ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებას, საქართველოში სანქცირებული ნავთობის შემოტანის შესახებ.
„ანტიკორუფციული მოძრაობის" განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო გზით, რკინიგზით, გარდაბნის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა სანქცირებული ნავთობპროდუქტი, 81 ათასი ლიტრი ბენზინი. ორგანიზაციამ „მამხილებელი დოკუმენტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადასცა.
„დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ პროდუქტის გამომგზავნი არის რუსული ნავთობგიგანტი, სანქცირებული სახელმწიფო კომპანია «Роснефть», ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენს შ.პ.ს. „SPG თრეიდინგი” და ტვირთის მიმღებია შ.პ.ს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, - აცხადებს „ანტიკორუფციული მოძრაობა".
როგორც ლაშა ფარულავა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ხშირად საუბრობდნენ, რომ რუსული სანქცირებული პროდუქტისთვის საქართველო ვერანაირად ვერ გახდება შავი ხვრელი და გასაღების ბაზარი, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს. მისი თქმით, სისტემატური ხასიათი მიიღო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სანქცირებული პროდუქციის ტრანსპორტირებამ და მისი რეალიზაციის ხელშეწყობამ, რაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული საჯარო წყაროებით.
„საყურადღებო ფაქტია, რომ ტვირთის მიმღები კომპანია შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მოყოფი “Petrocas Energy Group”-ის საკუთრებაშია, თავად პეტროკასი კი ფორმალურად ასევე უკრაინის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქ დავით იაკობაშვილს და ქართველ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძეს ეკუთნის. ფორმალურად იმიტომ, რომ სინამდვილეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძის წილი სინამდვილეში რუსულ სანქცირებულ ნავთობგიგანტს «Роснефть»-ს ეკუთნის. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ “Petrocas Energy Group” CEO-მ ივანე ნაკაიძემ კომპანიაში რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის 49%-იანი წილი გამოისყიდა, თუმცა არ საჯაროვდება ფინანსური გარიგების დეტალები, გასაიდუმლოებულია Rosneft-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ გარიგება იყო ფიქტიური და მოჩვენებითი, მიზნად კი რუსული ნავთობპროდუქტების სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულსაც, რასაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
მას შემდეგ, რაც მედიაში საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტით, ტანკერებით სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანის თაობაზე, როგორც სჩანს ოლიგარქიული კლანის მფარველობის ქვეშ მყოფმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა ალტერნატიული გზებით, ხმელეთით სარკინიგზო ტრანსპორტით დაიწყო იგივეს კეთება, იმედით, რომ ეს ინფორმაცია არ მოხვდებოდა მედიაში. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს", - ვკითხულობთ ორგაგნიზაციის განცხადებაში.
ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ მოძრაობამ ფორმალურად მიმართა ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ არ აქვს მოლოდინი, რომ ამას რაიმე სახის რეაგირება მოჰყვება. „ვაპირებთ მატერიალურ მტკიცებულება გავუზიაროთ მაიკლ მაქფოლის საერთაშორისო სასანქციო ჯგუფს და ევროკავშირის უფლებამოსილ ორგანოებს", - დაამატა მან.
შემოსავლების სამსახურის პასუხი
შემოსავლების სამსახური კი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი, რომელიც მათ წარუდგინა „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ", არის იმპორტის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო პროცედურის გამოყენება. როგორც ის განმარტავს, საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე, დეკლარაციის შევსების უფლებამოსილება აქვს როგორც საბაჟო ორგანოს, ასევე დეკლარანტს/იმპორტიორს.
„ხსენებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ თავად განახორციელა საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარუდგინა (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს.
საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, ქართული კომპანიის მიერ იმპორტის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ გავლით შემოტანილი იქნა, დაახლოებით 60 ტონა (ერთი რკინიგზის ვაგონი) საავტომობილო ბენზინი", - აღნიშნავს ის.
შემოსავლების სამსახურის განცხადების თანახმად, რუსული კომპანია საბაჟო პროცედურის გავლის დროს სანქცირებულთა სიაში არ იყო
„ექსპორტიორს წარმოადგენს ერთ-ერთი რუსული კომპანია (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან), რომელიც საბაჟო პროცედურის განხორციელების დროს არ იყო სანქცირებულ კომპანიათა სიაში. საბაჟო დეკლარაციის დამუშავება და დასრულება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების დისკრედიტაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში.