივართ. მაგალითს მოგიყვანთ - როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფინეთის მოსახლეობას სულ ერთი კვირა დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ნატოში უნდა შევსულიყავით. ხელისუფლებამაც მსწრაფლვე აღასრულა ხალხის დაკვეთა და ნატოში წევრობაზე განაცხადი შეიტანა. ასე რომ, ვიტყოდი, რომ პრაგმატულები ვართ და როდესაც ვხედავთ, რომ რაღაც პრობლემა არსებობს, რაღაც არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, ვდგებით და ვჭრით ამ პრობლემას. ასეთია ფინელის აზროვნება.