Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცოლა შეშფოთებულია რუსეთის სანქციების მიმართ ცალკეულ ქვეყნებში არსებული „ხვრელებით“


ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა შეშფოთებულია რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელებით“, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც სურთ ან უკვე დგანან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში.

მეცოლამ, რომელიც რადიო თავისუფლებას 6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის კულუარებში ესაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკვე გრძნობს რუსეთი და არ გამორიცხა, რომ ახალი პაკეტები მომავალშიც შემუშავდება. „კავშირის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სანქციები არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უცვლელი უნდა დარჩეს“, - განაცხადა მეცოლამ.

ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღიარა, რომ არსებობს შიში იმისა, კიდევ რამდენ ხანს იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მზად მკაცრი ზომებისთვის, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის პირობებში. მაგრამ „უკრაინის გამო დაღლილობა არ არსებობს“, აღნიშნა მეცოლამ და დასძინა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ომს გამოქცეული 7 მილიონი უკრაინელი შეიფარეს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს. პაკეტი მოიცავს ნავთობის დადგენილ ზღვრულ ფასზე ძვირად ტრანსპორტირების აკრძალვას, ასევე შეზღუდვას ფოლადის ნაწარმის, პლასტმასის და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტოსაფულის“ გამოყენება.

XS
SM
MD
LG