Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიას ზომების მიღება სურს მათ წინააღმდეგ, ვინც სანქციების გვერდის ავლით მოქმედებს 


ფოტო არქივიდან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი
ფოტო არქივიდან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი

უკრაინის რეგიონებში - დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში - რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების საპასუხოდ, ევროკომისიას დამატებითი სანქციების შემოღება სურს. საქმე ეხება პირებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით მოქმედებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რას გულისხმობს ახალი ინიციატივა.

„გვსურს, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად. ვამატებთ ახალ კატეგორიას, რომელშიც შეგვეძლება იმ პირების შეყვანა, ვინც გვერდს აუვლის სანქციებს. მაგალითად, თუკი ისინი იყიდიან პროდუქციას ევროკავშირში, ჩაიტანენ მესამე ქვეყნებში და შემდეგ შეიტანენ რუსეთში, ეს იქნება ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლა და ეს პირები მოექცევიან სანქცირებულთა სიაში. ვფიქრობ, ამას ექნება მნიშვნელოვანი დამაშინებელი ეფექტი", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა კი დააზუსტა: „ეკონომიკური აქტორების ნაწილში უკვე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ დავამატებთ მნიშვნელოვან აქტორებს, მათ შორის - და აუცილებელი არ არის ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ - ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ვინაიდან ნათელია, არსებობს სანქციებისთვის გვერდის ავლის ფაქტები და ისინი უნდა მოექცეს ჩვენს ჩამონათვალში. ვამზადებთ სიებს ამ ადამიანების სანქცირებისთვის“.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მიერ არაღიარებული რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის წინადადებას ახლა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ. სანქციების დასამტკიცებლად კონსენსუსია საჭირო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ უახლოეს მომავალში ახალ სანქციებს აამოქმედებს.

XS
SM
MD
LG