Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას იზამს კრემლი უკრაინის ტერიტორიების მორიგი ანექსიის შემდეგ?


ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LPR) სამხედრო მოსამსახურეები ე.წ. რეფერენდუმში ხმის მისაცემად თავიანთ რიგს ელოდებიან. 2022 წლის 23 სექტემბერი
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LPR) სამხედრო მოსამსახურეები ე.წ. რეფერენდუმში ხმის მისაცემად თავიანთ რიგს ელოდებიან. 2022 წლის 23 სექტემბერი

27 სექტემბრის ღამით დასრულდება კრემლის მიერ ხელდასხმული მარიონეტული რეგიონული ხელისუფლებების მიერ უკრაინის 4 რეგიონში დანიშნული "რეფერენდუმები".

დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

კენჭისყრას, რომელიც რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ფორმალურ ანექსიას მოასწავებს, კიევმა და მისმა დასავლელმა კოლეგებმა უკვე უწოდეს „ფალსიფიკაცია“ და შემდგომი ესკალაციისკენ მიმართული კრემლის კამპანია, რომელსაც მორიგი მკაცრი სანქციებით უპასუხებენ.

კრემლი "რეფერენდუმის" შედეგების სწრაფი აღიარებისთვის ემზადება

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა, 23 სექტემბერს ასე აღწერა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცხადებული "რეფერენდუმის" მსვლელობა. „ე.წ. რეფერენდუმზე ხმის მისაცემად მასობრივად ჩაჰყავთ ხალხი ანექსირებული ყირიმიდან. სოფლებში დადიან შეიარაღებული სამხედროები და ადგილობრივებს აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ამ ე.წ. რეფერენდუმებში“, - წერს ტელეგრამის არხში იანუშევიჩი.

უკიდურესად დაბალ მონაწილეობასა და ამომრჩევლებზე მომხდარი ძალადობის შესახებ იუწყებიან ასევე ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის არაერთი ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელები.

მიუხედავად ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელდასხმულმა „ხერსონის ოლქის საარჩევნო კომისიამ“ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა.

ასეთ ფალსიფიცირებულ „ოფიციალურ შედეგებზე“ დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ხელისუფლება უახლოეს დღეებში გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც 2014 წლის ყირიმის ანექსიის დროს მოხდა.

28 სექტემბერს, "რეფერენდუმის" დასრულების დღესვე, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევა წინასწარ მომზადებული კანონპროექტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან „მიერთების შესახებ“.

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონების - ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ინტეგრაციას.

რუსული სააგენტო „ტასის“ თანახმად, რუსეთის დუმა და ფედერაციის საბჭო დოკუმენტს 29 სექტემბერს დაამტკიცებენ, რათა ხელი გაუხსნან ვლადიმირ პუტინს საბოლოოო გადაწყვეტილების მიღებისთვის.

რუსული სააგენტო „რია-ნოვოსტის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე გამართული "რეფერენდუმის" დასრულებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სპეციალური განცხადებით მიმართოს რუსეთის ფედერალურ კრებას.

რუსეთის მედიის თანახმად, რუსმა სენატორებმა უკვე მიიღეს დავალება, რომ კორონავირუსზე სამ-სამი ტესტი ჩაიტარონ 30 სექტემბრისათვის დანიშნულ „მნიშვნელოვან ღონისძიებაში“ მონაწილეობის მისაღებად. ეს არის აუცილებელი პირობა ყველასთვის, ვინც კრემლში ვლადიმირ პუტინს ხვდება.

თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი იჩქარებს და საგანგებო განცხადებას 30 სექტემბრამდე გააკეთებს.

ნიშანდობლივია, რომ 2014 წელს პუტინმა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა ორ დღეში მას შემდეგ, რაც კრემლის სცენარით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე უკანონო რეფერენდუმი ჩატარდა.

"სიმსივნე, რომელიც რუსეთს შიგნიდან დაანგრევს"

ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. კოლექტიური დასავლეთი მორიგი უკანონო რეფერენდუმების გამო კიდევ ერთხელ გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის 23 სექტემბრის განცხადებაში, რომლიც თანახმად, აშშ თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად იმოქმედებენ იმისთვის, რომ „რუსეთს დამატებითი სწრაფი და სერიოზული ეკონომიკური პასუხი დააკისრონ“.

მაგრამ რუსეთი არ აპირებს უკრაინასთან მიმართებით თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას.

რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ახალი - „ყირიმის ფედერალური ოლქი“ შექმნას და მის შემადგენლობაში შეიყვანოს ანექსირებული ყირიმი და უკრაინის კიდევ 4 რეგიონი.

ახალი ფედერალური ოლქის შესაძლო შექმნის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ყირიმის ე.წ. მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ახალი ოლქის ხელმძღვანელად განიხილება დუმის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ნატოში რუსეთის ყოფილი წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმების გამო რუსეთთან რაიმე სახის დიპლომატიური მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის და პირიქით, რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება.

„გასაგებია, რომ ეს მიმართულია, პირველ ყოვლისა, [რუსეთის] შიდა აუდიტორიაზე, ვინაიდან მასში არსებობს მოთხოვნილება თუნდაც ასეთი სახის პატარა „ძლევამოსილ ომზე“. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ტერიტორიების ძალისმიერი გზით მიტაცება რუსეთისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისთ, გადაიქცევა სიმსივნურ წარმონაქმნად, რუსეთს შიგნიდან დაანგრევს. დიახ, ჩვენთვისაც არ იქნება იოლი ამ ტერიტორიების რეინტეგრაცია, რაც მართალი-მართალია. მაგრამ რუსეთისათვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს იქნება პიროსის გამარჯვება“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ყალბი რეფერენდუმების“ და „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფონზე, რუსები კვლავ მასობრივად ტოვებენ ქვეყანას. ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება იუწყება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნიდან წავიდა 260 000-ზე მეტი მოქალაქე.

რუსეთში დაახლოებით 300 000 რეზერვისტის მობილიზაციის წინააღმდეგ სტიქიური საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის ბევრ რეგიონში, მათ შორის, ჩრდილო კავკასიის ქალაქებში მაჰაჩყალასა და ხასავიურტში. უცნობ არაოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, „მედუზა“ და „ნოვაია გაზეტა“, ორი რუსული საინფორმაციო საიტი, რომლებიც საზღვარგარეთიდან მუშაობენ, იტყობინებიან, რომ ხელისუფლება აპირებს, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს მამაკაცებს.

უწყვეტი რიგებია ფინეთის და საქართველოს საზღვრებთან, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ხმელეთით შეუძლიათ ქვეყნის დატოვება. ვაშინგტონში, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს განცხადებებს თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG