Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები და მესამე ქვეყნები - ევროკავშირი "ხვრელების ამოქოლვის" გზაზე


აშშ-ის მსგავსად, ახლა უკვე ევროკავშირიც აქტიურად ცდილობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების გზაზე, ყველანაირი ხვრელი ამოქოლოს. სამიზნე შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ქვეყნის იურიდიული თუ კერძო პირი, რომელიც ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

ექსპერტების შეფასებით, ევროპული მექანიზმი უფრო და უფრო უახლოვდება მეორად სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ ამოქმედებულ წესებს.

სამხედრო დახმარების პარალელურად, საერთაშორისო თანამეგობრობა ეკონომიკურ სანქციებს განიხილავს მძლავრ მექანიზმად რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მარწუხები სულ უფრო უჭერს რუსეთს მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ, მშვიდობიან სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი, სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა.

ევროპაც, აშშ-ის მსგავსად

სულ ახლახან, 62 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი, გრეჰემ ბონემ კარტერი, ლონდონში, ამერიკული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მისი დანაშაულია რუსი მილიარდერის, ოლეგ დერიპასკას ქონების უკანონო მართვა.

მართალია, აშშ-მა დერიპასკას სანქციები 2018 წელს დაუწესა, მაგრამ 2022 წლის სექტემბერში იუსტიციის დეპარტამენტმა ის სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მდიდარი ბიზნესმენი შემჩნეულია რუსეთის ინტერესების დაცვასა და ვლადიმირ პუტინის აქტივების გათეთრებაშიც კი.

სანქცირებულთა დახმარებისთვის პასუხის მოთხოვნა, მათ შორის - მესამე ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, აშშ-სთვის წლების პრაქტიკაა და ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც აქტიურად გრძელდება. მაგალითად, 9 სექტემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სანქციების დაწესების შესახებ თეირანში დაფუძნებულ კომპანია „Safiran Airport Services“-ისთვის, რომელიც, ვაშინგტონის ცნობით, ჩართული იყო რუსეთში სამხედრო თვითმფრინავებით ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, დამატებითი დანადგარებისა და თანმხლები პირების ტრანსპორტირებაში. სანქციები ასევე დაუწესდა აპარატების მწარმოებელ სამ ირანულ კომპანიასაც. გაიყინა მათი აქტივები და აიკრძალა ნებისმიერი სახის გარიგება სანქცირებულ კომპანიებთან, მათ შორის - მესამე ქვეყნებისთვისაც.

ეს ინფორმაცია დროში დაემთხვა ირანული კომპანიის თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ ინფორმაციით გამოწვეულ ხმაურს. ირანის სახელმწიფო ავიახაზები, Iran Air-ი, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნოდა, აშშ-ის მიერ 2011 წლიდან არის სანქცირებული. საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად აცხადებდა, რომ რეისი არასანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია "ირან ეარ კარგომ" (Iran Air Cargo) შეასრულა.
საქაერონავიგაციამ მაშინ განაცხადა, რომ ირანული ავიაკომპანია [Iran Air] არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში და ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად“ სამოქალაქო თვითმფრინავი „არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მეორადი სანქციების დაწესების მიმართულებით, ევროკავშირმა აშშ-ის პრაქტიკის გაზიარება დაიწყო და ეს პირველად რუსეთისთვის სანქციების მე-8 პაკეტის დამტკიცების დროს გამოჩნდა.

„ეს არის 180 გრადუსით შემობრუნება ევროკავშირის მხრიდან, რომელიც ბოლო დრომდე აკრიტიკებდა აშშ-ის მიერ [სანქციების] არაამერიკელების მიმართ დაწესებას“, - ეუბნება Forbes-ს ბრიუსელში დაფუძნებული საკონსულტაციო ფირმა EuTradeDefense-ს წარმომადგენელი, ტომაშ ვლოსტოვსკი.

ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტში მესამე ქვეყნებზე ნათქვამია, მაგალითად, რომ:

  • ევროკავშირის კანონმდებლობაში შეიქმნება საფუძველი მესამე ქვეყნებში ზღვით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დასაწესებლად და დაწესება დამატებითი შეზღუდვები მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში; [თავად ევროკავშირმა უკვე თქვა უარი ნავთობის ზღვით ტრანსპორტირებაზე];
  • აკრძალვას ტექნიკურ დახმარებაზე, საშუამავლო მომსახურებაზე, დაფინანსებასა და ფინანსურ დახმარებაზე რუსული წარმოშობის ან რუსეთიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში ზღვით გადაზიდვის დროს, თუკი ზღვრული ფასი არ იქნება დაცული.

ხვრელები

„ჩვენ ვაძლიერებთ ბრძოლას სანქციების გვერდის ავლის სქემების წინააღმდეგ. პირები, რომლებიც საქონელს ყიდულობენ ევროკავშირში, გადააქვთ მესამე ქვეყნებში და შემდეგ - რუსეთში, მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში“, - ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას BBC ავრცელებს.

სანქციების მე-8 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პრაღის სამიტის დროს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეშფოთებას იწვევს რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელები“, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც სურთ ან უკვე დგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები იგულისხმებოდა.

სანქციებს მეცოლა „დემოკრატიის ფასს“ უწოდებს.

ომამდე, ევროკავშირს მესამე ქვეყნებთან მიმართებით სანქციების მექანიზმები მხოლოდ ადამიანის უფლებების კუთხით ჰქონდა ამოქმედებული.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა. მასმაგნიტსკის ევროპულ კანონსაცუწოდებენ და ითვალისწინებს სანქციებს ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. მაგალითად, ერთი წლის წინ, „მაგნიტსკის აქტისევროპული ანალოგით ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქისა და ოთხი კომპანიის მიმართ.
ევროკავშირმა ეს მექანიზმი პირველად გამოიყენა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და გასამართლების პროცესთან დაკავშირებით. მაშინ სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ოთხი მოქალაქე.

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ ევროკავშირის სანქციები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეეხება საქართველოს წარმომადგენლებს, რადგან „ცივილიზებულმა მსოფლიომ აირჩია რუსეთთან ეკონომიკური ომი, ხოლო საქართველო, სამწუხაროდ, ამ ომის მეორე მხარეს დგას“.

„ვაჭრობა პიკშია, რუსეთიდან გადმოზიდვები რეკორდებს ხსნის; საქართველოში რეგისტრირებულია რუსეთის მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობის ბიზნესი, მათ შეუძლიათ შეუფერხებლად გახსნან ანგარიშები ნებისმიერ ქართულ ბანკში “, - ამბობს ხუხაშვილი და ის ამ პროცესში რისკებს ხედავს.

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) აგვისტოს კვლევის მიხედვით: მხოლოდ მარტიდან ივნისამდე, 4 თვეში, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაარეგისტრირეს 6419 კომპანია (თითქმის იმდენივე, რამდენიც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში). 30 ივნისის მდგომარეობით, სულ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული, ან რუსული კომპანიების შვილობილი 13 500-მდე იურიდიული პირია აღრიცხული.
  • IDFI-ის კვლევის თანახმად: კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 60 ათასს აჭარბებს; ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ნაშთის მოცულობა 1,2 მილიარდი ლარით (170%) გაიზარდა; საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.

საქართველო არ მოხვდა რუსეთის მიერ ევროპული ქვეყნების გადაზიდვებზე საპასუხოდ დაწესებული აკრძალვების სიაში. ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული „დასავლეთის სტრატეგიასთან სრულად დისტანცირებული“ პოლიტიკის შედეგია.

საქართველოს მთავრობამ უარი თქვა რუსეთისთვის ეროვნულ დონეზე შეზღუდვების დაწესებაზე, თუმცა, აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციებს იცავს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქართველი ხალხისთვის დაწესებული სანქციების ტოლფასია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG