Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“  - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება


მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ჟურნალისტების აქცია იმართება კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. პროკურატურის ბრალდებით, პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„მზიას დაპატიმრება არის კრიტიკული ნიშნულის გადაკვეთა, ყველა წითელი ხაზის. რასაც რამდენიმე წლის წინ რუსეთში, ბელარუსში და აზერბაიჯანში ვუყურებდით, ზუსტად ასეთი სურათი გვაქვს ახლა საქართველოში. ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის რუსული ავტორიტარული რეჟიმის სურათი და ვეცდებით მზია დავიხსნათ“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ, „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა.

ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელები დახვდნენ.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქციის დროს, მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობდა მთავრობის სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ბოლო 50 დღეზე მეტია მრავალრიცხოვანი აქციები იმართება თბილისსა და სხვა ქალაქებში.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობის მისჯას ითხოვს.

მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.

დღეს, 20 იანვარს, უკვე 54-ე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2023 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ამ დროის განმავლობაში პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG