Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ამნისტიის გამოცხადებას აპირებს


29 აპრილი: პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები „აგენტების კანონის“ კანონის მხარდამჭერ აქციაზე.
29 აპრილი: პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები „აგენტების კანონის“ კანონის მხარდამჭერ აქციაზე.

მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს ამნისტიის კანონი, რომლითაც ციხეებიდან პატიმრებს გაათავისუფლებენ. არჩევნებამდე მისაღებ კანონზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, როცა პასუხობდა ოპოზიციონერ დეპუტატს ჰერმან საბოს პარტია „გირჩიდან“.

„უკვე არის შედგენილი სია შესაბამისი მუხლებისა და პუნქტების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს - ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია პენიტენციური სისტემა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 10 ათასამდე პატიმარია, რაც აღემატება ევროპულ მაჩვენებელს.

„ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს. ამისთვის სასურველი იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირება. ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც მომზადებულია, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს“, - ამბობს პრემიერი.

ირაკლი კობაიძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენენ, ივლისში კი შესაძლებელი იქნება მისი პირველი მოსმენით მიღება. იგეგმება, რომ „სექტემბერში სამივე მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება“.

საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამნისტიის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, 26 ოქტომბერს იმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG