Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისრაელი სირიის ზონებად დაყოფის წინადადებით გამოდის რეგიონში თურქეთის როლის გამო

ისრაელი სირიის ზონებად დაყოფის წინადადებით გამოდის რეგიონში თურქეთის როლის გამო


ისრაელელი ჯარისკაცი გოლანის მაღლობებზე. 25 მარტი, 2025 წელი
ისრაელელი ჯარისკაცი გოლანის მაღლობებზე. 25 მარტი, 2025 წელი

ისრაელი არ დაუშვებს თურქული ჯარების განლაგებას გოლანის მაღლობებთან. თურქეთის რეგიონში ყოფნა მომავალ კვირას განიხილება ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, იუწყება გამოცემა Ynet-ი.

ისრაელი შიშობს, რომ თურქეთს შეუძლია სირიაში ბაზების გამოყენება დრონებისა და საჰაერო თავდაცვისთვის, რაც გაართულებს საზღვრის დაცვის ძალისხმევას და შესაძლოა სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანოს, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გასული წლის ბოლოს ექსპრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემამდე, ისრაელთან დამაკავშირებელ სირიის სასაზღვრო ზონაში რუსეთის ძალები იყვნენ დისლოცირებული, რომლებთანაც, სავარაუდოდ, ისრაელის მხარეს კომუნიკაცია მოწესრიგებული ჰქონდა. თუ ამ რეგიონში თურქეთის არმია შევა, ისრაელს მოუწევს, ყურადღებით განიხილოს ნებისმიერი ქმედება თავისი მოქალაქეების დასაცავად და გაითვალისწინოს, გამოიწვევს თუ არა ასეთი ქმედებები თურქეთთან სამხედრო კონფლიქტს.

ისრაელი ასევე შეშფოთებულია, სირიიდან ღაზის სექტორამდე, თურქეთის ეგიდით სუნიტური ისლამისტური ღერძის ჩამოყალიბებით, რამაც შეიძლება შეცვალოს ირანის შიიტური გავლენა.


ამავე დროს, თურქეთი ინარჩუნებს ისრაელთან კომუნიკაციის დიპლომატიურ არხებს და დიალოგი გრძელდება.

ისრაელის წინადადება ითვალისწინებს სირიის დროებით დაყოფას შეერთებული შტატების, რუსეთისა და თურქეთის გავლენის ზონებად სირიის გარდამავალი მთავრობის მონაწილეობით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

სირიის ახალდანიშნული კაბინეტი, სავარაუდოდ, ხუთი წელი იმუშავებს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებები შევა და საყოველთაო არჩევნები ჩატარდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG