სწორედ 21 დღე გავიდა 29 დეკემბრიდან - „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული და არაპირდაპირი წესით დამტკიცებული პრეზიდენტის ინაუგურაციიდან, 19 იანვრამდე - როცა მიხეილ ყაველაშვილმა 613 პატიმრის შეწყალების შესახებ ფეისბუკპოსტით განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი 14 დეკემბერს აირჩია საარჩევნო კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. ოპოზიციურმა პარტიებმა, სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უარი თქვეს დეპუტატობაზე და საარჩევნო კოლეგიაში მონაწილეობაზე. მათ მსგავსად, მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებენ: მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყაველაშვილის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილიც.
ზოგადად, შეწყალების ჰუმანიტარული აქტის მიმართ დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ როდესაც შეწყალების პროცესი ასე გასაიდუმლოებულია, ის უსამართლობის განცდას იწვევს ჯერ კიდევ საპატიმროში დარჩენილ პატიმრებში და ასევე ბადებს ეჭვებს, რომ - პროცესს საფუძვლად პოლიტიკური გარიგება უდევს.
გასაიდუმლოებული პროცესი და ბოლო 11 წლის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში მითითებული არ არის - თუ რა სამუშაო პროცესი უძღოდა წინ შეწყალების აქტს, ვისი ჩართულობით. განცხადებაში არაა ელემენტარული ინფორმაცია - დანაშაულის კატეგორიებისა და შეწყალებულთა სქესის შესახებაც კი.
ყაველაშვილის ადმინისტრაცია და გარემოცვა ამ დრომდე შეკითხვებს არ პასუხობენ. „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაუკავშირდნენ ყაველაშვილის ადმინისტრაციას, მაგრამ მიიღეს პასუხი, რომ - მან დისკრეციული უფლებით ისარგებლა.
„დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწრო-პარტიული ინტერესებით გამოიყენა“, - აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი 20 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვე განმარტებულია, რომ - ჰუმანური სამართლებრივი მექანიზმების თვითნებურად გამოყენება „საფრთხეს უქმნის როგორც ზოგადად მთლიანად საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტული დანაშაულის მსხვერპლების დაცულობის და სამართლიანობის განცდას“.
613 პატიმრის ერთბაშად შეწყალება ბოლო წლების პრაქტიკის რეკორდული მაჩვენებელია. „ქართული ოცნების“ პირობებში, ამაზე მაღალი ერთჯერადი მაჩვენებელი 2013 წელს იყო, როცა შეწყალების აქტი ერთბაშად 857 მსჯავრდადებულს შეეხო. მას შემდეგ - წლიური მაჩვენებლებიც კი ძირითადად 613-ზე ნაკლებია.
- 2014 წელი - 555 მსჯავრდებული
- 2015 წელი - 730
- 2016 წელი - 579
- 2017 წელი - 548
- 2018 წელი - 362
- 2019 წელი - 47
- 2020 წელი - 20
- 2021 წელი - 18
- 2022 წელი - 23
- 2023 წელი - 46
- 2024 წელი - 69.
შეწყალების სტატისტიკაზე „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია მიუთითებს, 20 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ის ასევე ვარაუდობს, რომ ყაველაშვილის შეწყალება შეეხოთ „ქართული ოცნების“ ბოლო ამნისტიის მიღმა დარჩენილ მსჯავრდადებულებს და შესაბამისად - მათ, ვისაც „საშიში დანაშაულები“ აქვთ ჩადენილი.
„TV პირველის“ ინფორმაციით, რომლის დადასტურება რადიო თავისუფლებამ დამოუკიდებლად ვერ მოახერხა, შეწყალებულთა შორის, სავარაუდოდ, არის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პირი, რომელიც „სისხლიან გარჩევაში“ მონაწილეობდა.
„"გამჭვირვალობის კანონის" მიმღებმა ხელისუფლებამ იქნებ გვითხრას, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს, რატომ, შეწყალების კომისიაში ვინ იყვნენ და როგორ მოახერხეს ეს ასე მოკლე დროში“, - წერს ლონდა თოლორაია.
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 20 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ არც მან იცის - როგორ შეარჩია მიხეილ ყაველაშვილმა შესაწყალებელი მსჯავრდადებულები.
„მე მომხრე ვარ შეწყალების, მომხრე ვარ ამნისტიის, ოღონდ ეს უნდა იყოს პროპორციული იმ საფრთხეებთან, რაც საზოგადოებისთვის უნდა იყოს. არ ვიცი, პრეზიდენტს შიგნით როგორი სტრუქტურა აქვს - ვინ სწავლობს ამ საქმეებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეწყალების აქტი, რომელიც განხორციელდება ამ ქვეყანაში, არ წარმოშობდეს უსაფრთხოების რისკებს… ამაზე პასუხისმგებლები ვინც არის, ალბათ იმათმა უნდა გასცენ პასუხი“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა, 20 იანვარს.
ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა როგორც მიხეილ ყაველაშვილს, ასევე თავისი მინისტრთა კაბინეტის წევრებს - ყაველაშვილთან თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობა ვერ ხერხდებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
როგორ მოასწრო?
ეს ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რომელიც ყაველაშვილის ფეისბუკპოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა.
კანონის მოთხოვნების თანახმად, შესაწყალებელი პატიმრების შერჩევა საკმაოდ დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს - მიხეილ ყაველაშვილი ან მისი გუნდი თითოეული პატიმრის საქმეს უნდა გასცნობოდა: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს; მსჯავრდადებულის წარსულ ცხოვრებას; ოჯახურ თუ ეკონომიკურ პირობებს; ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
ცალკე გასათვალისწინებელია, ვისი შეწყალება არ შეიძლება და რა რისკები არსებობს.
„613 მსჯავრდებულის შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ყაველაშვილმა მხოლოდ ამ რაოდენობის საქმე განიხილა. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მან ყველა შესული განცხადება დადებითად დააკმაყოფილა. შესაბამისად, კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით“, - ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
შეწყალების წესი 2019 წელს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა. გაუქმდა შეწყალების კომისია, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.
არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი სამსახური, უცნობია.
სხვა უპასუხო კითხვები
ზოგადად, შეწყალების აქტის მიმართ არასამთავრობო სექტორისა და უფლებადამცველების, ისევე, როგორც პოლიტიკოსების მიდგომა დადებითია - ადამიანებს გამოსწორების შანსი უნდა მიეცეთ. თუმცა დღეს ბევრი უფლებადამცველი გამოთქვამდა ეჭვს, რომ 2025 წლის რეკორდული შეწყალებისას ხელისუფლებას ჰუმანიტარული მიზნები ამოძრავებდა; ამ ეჭვების საფუძველი მათთვის გახდა შექმნილი ვითარება, როცა საპროტესტო აქციების ათობით მონაწილე, ადვოკატების შეფასებით, დაუსაბუთებელი ბრალდებებით რჩება საპატიმროში, და არ გამოვლენილა და დასჯილა არცერთი ძალოვანი, ვინც აქციების დროს დაკავებულებზე იძალადა.
19 იანვარს გამოცემული შეწყალების მასშტაბური აქტის შესახებ საუბრისას უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნება“ იხდის არჩევნების დროს „კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფებისგან“ მიღებული დახმარების ერთგვარ საფასურს, ამის შესახებ საუბარია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ამომრჩევლების ირიბ მოსყიდვად შეფასდა 2024 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ამნისტიაც, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში 17 სექტემბერს დაამტკიცეს.
- „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ამნისტია ითვალისწინებდა: დაახლოებით 1000 მსჯავრდადებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ხოლო 4800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდა 7000-მდე პრობაციონერს. ამნისტია შეეხო სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტ მუხლს და გავრცელდა 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.
- ამნისტია არ შეეხო მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ქართულ ოცნებაზე“ და არჩევნებამდე გაცილებით ადრე, ამნისტიის ინიციატივა „გირჩს“ ეკუთვნოდა - „გირჩი“ უფრო ფართო, საყოველთაო ამნისტიას ითხოვდა და სურდა, რომ, მაგალითად, ¼-ით მაინც ყველა პატიმრის სასჯელი შემცირებულიყო და 35-წლიანი პატიმრობით შეცვლილიყო უვადო პატიმრების სასჯელი.
