Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტია და არჩევნები - "გირჩის" კანონპროექტის ნაცვლად "ოცნება" თავისას გაიტანს


რუსთავის ციხის კედელი
რუსთავის ციხის კედელი

ამნისტიის შესახებ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უყურადღებოდ დარჩა. „ქართული ოცნება“ კი საკუთარი ვარიანტის გატანას გეგმავს - ბევრი მსჯავრდებული საპატიმროებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვებს.

წმინდა სამართლებრივი და ჰუმანიტარული მიზნების მიღმა, წინასაარჩევნო ამნისტია სადავო თემად რჩება საქართველოში როცა მთავარ მიზნად „ამომრჩევლების გულის მოგება“ ჩანს.

სწორედ არჩევნების პერიოდს ემთხვევა „ქართული ოცნების“ არაერთი ამნისტია.

ევროპის საბჭოს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ციხეებში პატიმართა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზე რჩება.

ოპოზიციამ ამნისტიის პროექტი თებერვალში დაარეგისტრირა

28 ივნისს, როდესაც პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდიოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამნისტიის შესახებ კანონპროექტი თითქმის უკვე მომზადებული აქვს და პატიმართა რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს.

ხელისუფლება აპირებს, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტი ივლისში დაამტკიცოს, ხოლო დანარჩენი ორი მოსმენით - სექტემბერში.

ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო იყო პირველ რიგში ჩართული სამუშაო პროცესში... უკვე არის შედგენილი, მომზადებული სია შესაბამისი მუხლებისა და პუნქტების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას, - უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარტია „გირჩის“ დეპუტატს, ჰერმან საბოს, რომელიც დაინტერესდა - საერთოდ აპირებს თუ არა ხელისუფლება ამნისტიის მიღებას, მაშინ, როცა მათი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში უყურადღებოდ დარჩა.

ბოლო თვეებში, თავიანთ საჯარო გამოსვლებში, "გირჩის" დეპუტატები მუდმივად ახსენებდნენ ამნისტიას.

დეპუტატი ჰერმან საბო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლების გეგმის შესახებ „გირჩმა“, 28 ივნისს, ირაკლი კობახიძისგან შეიტყო, მაგრამ არ გაუკვირდათ:

„ჩვენ მთელ ამ პროცესში იმის გაცნობიერებით ვართ შესული, რომ "ქართული ოცნება" უბრალოდ ამ თემას [ამნისტიას] არავის "აჩუქებდა"... ჩვენ შევქმენით წინაპირობა, რომ ეს თემა გახდა მნიშვნელოვანი და "ქართულმა ოცნებამ" ჩათვალა, რომ რამე უნდა ეპასუხა ამ ყველაფერზე“, - ჰერმან საბო განმარტავს, რომ „გირჩმა“ თავისი ავტორობით შექმნილ ვერსიაში სხვა საპარლამენტო ოპოზიციური ძალების პოზიციებიც ასახა, მაგრამ უკვე თვეებია, დარეგისტრირებულ ვარიანტს პარლამენტში მტვერი ედება.

  • „გირჩის“ ოთხი დეპუტატის - იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოსა და ვახტანგი მეგრელიშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დარეგისტრირდა.
  • ინიციატორთა შორის მოხსენიებული არიან: „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები თუ დამოუკიდებელი დეპუტატები.
  • სიაში არ არიან პარტიების - „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები.

რა წერია ოპოზიციის კანონპროექტში?

„დღეს ციხეებში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, ამავდროულად, ნამდვილი დამნაშავეებიც კი ციხეში სხედან ზედმეტად მკაცრი, სასტიკი სასჯელით.... წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამნისტიის ამ პროექტით:

  • პირებს, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით და ამ ვადას გამოაკლდება უკვე მოხდილი წლები.
  • სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა [მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება] და 265-ე მუხლით [ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება] გათვალისწინებული დანაშაული.
  • სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
  • სასჯელი ¼-ით შეუმცირდებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

„გირჩის“ დეპუტატების გარდა, კანონპროექტის ინიციატორთა შორის დასახელებული არიან: დავით ხაჯიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, დავით კირკიტაძე, პაატა მანჯგალაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი გოდაბრელიძე, ანა წითლიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია, ტარიელ ნაკაიძე, ფრიდონ ინჯია, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე.

ამომრჩევლების გულის მოგება?

როგორც ჰერმან საბო ამბობს, „გირჩმა“ თადარიგი ორი მიზეზით დაიჭირა, რომ: 1. ოპოზიციონერ დეპუტატებში ყოფილიყო თანხმობა წინასაარჩევნო პერიოდისთვის მუდმივად სადავო [ამნისტიის] საკითხზე და 2. თუკი „ქართული ოცნება“ ამნისტიის მიმართულებით არაფერს გააკეთებდა, მას პატიმრების ოჯახებში დაპირებებით მისვლის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა - იმის გათვალისწინებით, რომ „ციხის საკითხი "ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნოდ არის ხოლმე ხმების მობილიზების ერთ-ერთი მთავარი თემა“.

მაგრამ ახლა - „ქართული ოცნება“ ოპოზიციის კანონპროექტს საბოლოოდ გვერდზე გადადებს და თავისას დაარეგისტრირებს, სავარაუდოდ - უკვე მიმდინარე კვირაში. „გირჩი“ თანამშრომლობისთვის მზად არის.

„აპრილიდან ვმუშაობთო ამნისტიაზეო - გვითხრეს. რა დასამალი იყო, არ ვიცი, მაგრამ ჯანდაბას, არა უშავს... არ არის ეს ["ოცნების" გეგმა ამნისტიაზე] ისეთი ფართო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ - არანაირი პრეტენზია არ მაქვს - მე ყველა კანონპროექტს მოვაწერ ხელს, რომლითაც ერთი ადამიანი მაინც გამოვა ციხიდან, რომელზეც ჩვენ ამდენს ვლაპარაკობთ“, - დეპუტატი საბო ამბობს, რომ ეცდებიან, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის დახვეწაში აქტიურად ჩაერთონ.

ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობის მანდატებითაც თავისუფლად მოახერხებს, ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 1 ივლისს განაცხადა, რომ მმართველ გუნდში დიდი ხანია „ამნისტიის შესახებ“ კანონზე ლაპარაკობენ და არჩევნებს არ უკავშირდება.

„თუ ადამიანი ამნისტიით გარეთ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ, - ამბობს გია ვოლსკი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც „გირჩის“ ინიციატივით შექმნილ კანონპროექტს აწერს ხელს, 1 ივლისს განაცხადა, რომ - ამნისტიის ინიციატივა ოპოზიციიდან მოდიოდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იგნორირება მოახდინა, ხოლო ახლა სურთ, რომ „საარჩევნოდ გამოიყენონ“.

„ზოგადად, ჩვენ ამნისტიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ "ქართულ ოცნებას" ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ - აი, ეს არის ნომერ პირველი პრინციპი. 26 ოქტომბერს დიდი ცვლილებების დღე მოდის, რომ საქართველომ სწრაფად ევროპისკენ სვლა გააგრძელოს“, - უთხრა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

თუკი „საკანონმდებლო მაცნეს“ საძიებო ველში ჩავწერთ სიტყვებს „ამნისტიის შესახებ“, ბევრ კანონს გვიჩვენებს - სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის დამტკიცებულს, 1991 წლის შემდეგ, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. მათ შორის არის ფინანსური ამნისტიები.

ამნისტიის შესახებ კანონების დამტკიცებას - წინასაარჩევნოდ, „ამომრჩეველთა გულის მოგების“ საშუალებას უწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.

„ერთი შეხედვით ყველაფერი გამართულია. იურიდიულად ამნისტიას პრობლემას ვერ მოუძებნი, მაგრამ როცა საარჩევნოდ იყენებ ამას [ამნისტიის მექანიზმს] - ამომრჩევლების მოსყიდვისთვის იყენებ ამას, აბა, რისთვის იყენებ?! ციხეში ვინც ზის, ყველას იმედი აქვს - აი, არჩევნები მოდის და იქნებ ახლა მეშველოს... ადამიანების ციხიდან გამოსაშვებად იყენებენ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმსაც, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია“, - ნიკა სიმონიშვილი ამნისტიის, როგორც ჰუმანური აქტის მომხრეა, მაგრამ პრობლემად თვლის, როცა „ამნისტია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებად ფორმდება“ და პოლიტიკური მიზნებით გამოიყენება.

"ოცნების" ამნისტიები

„ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პირველი მასშტაბური ამნისტია 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო და იმავე წლის მიწურულს დამტკიცდა. მას შემდეგ კიდევ არაერთი ამნისტია მიიღეს.

  • 2012 წლის დეკემბრის მიწურულს დამტკიცებული ამნისტია, სხვადასხვა სახით, ათასობით ადამიანს შეეხო და მათ შორის პარლამენტის დადგენილებით პოლიტპატიმრებად აღიარებულ 200-ზე მეტ პირს.
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ივნისში დამტკიცებული ამნისტია ათავისუფლებდა სს კოდექსის მთელი რიგი მუხლებით მსჯავრდადებულ 70 წლის ან მეტი ასაკის კაცს და 65 წლის ან მეტი ასაკის ქალს.
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაახლოებით ორ თვეში, 2021 წლის იანვარში პარლამენტში დაამტკიცეს საკმაოდ მასშტაბური ამნისტია, სს კოდექსის რამდენიმე ათეულ მუხლთან დაკავშირებით - პატიმრების გათავისუფლების ან სასჯელის შემცირების მიზნით.
  • 2021 წლით თარიღდება კიდევ ორი ამნისტია. ამ წელს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ პირები, მათ შორის - კოვიდის პერიოდის აკრძალვებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

მოქმედი ხელისუფლების ამნისტიებს შორის არის ასევე - პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებულიც. მაგალითად, 2021 წლით თარიღდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის [შარლ მიშელის] მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიღებული ამნისტია.

„მოსახლეობა გაგებით მოეკიდოს, რამდენადაც ეს პროცესი არის ჰუმანური და აუცილებელია საზოგადოებისთვის“, - ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირველი წლის განცხადებებიდან არის. ფრაზა - „გაგებით მოვეკიდოთ“ დღემდე რჩება ოპონენტების ლექსიკონში.

პატიმრების სიჭარბე

„ციხეები და პატიმრები ევროპაში 2023“ - ევროსაბჭოს ახალი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

2023 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 9568 პატიმარი იყო [წინასწარი პატიმრობის ჩათვლით].

პატიმრების საერთო რაოდენობა დიდ ქვეყნებში, ცხადია, უფრო მაღალია; მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, პატიმრების რიცხვი ძალიან მაღალია 100 000 მოსახლეზე გამოთვლით.

ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით:

  • საქართველო მეორე ადგილზეა 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით [256.1 პატიმარი]; მას უსწრებს მხოლოდ თურქეთი - [408.4 პატიმარი]; ხოლო მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი [243.9 პატიმარი].
  • საქართველოში ექვს თვეზე ნაკლებ სასჯელს პატიმართა 1%-ზე ნაკლები იხდის. ევროპული საშუალო მაჩვენებელი ამ მხრივ 8.3%-ს შეადგენს.
  • საქართველოში თავისუფლების აღკვეთის საშუალო ვადა 13.5 თვეს შეადგენს, რაც მაღალია ევროპულ მაჩვენებელზე.
  • საქართველოში პატიმრების საშუალო ასაკია - 44 წელი; საშუალო ევროპული ზღვარი კი - 38 წელია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრობლემას აღიარებს და დაგეგმილ კიდევ ერთ ამნისტიასაც ამით ხსნის.

„არ არის დღევანდელი მონაცემები ოპტიმალური. ჩვენ გვყავს 10 ათასამდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ახლო მომავალში სერიოზულად უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა, იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 28 ივნისს, პარლამენტში და განმარტა, რომ ევროპულ სტანდარტთან დასაახლოებლად „სასურველი იქნებოდა მინიმუმ 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება“.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „[ამნისტიის] კანონი, რომელიც არის მომზადებული, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს“.

საქართველოსთან დაკავშირებული სტატისტიკა ასევე პრობლემური იყო ევროპის საბჭოს წინა წლის ანგარიშში, რომელშიც 2022 წლის იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ასახავდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG