„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის ლეგიტიმაციას არ ცნობენ მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი, 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებმისამართი ამ დრომდე გათიშულია და წერია, რომ ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
შეწყალების აქტი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოიცა. გავრცელებულ განცხადებაში არ წერია, რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს შეეხო შეწყალება.
ამ საკითხების დაზუსტებას ცდილობს რადიო თავისუფლება, იმის გათვალისწინებით, რომ შეწყალებულთა რიცხვი სხვა პრეზიდენტების მიერ გამოცემულ იდენტურ აქტებს საგრძნობლად აღემატება. ინფორმაცია მიღებისთანავე აისახება ტექსტში.
დავუკავშირდით მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც, თუმცა ამ ეტაპზე ის არ პასუხობს რადიო თავისუფლების ზარებს.
2022 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ 9 389 პატიმარი იყო.
შეწყალების წესი 2019 წელს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა. გაუქმდა შეწყალების კომისია, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.
შეწყალების უფლების გამოყენებისას პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს:
ა)
- დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი;
- დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი;
- მსჯავრდადებულის წარსული ცხოვრება;
- ოჯახური და ეკონომიკური პირობები;
- ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- ასაკი;
- სასჯელის მოხდის ვადა;
- ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის;
- წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა;
- ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს;
- დაზარალებულის მოსაზრება;
- მსჯავრდადებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;
ბ)
- მსჯავრდადებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება;
- მსჯავრდადებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;
- ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე
- დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;
გ)
- მსჯავრდადებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;
დ)
- დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.
ვისი შეწყალების საქმეს არ განიხილავს პრეზიდენტი?
იმ მსჯავრდადებულის, რომელსაც:
ა) შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი; (შეწყალების წინა წესის თანახმად, მსჯავრდადებულს მოხდილი უნდა ჰქონოდა 15 წელი).
ბ) რომელიც მსჯავრდადებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი; (ეს წინა წესშიც ასე იყო).
გ) რომელიც მსჯავრდადებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (წინა წესის თანახმად, პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონოდა აღკვეთის ვადის ნახევარი).
დ) რომელიც მსჯავრდადებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი; (წინა წესდებით მოხდილი უნდა ჰქონოდა ვადის ერთი მესამედი).
ე) რომელიც იყო მსჯავრდადებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (წინა წესდებით, პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონოდა ვადის ნახევარი).
ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (ეს წინა წესდებაშიც ასეა).
ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდადებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; (ეს პუნქტი წინა წესდებაშიც ასე იყო).
თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; ( ეს პუნქტი წინა წესდებაშიც ასე იყო).
ი) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა; (ეს პუნქტიც იდენტური იყო წინა წესდებაში).
კ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას. (ეს პუნქტიც წინა წესდებაში ასე იყო ფორმულირებული).
გამონაკლისია, თუ მსჯავრდადებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.
შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც:
- მსჯავრდადებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;
- ასევე იმ პირს, რომელიც მსჯავრდადებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე.
- ან სხვა ნებისმიერ პირს.
მიმართვიდან ერთ თვეში სამსახური შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას, რომელშიც შედის განაჩენი, ჯანმრთელობის ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ. - ახალი წესის 3 მუხლის 4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
შესაბამის სამსახურებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურისათვის დოკუმენტების მისაწოდებლად ორკვირიანი ვადა აქვს.
ამ ვადების გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, როდის მოასწრო მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების მსურველთა საქმეების შესწავლა. მისი ინაუგურაციიდან მხოლოდ 20 დღეა გასული.
მიხეილ ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელი და ულტრამემარჯვენე „ხალხის ძალის“ დამფუძნებელია. მისი საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია 2024 წლის ბოლოს, პირველი არაპირდაპირი არჩევნების შედეგად მოხდა. პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად ის პირადად „ქართული ოცნების“ მილიარდერმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა და 14 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, მიხეილ ყაველაშვილს მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის 225-დან 224-მა წევრმა.
ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მე-6 პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. ყაველაშვილი იყო სადავო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი 2023 წელს.
ფორუმი