Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელი შიმშილობს


აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით.

​​​​​​​ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი საპატიმროში საკვებს არ იღებს. პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკეს.

„მას შემდეგ, რაც იმყოფება მეხუთე დაწესებულებაში, ის არ იღებს საკვებს. ამის შესახებ ინფორმირებულია ადმინისტრაცია. ეს არის მისი პროტესტის ფორმა“, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ, საიას თავმჯდომარემ.

„ნეტგაზეთმა“ გაავრცელა მზია ამაღლობელის წერილი, რომელიც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნა. მასში საუბარია შიმშილობაზეც:

„ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.

იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, - წერია მზია ამაღლობელის წერილში.

მისი გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქციები ყოველდღიურად იმართება.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობის მისჯას ითხოვს.

მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.

დღეს, 20 იანვარს, უკვე 54-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2023 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG