Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრონტზე მძიმე ბრძოლების ფონზე, უკრაინაში რამდენიმე სამხედრო მეთაური დააკავეს


უკრაინელი სამართალდამცავები ერთბაშად რამდენიმე მაღალი რანგის უკრაინელი სამხედრო მეთაურის მიმართ აწარმოებენ გამოძიებას
უკრაინელი სამართალდამცავები ერთბაშად რამდენიმე მაღალი რანგის უკრაინელი სამხედრო მეთაურის მიმართ აწარმოებენ გამოძიებას

ორშაბათს უკრაინის უშიშროების სამსახურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები დააკავეს. ომის სამი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური დაკავებაა. ამ სტატიაში გიყვებით, რა მოხდა და რატომ.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დაკავებულია 2 გენერალი და ერთი პოლკოვნიკი, რომლებიც 2024 წელს ხელმძღვანელობდნენ ხარკოვის ოლქის თავდაცვას. ისინი ეჭვმიტანილი არიან მძიმე დანაშაულში, სამსახურებრივ გულგრილობაში, რამაც შესაძლებლობა მისცა რუსეთის ჯარს ხელთ ეგდო ოლქის ნაწილი.

მოგვიანებით უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიცერი, 155-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, "ანა კიევსკაიას" ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი დმიტრი რიუმშინი დააკავეს.

სწორედ ამ ბრიგადას უკავშირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი. დანაყოფი, რომელიც ამჟამად უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახიფათო უბანს, ქალაქ პოკროვსკის მიმართულებას იცავს, თვითნებურად 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიატოვა.

"მეთაურების მოქმედებამ გამოიწვია პირადი შემადგენლობის და შეიარაღების დაკარგვა"

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტელეგრამის არხით გაავრცელა უკრაინის არმიის ორი გენერლისა და ერთი პოლკოვნიკის დაკავების ამსახველი ფოტომასალა და შესაბამისი ინფორმაცია.

ოფიციალურ ცნობაში მითითებული არ იყო დაკავებულთა ვინაობა, სამაგიეროდ ზუსტად იყო აღწერილი დაკავებამდე მათი თანამდებობრივი სტატუსი.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ფიგურანტები არიან "ბრიგადის გენერალი, ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ხარკოვის" ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 125-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური და პოლკოვნიკი, რომელიც ამავე შენაერთში 415-ე ბატალიონს მეთაურობდა".

ამ ცნობების საფუძველზე უკრაინულ მედიას არ გასჭირვებია დაედგინა დაკავებულ ოფიცერთა ვინაობა.
"უკრაინსკა პრავდას" წყაროთა ცნობით, საუბარი უნდა იყოს ბრიგადის გენერალ იური გალუშკინზე, გენერალ-ლეიტენანტ არტურ გორბენკოსა და პოლკოვნიკ ილია ლაპინზე.

ამ მეთაურებმა "სამხედრო სამსახურისადმი თავიანთი გულგრილი დამოკიდებულებით შესაძლებლობა მისცეს რუსეთის ჯარებს, რომ ხელთ ეგდოთ ხარკოვის რაიონი ლიპეცკის ჰრომადის (თემის) რამდენიმე სოფლის ტერიტორია. მეთაურთა ქმედებებმა ასევე მოიტანა დანაკარგები პირად შემადგენლობასა და შეიარაღებაში, მათი პასუხისმგებლობის ზონაში ჩაშალა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ზომები", - ნათქვამია უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს განცხადებაში.

გამოძიება მიიჩნევს, რომ მეთაურებმა საჭირო დონეზე არ მოამზადეს თავდაცვითი საზღვრები, არ გაუწიეს ორგანიზება ქვეითი ძალების საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერას და მათზე დაქვემდებარებულებს დროულად არ მიაწოდეს ინფორმაცია მოწინააღმდეგის შემტევ ნაბიჯებზე.

დაკავებულები კიევში ჩაიყვანეს. სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"მეთაური არ რეაგირებდა თავისი ქვედანაყოფის სამართალდარღვევებზე"

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ და უშიშროების სამსახურმა 20 იანვარს დააკავეს ასევე 155-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი დმიტრი რიუმშინი და მისთვის ბრალის წარდგენას აპირებენ.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, გამოძიების თანახმად, მეთაური "არ რეაგირებდა თავის დანაყოფში არსებულ დარღვევებზე, მათ შორის მისი მებრძოლების მიერ სამხედრო დანაყოფის უნებართვო მიტოვებაზე".

არსებობს სხვა პრეტენზიებიც 155-ე ბრიგადის მეთაურის მიმართ. კერძოდ, მან არ "გაუგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს არცერთი შეტყობინება მისდამი დაქვემდებარებული იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს". არადა, ასეთი რამდენიმე ათეული ჯარისკაცი იყო. სამხედრო ნაწილი კი მათ იმ დროს მიატოვეს, როდესაც ბრიგადა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული მხარის დაფინანსებით გადიოდა წვრთნისა და აღჭურვის პროცესს.

155-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, "ანა კიევსკაია", სარდლობის ჩანაფიქრით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამაგალითო დანაყოფი უნდა გამხდარიყო. მისი მომზადება და აღჭურვა მთლიანად საფრანგეთის მთავრობამ ითავა. მაგრამ დანაყოფის წვრთნიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინაში დაიწყო საუბარი, რომ დეზერტირობის მასობრივი ფაქტების გამო ბრიგადა ფაქტობრივად ბრძოლისუუნაროა. ერთ-ერთი იმედისმომცემი ქვედანაყოფის, 155-ე ბრიგადის ისტორია ცნობილმა უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა და პორტალ "ცენზორ.ნეტის" მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა აცნობა საზოგადოებას. სხვადასხვა ანგარიშით, ქვედანაყოფი დატოვა დაახლოებით 1500-მა ჯარისკაცმა, რაც ბრიგადის პირადის შემადგენლობის თითქმის მესამედია.

სამართალდამცველმა სტრუქტურებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე, რომ უფლებამოსილების გადამეტებაში ეჭვმიტანილ პოლკოვნიკ დმიტრი რიუმშინს გამოძიების მსვლელობის განმავლობაში პატიმრობა მიუსაჯოს.

  • 155-ე ბრიგადაში შექმნილი ვითარება პირად კონტროლზე აიყვანა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაავალა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ოლექსანდრ სირსკის, რომ სრულად დაეკომპლექტებინა და აღეჭურვა ბრიგადა პირადი შემადგენლობითა და იმ საშუალებებით, პირველ ყოვლისა, დრონებით, რომლის დეფიციტსაც სამხედრო ნაწილი განიცდიდა.
  • როგორც "უკრაინსკა პრავდა" წერს, 7 იანვარს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ცალკეული 155-ე მექანიზებული ბრიგადა "ანა კიევსკაია" სრული შემადგენლობით ასრულებს საბრძოლო ამოცანებს პოკროვსკის მახლობლად; ბრიგადა გაძლიერდა უპილოტო ავიაციით და გადაეცა დამატებითი კომპლექტაცია.
  • უკრაინის სარდლობის ცნობით, ვითარება პოკროვსკის გარშემო სტაბილურად მძიმეა. 19 იანვრის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტები პოკროვსკიდან 3 კილომეტრში იმყოფებიან და ფლანგებიდან ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას.

  • რუსეთის ჯარები ცდილობენ, გვერდი აუარონ დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკს და ის ნახევარ რკალში მოაქციონ, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში განაცხადა ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ხორტიცის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორ ტრეგუბოვმა. მისი თქმით, ამ ტაქტიკას რუსეთის ჯარი მიმართავს იმისთვის, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის დაჯგუფებასთან პირდაპირ შეტაკება, რისი რესურსიც არ გააჩნია.
  • ომის კვლევათა ამერიკული ინსტიტუტის 13 იანვრის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯარმა პოკროვსკის გარშემო აღმოსავლეთით და დასავლეთით დამაკავშირებელი მაგისტრალები გადაჭრა.

    ომის შემსწავლელი ამერიკულმა ინსტიტუტის (ISW) ცნობით, 2025 წლის პირველ დღეებში რუსეთის არმია აქტიურად იპყრობს ახალ ტერიტორიებს პოკროვსკის სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG