Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ის გამარჯვების და მხნეობის სიმბოლოა”- ინტერვიუ “პატრონის” პატრონთან


პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის „პატრონი“ და „პატრონის“ პატრონიც, იმ გმირებთან ერთად, ვინც უკრაინის მიწას იცავენ, სპეციალური მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის „პატრონი“ და „პატრონის“ პატრონიც, იმ გმირებთან ერთად, ვინც უკრაინის მიწას იცავენ, სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

მას სუპერგმირის არც სახელი აქვს და არც მანტია - და მაინც, „პატრონი”, ქართულად „მასრა”, მსოფლიომ ჯავშანჟილეტით და სუპერგმირობებით გაიცნო - უკრაინის ოთხფეხა დამცველის ორწლინახევრის ჯეკ რასელ ტერიერის პროფესიონალიზმსა და სიბეჯითეს შთამბეჭდავი სტატისტიკა ადასტურებს - უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის მიხედვით, პატრონმა ომის დაწყებიდან 150-ზე მეტი ნაღმი გაანეიტრალა. ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძაღლია და უცხოელი პოლიტიკური ლიდერები თუ ვარსკვლავები (ბოლოს ორლანდო ბლუმი ეწვია) ხშირად სტუმრობენ. გამნაღმველების დანაყოფში ხუმრობენ, რომ უკრაინაში ვიზიტად ჩამოსული უცხოელი ლიდერები ჯერ პრეზიდენტ ზელენსკისთან თათბირობენ, შემდეგ კი „პატრონთან“ „პრაქტიკულ დეტალებს აზუსტებენ“.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის „პატრონი“ და „პატრონის“ პატრონიც, იმ გმირებთან ერთად, ვინც უკრაინის მიწას იცავენ, სპეციალური მედლით დააჯილდოვა. „ბრწყინვალე გამნაღმველი”, - ასე შეაფასა ზელენსკიმ „პატრონის” მოღვაწეობა.

დაუნინგსტრიტელი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის რეზიდენცია) კატა ლარის მსგავსად, „პატრონიც“ ზოგჯერ დიპლომატიურ სკანდალებში ეხვევა, - ამბობენ, რომ ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის სტუმრობისას, „პატრონი“ გუნებაზე ვერ ბრძანდებოდა და მისალმების ნაცვლად, თავიდან საპატიო სტუმრისთვის ხელზე კბენა სცადა... სოციალურ ქსელებში ხაზგასმით აღნიშნეს ის „საეჭვო” ფაქტიც, რომ „პატრონი“ ერთობ თვინიერი და კეთილზნიანი გახლდათ სუნაკის წინამორბედის, ბორის ჯონსონის სტუმრობისას.

შთამბეჭდავი პროფესიული ბიოგრაფიის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ „პატრონი“ სრულიად შემთხვევით იქცა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ნაღმების მაძებარ ძაღლად. „თავდაპირველად ის სახლის ძაღლად და კომპანიონად შევიძინეთ“, - გვეუბნება მიხაილ ილიევი, „პატრონის“ პატრონი და მწვრთნელი, რომელიც თავისი პატარა პროტეჟეს მიღწევების გამო სიამაყეს ვერ მალავს. და ჰყვება, როგორ იქცნენ ის და „პატრონი“ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოებად ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში.

„ჩერნიგოვის რეგიონში პიროტექნიკის დანაყოფს ვხელმძღვანელობ. ნაღმების გაუვნებელყოფა გვევალება - 2014 წლიდან ამ საქმეში ვართ. რაც შეეხება „პატრონს“, მისთვის ალბათ პატრონზე მეტად, უფრო მენტორი ვარ. ძალიან შრომატევადი საქმე გვაქვს - როგორც დანაყოფის ადამიან წევრებს, ასევე „პატრონსაც“. - რუსებმა ომში ვერ ივარგეს, მაგრამ ნაღმების დატოვებაში „იყოჩაღეს“ - ძალიან ბეჯითად იმუშავეს და რაც შეეძლოთ, დაგვინაღმეს უკრაინის მიწა. სამწუხაროდ, ზუსტ ვადასაც კი ვერ გეტყვით, რაც მხოლოდ ჩვენი რეგიონის სრულიად განაღმვას დასჭირდება. თუ გაგვიმართლა, ალბათ წელიწადს მოვანდომებთ. თუ არა, მეტს“, - ამბობს მიხაილი.

„ჩვენი "შვილობილი" ორწლინახევრისაა - სიყმაწვილის ასაკიდან უკვე გამოვიდა. თავიდან ჩემი შვილისთვის ვიყიდე - ვგეგმავდით, გაგვეწვრთნა და გამოფენებზე გაგვეყვანა. ჯეკ რასელი ზოგადად ჰიპერენერგიული ჯიშია, მაგრამ „პატრონი“ ჯიშის სტანდარტებითაც კი ანომალიაა - უზღვავი ენერგიის პატრონია. „სახლის ცხოვრება“ და სიმშვიდე აშკარად არ მოსწონდა და თანდათან, მე ამეტორღიალა საველე გასვლებისას. დავიწყეთ წვრთნები და მალევე ცხადი გახდა, რომ უკიდურესად ნიჭიერ და ალღოიან მოწაფესთან გვქონდა საქმე. შემდეგ, ასე ვთქვათ, „სტაჟირებაზე“ გავუშვით - ამ საქმის პროფესიონალებს მივაბარეთ და იქაც თავი გამოიჩინა. ისწავლა ნაღმების იდენტიფიცირება. ყნოსვით აგნებს იმ სუბსტანციას, რაც ნაღმშია - ეს იყო სპეციალური ტრენინგის არსი, ეს ასწავლეს იმ კურსებზე. 6 თვისამ დაამთავრა ინტენსიური ტრინინგი, ითვლებოდა უკიდურესად ნიჭიერ და ჭკვიან სტუდენტად, მაგრამ რეალური მისიის შესასრულებლად პირველად მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ წავიყვანეთ. ომმა, როგორც ჩვენ ყველა, „პატრონიც“ გამოაწრთო - სავსებით მშვიდად რეაგირებს სროლაზე, აფეთქებებზე.

„პატრონი”/„მასრა“ ჩემმა შვილმა დაარქვა. დიდხანს ვერ შევურჩიეთ შესაფერისი სახელი - სტანდარტული სახელები ვცადეთ, მაგრამ რაღაცნაირად არ უხდებოდა. მერე ჩემი ათი წლის ბიჭს, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით, მოუვიდა იდეა: მოდი, „პატრონი“ დავარქვათო. ასეც ვქენით - ფაქტია, მოუხდა სახელი.

ის ჩვენს ერთგვარ თილისმადაც იქცა ჩვენს ბრძოლასა და ქვეყნის დაცვაში. გუნდის შემართებასაც ამაღლებს. და მთელ უკრაინას - მთელ მსოფლიოსაც - ამცნობს, რომ ჩვენზე დაყრდნობა შეიძლება, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. „პატრონი“ გამარჯვების და მხნეობის სიმბოლოა - უკრაინისა და მთელი მსოფლიოსათვის“.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG