Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარები ცდილობენ ნახევარ რკალში მოაქციონ ქალაქი პოკროვსკი - ოპერატიული დაჯგუფება "ხორტიცია"


ადგილობრივი მკვიდრი ქალაქ პოკროვსკში დაბომბვის შედეგად დაზიანებულ შენობასთან. 2024 წლის 19 დეკემბერი
ადგილობრივი მკვიდრი ქალაქ პოკროვსკში დაბომბვის შედეგად დაზიანებულ შენობასთან. 2024 წლის 19 დეკემბერი

რუსეთის ჯარები ცდილობენ, გვერდი აუარონ დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკს და ის ნახევარ რკალში მოაქციონ, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში განაცხადა ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ხორტიციის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორ ტრეგუბოვმა. მისი თქმით, ამ ტაქტიკას რუსეთის ჯარი მიმართავს იმისთვის, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის დაჯგუფებასთან პირდაპირ შეტაკება, რისი რესურსიც არ გააჩნია.

"რუსებს უბრალოდ არ აქვთ რესურსი, რომ ქალაქში ჯიქურ შემოიჭრან, როგორც ამას სხვა დასახლებებში აკეთებდნენ. ჯერ ერთი, მათ უკვე მნიშვნელოვნად უჭირთ რესურსების მხრივ, გაფლანგეს ეს რესურსი და მეორეც, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ პოკროვსკი არ არის რაიმე სახის დაბა.... ახლა ისინი ცდილობენ აიღონ სოფლები, თითო სოფელი გამოგვაცალონ, რათა ქალაქი ნახევარ რკალში, წრეში მოაქციონ. ეს სრულიად აშკარაა, რადგან მათ რომ შესძლებოდათ პოკროვსკის პირდაპირი შტურმით აღება, ისინი ამას უკვე გააკეთებდნენ", - თქვა ტრეგუბოვმა.

ასეთი ტაქტიკით რუსეთის ჯარი ცდილობს მოუჭრას ქალაქის დამცველ უკრაინის ჯარს ლოგისტიკური მომარაგების გზები, - დასძინა "ხორტიციის" წარმომადგენელმა.

ომის კვლევათა ამერიკული ინსტიტუტის 13 იანვრის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯარმა პოკროვსკის გარშემო აღმოსავლეთით და დასავლეთით დამაკავშირებელი მაგისტრალები გადაჭრა.

პროექტმა Deep State-მა და ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადეს, რომ 2025 წლის პირველ დღეებში რუსეთის არმია აქტიურად იპყრობს ახალ ტერიტორიებს პოკროვსკის სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG