სანამ არმიის ოფიცერი გახდებოდა, აჰმედ ალ-ავდა პოეტი იყო და უნივერსიტეტში ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა.
8 დეკემბერს, როცა სირიის დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში გაიქცა, აჰმედ ალ-ავდა სამხრეთელ მეამბოხეებს შეუძღვა დედაქალაქ დამასკში. მათ იქ შეასწრეს აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ლიდერს, რომელიც ასადის წასვლის შემდეგ ახალი რეჟიმის მთავარ სახედ იქცა.
მაგრამ სირიაში ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა. ასადის მთავრობის დასრულების შემდეგ, ქვეყანას სხვადასხვა ჯგუფი ინაწილებს.
მტერი, მოკავშირე და მტერი
აჰმედ ალ-ავდას ცხოვრების პირველ წლებზე ბევრი დეტალი არაა ცნობილი.
თუმცა, მასთან დაახლოებული წყაროების მიხედვით, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე (ომი 2011 წელს დაიწყო) მან სირიის არმიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში წავიდა.
2012-ში, ომის დაწყების მეორე წელს, ალ-ავდა სირიის სამხრეთ რეგიონში, დარაში დაბრუნდა. როგორც ამბობენ, მაშინ დიდი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია.
2014 წელს ის „სირიის თავისუფალ არმიას“ შეუერთდა, ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ფართო კოალიციას.
თუმცა 2018 წელს, სირიის მთავრობის სამხრეთზე შეტევის შემდეგ, ალ-ავდამ რუსეთთან, ასადის მთავარ მოკავშირესთან, ე.წ. მორიგების შეთანხმებას მიაღწია.
შეთანხმების ფარგლებში ადგილობრივი მეამბოხეები ასადის მთავრობასთან „დაზავდნენ“, მძიმე შეიარაღება დათმეს და სამხრეთში დარჩნენ. სანაცვლოდ, მათ გარკვეული სახის ავტონომია მიიღეს და თავად აჰმედ ალ-ავდა ადგილობრივ ლიდერად ჩამოყალიბდა.
მოგვიანებით ალ-ავდა მერვე ბრიგადის მეთაური გახდა, დანაყოფის, რომელიც 2020 წელს რუსეთის მიერ დაფინანსებულ სირიის არმიის მეხუთე კორპუსს შეუერთდა.
2024 წელს კი ალ-ავდამ კიდევ ერთხელ იცვალა მხარე. ბაშარ ალ-ასადისთვის ფატალური აჯანყებისას სამხრეთელმა ლიდერმა რუსეთთან კავშირი გაწყვიტა, წინააღმდეგობას შეუერთდა და დამასკისკენ დაიძრა.
ჯოლანი VS ალ-ავდა
აჰმედ ალ-ავდასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, სამოქალაქო ომის პირველ ეტაპზე თანამშრომლობის მიუხედავად, ის დისტანციას ინარჩუნებდა ისეთ ჯგუფებთან, როგორიც აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის დაარსებული „ნუსრას ფრონტი“ იყო.
2003 წელს, როცა აშშ ერაყში შეიჭრა, ალ-ჯოლანი „ალ-ყაიდას“ შეუერთდა, 2012 წელს დაარსებული „ნუსრას ფრონტი“ კი სწორედ „ალ-ყაიდას“ სირიული განშტოება იყო.
2013 წელს აშშ-მა „ნუსრას ფრონტი“ ტერორისტების სიაში შეიყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებდა ორგანიზაციის თვითმკვლელ ტერორისტებსა და მათ „ძალადობრივ, სექტარიანულ ხედვაზე“.
2017 წელს აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანიმ ახალი ორგანიზაცია, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ დააარსა, რომელიც ალ-ჯოლანის წინა ორგანიზაციის მსგავსადაც აღმოჩნდა აშშ-ის ტერორისტთა სიაში.
42 წლის ალ-ჯოლანი მომდევნო წლებში ცდილობდა, პრაგმატული და ზომიერი ლიდერის იმიჯი მოერგო, რათა დასავლეთთან და რეგიონულ მოკავშირეებთან ურთიერთობა აღარ გართულებოდა. მან საჯაროდ დაგმო კავშირები „ალ-ყაიდასთანაც“.
ამის მიუხედავად, ალ-ჯოლანისა და ალ-ავდას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ალ-ავდას არასდროს უთქვამს, რომ ქვეყნის მართვა შარიათის კანონებით სურს.
აარონ ზელინი, ვაშინგტონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ წევრებს უწოდებს „პოლიტიკურ ჯიჰადისტებს“.
„ალ-ჯოლანი და „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ პოლიტიკის თვალსაზრისით უფრო პრაგმატულები არიან - ისინი ტრადიციულ პოლიტიკურ ისლამისტებსა და გლობალურ ჯიჰადისტებს შორის არიან, ამ უკანასკნელში მოიაზრებიან „ალ-ყაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“, - დასძინა ზელინმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
2024 წლის 8 დეკემბერს, აჰმედ ალ-ავდა და მისი ძალები დედაქალაქ დამასკში შენიშნეს, თუმცა იქაურობა რამდენიმე საათში დატოვეს. ალ-ავდა ჯერჯერობით საჯაროდ არ დაპირისპირებია ალ-ჯოლანის, თუმცა არსებობს ცნობები, რომ მას სამხრეთში ავტონომიის შენარჩუნება სურს.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ალ-ავდა რეგიონული მოკავშირეების დარწმუნებასაც შეძლებს.
„არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მმართველები წუხან, რომ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მიერ სირიის ხელისუფლების გადაბარება მათ ქვეყნებში ისლამისტებს გააძლიერებს და თუ [ალ-ჯოლანი] ქვეყანას წარმატებულად გაუძღვება, ეს მტკიცებულება იქნება „მუსლიმური საძმოს“ მსგავსი ჯგუფებისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კოლინ კლარკმა, საკონსულტაციო ფირმა Soufan Group-ის პოლიტიკისა და კვლევის დირექტორმა.
სწორედ ამიტომ, ექსპერტები დამაჯერებლად მიიჩნევენ მოსაზრებას, რომ საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, შესაძლოა, ალ-ავდას მხარეს დადგნენ, რადგან პოლიტიკური ისლამი მათთვის საფრთხედ აღიქმება.
ფორუმი