მაშინ „გირჩი“ რადიო თავისუფლებასთან ინიციატივას ასე ხსნიდა, რომ, „ციხის საკითხი "ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნოდ არის ხოლმე ხმების მობილიზების ერთ-ერთი მთავარი თემა“ და ამნისტიის თემის ადრე წამოწევით, „ქართულ ოცნებას“ ამ ნაბიჯის არჩევნებამდე გადადგმისკენ უბიძგეს და თუკი „ქართული ოცნება“ არაფერს გააკეთებდა, მას პატიმრების ოჯახებში დაპირებებით მისვლის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა.
რაღაც საკითხების გატანა „გირჩმა“ „ქართული ოცნების“ ამნისტიის ფარგლებშიც მოახერხა, მაგრამ ბევრად ნაკლების, ვიდრე სურდათ.
ახლა, „გირჩის“ წარმომადგენელი, სანდრო რაქვიაშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ 613 მსჯავრდებულის რაღაც ნაწილმა შეწყალების დაპირება „ქართული ოცებისგან“ სწორედ წინასაარჩევნოდ მიიღო, მაგრამ „ამის ყველაზე გავრცელება არ იქნებოდა სამართლიანი“.
გულის მოგება - რაქვიაშვილის მიერ დასახელებული მეორე შესაძლო მიზეზია.
„ყაველაშვილის მიმართ არაფერი განსაკუთრებული ნდობა არ არსებობს იმ გაგებით, რომ ყველას ესმის, როგორ დანიშნეს და ასე შემდეგ... და ამიტომ ხალხის რაღაც ნაწილში, პატიმრების ოჯახის წევრებში და უშუალოდ - პატიმრებში, და არ არის ეს ცოტა ადამიანი, სინამდვილეში, კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ეს ნაბიჯი გადადგეს, რომელიც ბევრად უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა ყოფილიყო და კარგი იქნებოდა, [სალომე ზურაბიშვილს] გაეკეთებინა...
პრობლემა ის არის, რომ ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე და გასაგები და [საპატიმროში მყოფმა] ადამიანმა არ იცის, უნდა ჰქონდეს თუ არა ყაველაშვილის იმედი მომავალში, ან რა უნდა მოიმოქმედონ, რომ შეიწყალონ“, - სანდრო რაქვიაშვილი იხსენებს, რომ მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ შეწყალების პასიური პროცესის გამო და უშედეგოდ მოუწოდებდნენ, რომ „შეწყალება პოლიტიკურ პროცესად ექცია“.
რაქვიაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შეწყალების შედეგად ციხიდან გამოსული ადამიანები, შესაძლოა, აქტივისტების წინააღმდეგ ე.წ. ტიტუშკებად გამოიყენონ.
„არც კი წარმომიდგენია, რა შუაშია ტიტუშკების თემა, გეგონება „ქართულ ოცნებას“ ვიღაცის ცემის ნაკლებობა ჰქონდეს. მთელი სახელმწიფო აპარატი მაგათ ხელშია და 100 ადამიანით მეტი ეყოლება თუ ნაკლები, არაფერ შუაში მგონია“, - ამბობს რაქვიაშვილი. ასეთი ეჭვი, რომ გათავისუფლებულები ე.წ. ტიტუშკების ჯგუფებს შეუერთდებოდნენ, აქტივისტებმა გამოთქვეს.
ეჭვების საფუძველი გაუმჭვირვალე პროცესი გახდა.
გაჟონილი სქემები
რამდენიმე წლის წინ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად პატიმარმა სოსო გოგაშვილმა საჯარო გახადა მექანიზმი, რომელიც, მისი მტკიცებით, აღწერდა, თუ როგორ ახდენდა „ქართული ოცნება“ ამომრჩევლების ხმების მობილიზებას, მათ შორის - მოქალაქეების მიერ წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებითა და გარკვეული სარგებლით უზრუნველყოფით.
მასალები გოგაშვილმა, ორი წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ [TI] და „სამართლიან არჩევნებს“ [ISFED] გადასცა. ამ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი შესაბამისი კვლევა 2022 წლის ივლისში გამოაქვეყნა.
გოგაშვილის მიერ აღწერილი სქემის თანახმად, სახელისუფლებო პარტია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით, კონკრეტულ ადამიანებს სავარაუდოდ სთავაზობდა: პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას) თუ სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას.
ფორუმი