Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იცით, როდის შემაშინა პირველად პუტინმა?“ - ტომ ნიქოლსი ტრამპის, პუტინის და ისტორიაში ყველაზე სახიფათო შუახნის კრიზისის შესახებ


ამერიკელი ავტორი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, “never-trump” რესპუბლიკელი პროფესორი ტომ ნიქოლსი.
ამერიკელი ავტორი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, “never-trump” რესპუბლიკელი პროფესორი ტომ ნიქოლსი.

„მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ნატოს სწრაფი გაფართოების მიმართ - მაგრამ გადამარწმუნეს. და კაცი, ვინც გადამარწმუნა და აზრი შემაცვლევინა, პუტინია. მან დამარწმუნა, რომ კრემლი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ზის შიგნით მოცემულ მომენტში, მეზობლებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკელი ავტორი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, “never-trump” რესპუბლიკელი პროფესორი ტომ ნიქოლსი. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის პუტინს ლამის „ბიბლიურ შემთხვევას” უწოდებს და უპასუხებს კითხვებზე ამერიკის მხარდაჭერის, რუსეთის მიზნებისა და უკრაინის შესაძლებლობების შესახებ.

თუ ტრამპი მოახერხებს ხელახლა გაპრეზიდენტებას, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ მთელი მსოფლიო „მაგარ შარშია“.

რადიო თავისუფლება: ექსპრეზიდენტი ტრამპის გარშემო განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ. და მოდით, ასეთ ჭრილში შევხედოთ ამ საკითხს - განვიხილოთ, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის მომავალი არჩევნები უკრაინისადმი ამერიკის განუხრელი მხარდაჭერისთვის.

ტომ ნიქოლსი: რესპუბლიკური პარტია უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა. მოსახლეობის უმრავლესობა, მეტიც, რესპუბლიკელების უმრავლესობაც კი თანხმდება, რომ უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რესპუბლიკურ პარტიას უწევს, ანგარიში გაუწიოს პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულ მცირერიცხოვან, თუმცა გავლენიან დაჯგუფებას, რომელიც დონალდ ტრამპის გარშემო შეიკრა. ამ ჯგუფის ინტერესებში უკრაინის დახმარება არ შედის. მეეჭვება, რომ დონალდ ტრამპი ამ ყველაფერს [ოფიციალური ბრალდების წაყენება] გადაურჩება და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ერთხელ უკვე გავაკეთე მცდარი პროგნოზი ამის შესახებ, 2016 წელს. თუ ტრამპი როგორმე მაინც მოახერხებს ხელახლა გაპრეზიდენტებას, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ მთელი მსოფლიო „მაგარ შარშია“.

ერთი გზა, რომლითაც ტრამპს შეუძლია ეს ომი 24 საათში „გადაწყვიტოს“, არის ის, რომ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს და რუსებს გაურიგდეს.

რადიო თავისუფლება: როდესაც [დონალდ ტრამპი] ამბობს, რომ შეუძლია „უკრაინის ომი 24 საათში მოაგვაროს / დაამთავროს“ - რას გულისხმობს? როგორ აპირებს ამას?

ტომ ნიქოლსი: დონალდ ტრამპზე ვლაპარაკობთ - ვინ დაიჩემებს, რომ იცის, რას გულისხმობს ტრამპი? დიდი ალბათობით, თვითონაც აზრზე არაა - პრობლემა ისაა, რომ, როგორც წესი, ტრამპი ეფექტის მოსახდენად წამოისვრის ხოლმე მსგავს განცხადებებს. ერთი გზა, რომლითაც შეუძლია ეს ომი 24 საათში „გადაწყვიტოს“, არის ის, რომ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს და რუსებს გაურიგდეს. მაგრამ ეს არაა მოგვარება, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ დანებდება და უკრაინას რუსებს ჩააბარებს. არ მგონია, თვითონ მაინც იცოდეს, როგორ აპირებს ამას - როგორც წესი, ტრამპის განცხადებების ანალიზი წყლის ნაყვაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკაზე მიდგება, რაშიც საერთოდ არაფერი გაეგება, გარდა იმისა, რომ რუსეთის ეშინია და უფრთხის.

რადიო თავისუფლება: უშუალოდ უკრაინის ომზე გადავიდეთ - და მინდა, თქვენივე ციტატით დავიწყო: „დღეს მე ვგლოვობ. ომი უკრაინაში ბოლო მუჭი მიწაა იმ საფლავზე, სადაც ჩვენი ოპტიმიზმი განისვენებს, ოპტიმიზმი, რომელიც ჩაგვესახა მაშინ, როდესაც საბჭოთა კომუნიზმმა სული დალია. ახლა მოგვიწევს ხანგრძლივი ჯაფა, რათა მოსკოვი კიდევ ერთხელ დამარცხდეს და საბოლოოდ, უკეთესი სამყარო ვიხილოთ“, - წერთ თქვენ. იმის გათვალისწინებით, რომ ფსონები ასე მაღალია, რამდენად რეალურია ამ კონფლიქტში ერთი ან მეორე მხარის გადამწყვეტი გამარჯვება ვიხილოთ?

ტომ ნიქოლსი: ვფიქრობ, უკვე ცხადი გახდა, რომ რუსეთს ამ ომში გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევა არ ძალუძს, ამისთვის საჭირო სამხედრო ძალა აღარ შესწევს. მაქსიმუმი, რაც რუსეთს შეუძლია ამ სიტუაციიდან გამოადნოს, მორიგი გაყინული კონფლიქტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგრამ პუტინს არ სურს ამას დასჯერდეს. დააკვირდით მისი გარემოცვის სხეულის ენას, როდესაც ის საუბრობს - ისინი იმედოვნებენ, რომ „ცარი გონს მოეგება“ და ეს ყველაფერი როგორმე კალაპოტში ჩადგება, გაყინული კონფლიქტის სცენარი მათთვის სავსებით მისაღებია, მაგრამ პუტინს სრული გამარჯვება სწყურია. ოღონდ თავადაც არ იცის, როგორ გამოიყურება ეს სრული გამარჯვება - ის, რისი იმედიც ომის დაწყებისას ჰქონდა, უკვე გამოირიცხა - ამას თვითონაც ხვდება, მაგრამ დანებებაც არ სურს. რაც შეეხება უკრაინის სრულ გამარჯვებას - ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინამ უკვე გაიმარჯვა იმით, რომ გადარჩა. რადგან პუტინის მიზანი, გეგმა იყო, უკრაინა საერთოდ წაეშალა რუკიდან. ასე რომ, ყოველი დღე, რომელსაც უკრაინა ათენებს და აღამებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველი ასეთი დღე უკრაინის გამარჯვებაა. არ მინდა სპეკულირება იმ თემაზე, თუ როგორ გამოიყურება სრული გამარჯვება უკრაინისთვის - არ მგონია ეს ჭკვიანური იყოს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ არ ვიცით, და რამდენი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს: პუტინის ძალაუფლებას წყალი შეუდგება თუ არა? გააგრძელებენ თუ არა რუსები ყბადაღებული სტრატეგიული შეცდომების დაშვებას? რამდენად წარმატებული იქნება უკრაინელების კონტრიერიშები? ასე რომ, ვფიქრობ, სახიფათო ან სულაც არაგონივრულია მომავალი სამხედრო ოპერაციების შედეგების წინასწარმეტყველება. მაგრამ მაინც, ვფიქრობ, უკრაინა კვლავაც განაგრძობს გადარჩენას.

ბახმუტი დგას, რუსებს კი გამაოგნებელი, სიბრიყვემდე მისული დანაკარგები აქვთ. აწი კიდეც რომ აიღონ ბახმუტი, მოუწევთ, რუსეთის დროშა დახოცილი რუსი ჯარისკაცების გროვაზე აღმართონ.

რადიო თავისუფლება: აქვთ კი პუტინს და კომპანიას, კრემლს, იმის ფუფუნება, რომ ეს ომი ვერ მოიგონ, მაგრამ ძალაუფლება შეინარჩუნონ?

ტომ ნიქოლსი: ვფიქრობ, პუტინს არ აქვს სამყოფი პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ უკანდახევა და წაგებების სერია განაგრძოს. განსაკუთრებით, თუ რამის დათმობა მოუწევს ყირიმთან მიმართებით, რაც მისთვის უკიდურესად დამამცირებელი იქნებოდა. მაგრამ აქვს თუ არა ამ ომის წაგების ფუფუნება? აქ უკვე თამაშში პოლიტიკური გათვლები შემოდის. მას შეუძლია ხვალვე გაიწვიოს ჯარები და ამით პოლიტიკური სიცოცხლე გაიხანგრძლივოს - ეს მისთვის არცთუ ისე ცუდი ვარიანტი იქნებოდა. იტყოდა: ჩვენ მოვიგეთ, რაც გვინდოდა, იმას მივაღწიეთ, ნაცისტებს ჭკუა ვასწავლეთ და ა.შ. რასაც იტყვის, გაუვა. რაც არ გაუვა, არის შემდეგი: დრამატული მარცხები ბრძოლის ველზე, უკანდახევები, დაკავებული ტერიტორიის დაკარგვები და წარუმატებელი იერიშები. თვე-ნახევარია, რუსები „ბახმუტის დღე-დღეზე აღებას“ ზეიმობენ - ბახმუტი დგას, რუსებს კი გამაოგნებელი, სიბრიყვემდე მისული დანაკარგები აქვთ. აწი კიდეც რომ აიღონ ბახმუტი, მოუწევთ, რუსეთის დროშა დახოცილი რუსი ჯარისკაცების გროვაზე აღმართონ. ეს პიროსის გამარჯვება იქნება - როგორც ნაპოლეონმა თქვა: კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჩვენი საქმე წასულია.

რადიო თავისუფლება: რა როლს თამაშობს ყველაფერ ამაში თავად პუტინის ეგო?

ტომ ნიქოლსი: ძალიან დიდს. ვფიქრობ, პუტინის ამპარტავნება და ეგოა ამ ყველაფრის თავი და თავი. ის იმავე სენით იტანჯება, რითაც ბევრი სხვა ავტოკრატი და დიქტატორი ავადობდა ისტორიის მანძილზე: ვერ ეგუება, ვერ ურიგდება იმას, რომ შესაძლოა შეცდომა დაუშვა, ვერ გათვალა. არ იცის, რა უყოს ამას: შეცდომის აღიარება საკუთარი თავის უარყოფას უდრის, იმ ხატების უარყოფას, რომლებიც თვითონ შექმნა და თავის თავსაც დააჯერა, რომ არსებობენ. ვფიქრობ, ორწლიანმა კოვიდიზოლაციამ და ხალხის იმ ვიწრო წრემ, ვინც მის მრჩევლებად იქცნენ, სანამ ის ბუნკერში იყო გამოკეტილი, პუტინის გონებასა და აზროვნებას წარუშლელი დაღი დაასვა: ის ვეღარ ხედავს რეალობას მოსკოვის გარეთ. საშინელი სტრატეგი გამოდგა: და საქმე აქ უბრალოდ არასწორ სამხედრო გათვლებთან არ გვაქვს. ის არაა სამხედრო თემებში გარკვეული კაცი. რაც ნამდვილად გასაკვირია, არის ის, რომ კაცმა, რომელიც ამდენი ხანია ძალაუფლების სათავეშია, ვერ შეძლო მთელი მსოფლიოს რეაქცია განესაჯა. ასე რომ, მისივე ეგო, არასრულფასოვნების კომპლექსები და პარანოია ხელს უშლიან, ჩიხიდან გამოვიდეს, იმ ჩიხიდან, სადაც თვითონვე შეაბიჯა.

რადიო თავისუფლება: საინტერესო სტატია ჰქონდა ახლახან „Financial Times”-ს, სადაც მოყვანილი იყო ლავროვის ფრაზა ერთ-ერთი ოლიგარქისადმი, როდესაც ეს უკანასკნელი მას სთხოვდა, პუტინისთვის რაიმე ერჩია, რაიმე ჩაეგონებინა. „ტაიმსი“ წერს, რომ ლავროვის პასუხი იყო ასეთი: „მას [პუტინს] სამი მრჩეველი ჰყავს: ივანე მრისხანე, პეტრე დიდი და ეკატერინე მეორე“. რას უნდა ელოდო კაცისგან, რომელსაც ივანე მრისხანე ჰყავს მრჩევლად?

ტომ ნიქოლსი: კი, შეიძლება, ივანე მრისხანე ჰყავს მრჩევლად, მაგრამ ისიცაა, რომ წინამორბედებად ჰყავს გორბაჩოვი, ანდროპოვი, ხრუშჩოვი და ბრეჟნევი. კრემლში ნავიგაციისას პუტინის პრობლემა ისიცაა, რომ განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან, ის მართლა ნამდვილი ბოსია, მართლა ყველაფერს განაგებს, ძველი დროის ცარების მსგავსად. და ეს შეიძლება მუშაობდა ივანისთვის, პეტრესა და ეკატერინესთვის, მაგრამ თანამედროვე და ჩახლართულ ბიუროკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც ომშია ჩაბმული, ეს არასდროს სრულდება უმტკივნეულოდ. ასე რომ, გარკვეულწილად, ის დგას უკვე დაძრულ „მახინაზე” კონტროლის სრულად დაკარგვის საფრთხის წინაშე. და ვფიქრობ, ეს უკვე თვალსაჩინოა - ამიტომაც ცვლის ერთიმეორის მიყოლებით გენერლებსა და სარდლებს: იმას კი არ ისმენს, რასაც სარდლები ეუბნებიან, არა - სურს, სარდლებმა მოუსმინონ პუტინს და მისი ნათქვამი აღასრულონ. ვერ იაზრებს, რომ სტალინსაც კი - ჰიტლერზე რომ აღარაფერი ვთქვათ - არ უცდია, დიდი ომი მარტო წარემართა, სხვისი რჩევისთვის არ დაეგდო ყური.

პუტინს უთხრეს, რომ ახალი „ცარია“, მესიაა, ზეცით მოვლენილი. ამიტომაც ცდილობს, შექმნას ალტერნატიული რეალობა - სადაც საბჭოთა კავშირი კი არ დაეცა, ამაღლდა - ოღონდ კომუნიზმის ნაცვლად, მართლმადიდებელ ქრისტიან იმპერიად იქცა.

რადიო თავისუფლება: მისი მიზნის, საბოლოო გეგმის შესახებ მინდა გკითხოთ - თქვენ წერთ, რომ ესაა რაღაც „მუტანტი საბჭოთა-ქრისტიანულ-სლავური იმპერიის შექმნა ევროპაში“. რას მოიცავს ეს იმპერია, რომელ ქვეყნებს?

ტომ ნიქოლსი: არ მინდა, აგდებული პასუხი გამომივიდეს, მაგრამ რასაც ვხედავთ, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შუახნის კრიზისი ისტორიაში. ვფიქრობ, ამ ყველაფერში დიდი წვლილი ნოსტალგიას მიუძღვის. იცით, როდის შემაშინა პირველად პუტინმა სერიოზულად? წლების წინ, როდესაც რუსეთის ეროვნული ჰიმნი საბჭოთა მუსიკით ჩაანაცვლა, გავრცელდა ვიდეო - ვიზიტით იმყოფებოდა, თუ არ ვცდები, მონღოლეთში და იქ, მისალმების პროტოკოლისას, საბჭოთა ჰიმნი დაუკრეს, მას კი, აშკარად ჩანდა - თვალზე ცრემლი მოადგა. პუტინი კლასიკური, თითქმის ბიბლიური შემთხვევაა - ის არაფერს წარმოადგენდა, არავინ იყო და საბჭოთა კავშირმა გამოძერწა, სახება და სახელი უბოძა, უბოძა ადგილი სამყაროში. მერე კი, როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ იყო, ეკლესიას შეენივთა, სადაც უთხრეს, რომ ახალი ცარია, მესიაა, ზეცით მოვლენილი. ამიტომაც ცდილობს, შექმნას ალტერნატიული რეალობა - სადაც საბჭოთა კავშირი კი არ დაეცა, ამაღლდა - ოღონდ კომუნიზმის ნაცვლად, მართლმადიდებელ ქრისტიან იმპერიად იქცა. შეინარჩუნა წითელი დროშა, ჰიმნი - მაგრამ იდეოლოგიად, კომუნიზმის ნაცვლად, მართლმადიდებლობა აირჩია.

რადიო თავისუფლება: სპირიტუალური საბჭოთა კავშირი.

ტომ ნიქოლსი: ასეა, მაგრამ სულიერება მხოლოდ იმ გაგებით, როგორც ეს პუტინს და [პატრიარქ] კირილს ესმით - მეჩვიდმეტე საუკუნის სლავოფილური მართლმადიდებლობა, დაფუძნებული რასიზმზე და შედუღაბებული ხელისუფლებასთან. და მე, როგორც თავადაც მართლმადიდებელ ქრისტიანს - საბერძნეთის ეკლესიის მრევლი ვარ - ბრაზი მერევა, როდესაც ვხედავ, როგორ ამაყად დაიარებიან ის და კირილი, 30000-დოლარიანი საათებითა და 15000-დოლარიან ქურქებში გამოწყობილები - თითქოსდა მართლაც სულიერებისა და მართლმადიდებლობის გადამრჩენელი იყოს.

რადიო თავისუფლება: ცოტა გავექეცით თავდაპირველ შეკითხვას - რომელი ქვეყნები შედიან პუტინის „იმპერიაში“ - გაჟონილი დოკუმენტები ცალსახად მიგვითითებენ მოლდოვასა და ბელარუსზე, მაგრამ რა ბედი ელით, მაგალითად, ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ბალტიის ქვეყნებს? ან საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ?

ტომ ნიქოლსი: პუტინის ნება რომ იყოს და ძალა რომ შესწევდეს, ხვალ გამოგვიცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინა. და ეს ძალიან ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ ვსაუბრობთ კაცზე, რომელმაც თხუთმეტი წლის წინ თქვა: სრული სისულელეა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ფიქრიო, ახლა კი ბუნკერიდან ამოძვრა და „საქმეს შეუდგა“. რაც შეეხება საფრთხეებს: აქ უნდა გავყოთ ახლო და შორეული პერსპექტივები. ახლო პერსპექტივაში ვხედავთ, რომ რუსულმა არმიამ, რომელმაც სამი სხვადასხვა მხრიდან შეუტია უკრაინას, რომელსაც ჰქონდა 4:1-ზე უპირატესობა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა მოულოდნელობის ეფექტი, ვერაფერი გააწყო და ჩაფლავდა. ახლო პერსპექტივაში, რუსული არმიის მთავარი საზრუნავია, როგორმე უკრაინაში გადაურჩეს განადგურებას და ცოცხალი გადარჩეს, და ამასაც ძლივს აბამენ თავს. მაგრამ ამავდროულად, უმიზეზოდ არ ხდება, რომ ორმა მანამდე ნეიტრალურმა ქვეყანამ ნატოში გაწევრების სურვილი გამოთქვა და ერთი უკვე გახდა კიდეც ნატოს წევრი. იცით, მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ნატოს სწრაფი გაფართოების მიმართ - მაგრამ გადამარწმუნეს. და კაცი, ვინც გადამარწმუნა და აზრი შემაცვლევინა, პუტინია. მან დამარწმუნა, რომ კრემლი, მიუხედავად იმისა, ვინ ზის შიგნით მოცემულ მომენტში, მეზობლებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, რუსეთის ყველა მეზობელი შეფიქრიანებული უნდა იყოს, უნდა ზრუნავდეს საკუთარი უსაფრთხოების მაქსიმალურად გაძლიერებაზე, რადგან რუსეთმა, სულ მცირე, ამ მთავრობის პირობებში, ცხადყო, რომ არ აპირებს მეზობლებს მოსვენებისა და მშვიდად ცხოვრების საშუალება მისცეს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG