პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი არჩილ ჯაველიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ 9-წლიანი მუშაობის შემდეგ საჯარო სამსახურს ტოვებს.
„როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია", - დაწერა მან.
არჩილ ჯაველიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და საჯარო სამსახურებში დაწყებული რეორგანიზაცია არ შეხებია. ამ ეტაპზე მეტი განმარტების გავრცელება არ სურს.
თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა რევაზ კაკულიამ. ტექსტი, რომელშიც ის სამინისტროდან წამოსვლის შესახებ წერს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერია.
„მადლობა საქართველო პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.
თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის.
ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად. ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით.
მისია, არ ამოწურულა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო – ვემსახურები საქართველოს“, – დაწერა კაკულიამ სოციალურ ქსელში.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პარალელურად, რიგი მოხელეებისაა თანამდებობას თავისი სურვილით და პროტესტის ნიშნად ტოვებს. ყველა მათგანი ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერია.
საჯარო მოხელეებმა სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ხმამაღლა მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც "ქართულმა ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი შეცვალა.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი საჯარო მოხელეა გათავისუფლებული სამსახურიდან. მათ ნაწილს ამის შესახებ ჯერ საჯაროდ არ უსაუბრია და არც რომელიმე ორგანიზაციისთვის არ მიუმართავს სამართლებრივი დახმარებისთვის.
ფორუმი