Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ "მშვიდობის დამამყარებელი" იქნება - როგორ ხვდებიან მის დაპირებას კონფლიქტის ზონებში?


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტვით გამოსვლისას კონგრესის შენობის როტონდაში. 20 იანვარი, 2025. ვაშინგტონი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საინაუგურაციო სიტვით გამოსვლისას კონგრესის შენობის როტონდაში. 20 იანვარი, 2025. ვაშინგტონი

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციისას, დონალდ ტრამპის დაპირებებს შორის იყო განცხადება, რომ იგი იქნება "მშვიდობის დამამყარებელი".

"ჩვენს წარმატებას გავზომავთ არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ ომებით, რომლებსაც დავასრულებთ. და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ომებით, რომლებშიც არასოდეს ჩავერთვებით", - თქვა ტრამპმა.

მისი განცხადებები მიემართება იმედებსაც და შიშებსაც კონფლიქტის ზონებში, მსოფლიოს გარშემო.

მშვიდობა სასურველია უკრაინელებისთვის, რომლებიც რუსეთის შეჭრით დაწყებული,სასტიკი ომის პირობებში ცხოვრობენ უკვე მესამე წელია. ასევეა ახლო აღმოსავლეთშიც - იქაც ბევრი ხალხი იმედოვნებს კონფლიქტის დასრულებას.

თუმცა ტრამპს არ უსაუბრია დეტალებზე, როგორ იქნება მშვიდობა ჯერ მიღწეული და შემდეგ შენარჩუნებული.

რეაქციები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს გაპრეზიდენტება სოციალური მედიით მიულოცა. მისი თქმით, ტრამპის პოლიტიკა, რომელსაც წარმართავს პრინციპი "მშვიდობა ძალის მეშვეობით", წარმოადგენს შესაძლებლობას "ამერიკის ლიდერობის გაძლიერებისთვის და გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევისთვის, რაც მთავარი პრიორიტეტია".

ტრამპის "მშვიდობის დამამყარებლის" როლი ზელენსკისთვის სასურველი იქნებოდა, თუ უკრაინას საშუალება მიეცემა მოლაპარაკებებში ჩაერთოს აშშ-ის მიერ მინიჭებული ძალის პოზიციიდან.

მაგრამ თავის გამოსვლაში ტრამპმა წინა ადმინისტრაცია გააკრიტიკა "უცხოეთის საზღვრების დაცვისთვის [გამოყოფილი], საზღვარდაუდებელი" დაფინანსებისთვის.

უკრაინის საზოგადოებაში გვხვდება შეშფოთება, რომ ტრამპის მოსვლამ შესაძლოა უკრაინა დაასუსტოს სამხედრო დახმარების შეკავებით - რაც ქვეყანას აიძულებს, მშვიდობას არამომგებიანი პირობებით დათანხმდეს.

"ყველა ძალიან დაღლილია [ომით], მაგრამ მე არ ველი, რომ ის ჯადოქარი აღმოჩნდება და ამ ყველაფერს ზღაპრად გადააქცევს", - უთხრა უკრაინის ზაპოროჟიეს მცხოვრებმა ქალმა რადიო თავისუფლებას, ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე.

ამ შიშებს ამძაფრებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებიც.

პუტინი: მზაობა დიალოგისთვის

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ მზადაა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე დიალოგისთვის, რომელიც დაეფუძნება "მდგრად მშვიდობას, დამყარებულს ყველა ხალხის ლეგიტიმური ინტერესების პატივისცემაზე".

ამ სიტყვებს მტკნარ სიცრუედ აღიქვამენ უკრაინაში - სადაც პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო 2022 წლის თებერვალში. რუსეთის პრეზიდენტი კვლავაც აცხადებს პრეტენზიას უკრაინის ტერიტორიის დიდ არეალებზე, მათ შორის ადგილებზე, რომლებიც მის ძალებს არ აქვთ ოკუპირებული.

ნეთანიაჰუს იმედები

ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა ტრამპის ინაუგურაციას და იმედი გამოთქვა, "ჩვენ დავასრულებთ ირანის ტერორის ღერძების დამარცხებასო".

"მშვიდობის დამამყარებლის" როლის შესახებ ტრამპის განცხადებას მოსდევდა ღაზის ომის შესახებ სიტყვები.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ გუშინდელი დღიდან - ერთი დღით ადრე, სანამ უფლებამოსილების განხორციელებას დავიწყებდი - ახლო აღმოსავლეთში მძევლები თავიანთ ოჯახებს უბრუნდებიან", - თქვა ტრამპმა.

20 იანვარს ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა, რომელმაც შეაჩერა 15 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი ისრაელსა და ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის.

გაურკვეველია, კვლავაც ძალაში დარჩება თუ არა ეს შეთანხმება, ასევე ბუნდოვანია, რა დამოკიდებულება ექნება ახალ ადმინისტრაციას სამომავლოდ დაგეგმილი მოლაპარაკების მიმართ. ტრამპს არც ღაზის და არც უკრაინის შესახებ დეტალებზე არ ულაპარაკია.

თუმცა ეს საინაუგურაციო სიტყვა იყო და არა პოლიტიკის განმსაზღვრელი გამოსვლა. კონკრეტული ასპექტები, შესაძლოა, მომავალ დღეებსა და კვირებში გამოიკვეთოს. ჯერჯერობით ტრამპმა წარმოადგინა პირველი სურათი იმისა, თუ როგორ აპირებს ის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გადასინჯვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG