Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის ამნისტიის დილემა - 2 პროექტი "ოცნების" უპირატესობით


ოპოზიციური პარტია, რომლის ბლოკმაც 2020 წლის არჩევნებზე 60 ოპოზიციური მანდატიდან 36 მოიპოვა, ჯერ ისევ პარლამენტს მიღმაა და კატეგორიულად აპროტესტებს ამნისტიის კანონის მიღებას. "ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ოპოზიციის 27 აპრილს პარლამენტში შესულ ნაწილს, მხარი არ დაუჭიროს ამნისტიას. 

ენმ-ში თვლიან, რომ ამნისტია ახლა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება. მაგრამ, ოპოზიციამ უარი რომც თქვას, მმართველი პარტია მაინც შეძლებს დაამტკიცოს ამნისტიის საკუთარი პროექტი.

27 აპრილს, დღის ბოლოს გაირკვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის პარლამენტში ახლად შესული ნაწილისგან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა აქვს - რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა, რომ პარლამენტში ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება, რადგან პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვაშაძის თქმით:

  • „ჩვენ ვამბობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები უნდა იყოს ჩამოწერილი, რასაც შეეხება ამნისტია“;
  • „ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამნისტია უნდა ეხებოდეს ყველა მუხლს და ამნისტიაში ჩაიწეროს მხოლოდ მუხლები, რომლებსაც ის არ ეხება“;
  • „ვერ შევთანხმდით (ამნისტიის ასამოქმედებლად) დაზარალებულისგან თანხმობის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით“.

„არც ერთი და არც მეორე კანონპროექტი არ გავრცელდება თვალის დათხრაზე, დავალების გამცემებზე და (ადამიანის უფლებების ევროპული) კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

და რას ამბობს "ქართული ოცნება?"

შეკითხვაზე - შეეხება თუ არა ამნისტია დავალების გამცემ პირებს? „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მიხეილ სარჯველაძე პასუხობს, რომ ამნისტია იმოქმედებს „პოლიციის რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ, თუკი მომავალში აღმოჩნდება, რომ მასაც ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა“.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტით ხელმძღვანელობს და ამნისტიის არეალის დავიწროება მიუღებელია სწორედ ამ შეთანხმებაში ჩადებული ფრაზის გამო, რომ ამნისტია შეეხება „2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“.

„ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებაში ასახულ პირობებს და ვაპირებთ იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას. ოღონდ ეს არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევებს, როგორიც არის მაგალითად ქალბატონ მაკო გომურის შემთხვევა... მათ (ოპოზიციას) სურდა კიდევ დამატებითი შეზღუდვების ჩადება ამ კანონპროექტში, რაც გულისხმობდა სხვა კვალიფიკაციით მომავალში აღძრულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ამნისტიის გავრცელების გამორიცხვას“, - განაცხადა სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სარჯველაძის განმარტებით, ამნისტიაში იქნება დათქმა, რომ ის არ გავრცელდება „წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე“ და ასევე, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულზე, რაც „განზრახ მძიმე დაზიანებას“ შეეხება და „მაკო გომურის შემთხვევას მიესადაგება“.

ასევე, მისი განმარტებით, ამნისტიის გასავრცელებლად არ იქნება საჭირო დაზარალებულის თანხმობა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესში ის მაქსიმალურად შეეცდება კანონპროექტის საკუთარი ვარიანტის გატანას, მაგრამ წინასწარვე ყველასათვის ცხადია, რომ კენჭისყრამდე თუ მივიდა საქმე, საბოლოოდ მაინც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები პროექტი დამტკიცდება.

რა ხდებოდა გადამწყვეტ შეხვედრამდე?

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, 27 აპრილს პარლამენტში გამოცხადდნენ, მთავარ ამოცანად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას, ხოლო შეთანხმების პირველი რიგის პრიორიტეტულ საკითხად - გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებას ასახელებდნენ.

  • პრეზიდენტის მიერ წამოყენებული პირობების თანახმად, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შესაწყალებლად, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა იყო საჭირო და 27 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, პრეზიდენტმა რურუა მართლაც შეიწყალა;
  • ხოლო ნიკა მელიას ციხიდან და სისხლისსამართლებრივი დევნიდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ამნისტიის კანონის გამოცემით განიხილება და ჯერჯერობით ისევ მწვავე დისკუსიის საგნად რჩება.

დილიდანვე ითქვა, რომ პარლამენტში არ განიხილავენ ნიკა მელიას მიერ 26 აპრილს გახმაურებულ წინადადებას - ამნისტიის კანონის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.

ოპოზიციონერი დეპუტატები 27 აპრილს პარლამენტში განმარტავდნენ, რომ ამნისტიის გვერდზე გადადება ვერ მოხერხდება, რადგან ეს საკითხი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია და დღის წესრიგიდან მისი მოხსნა შეთანხმების ტექსტის შეცვლას საჭიროებს. შესაბამისად, მათი ყურადღება ამნისტიის კანონპროექტის ტექსტზე იყო ფოკუსირებული და დილით გარკვეულწილად ოპტიმისტურადაც იყვნენ განწყობილი.

  • „ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. აქ ექცევა სამი პოლიციელი, რომელთაგან ერთ-ერთს აქვს დაზარალებულის თანხმობა ამნისტიასთან დაკავშირებით... დანარჩენ ორზეც გავრცელდება ამნისტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაზარალებულები მისცემენ თანხმობას... თუ თანხმობის ნაწილი არ იქნება ჩადებული კანონპროექტში, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.

დაზარალებულების თანხმობა და სხვა ფაქტორები

დილიდანვე ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ არც ამნისტიის გავრცელებისთვის დაზარალებულებისგან თანხმობის მიღების საჭიროებას დაეთანხმებოდა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დაზარალებულების თანხმობის თემა შეუსაბამოა იმ მოცემულობასთან, როცა „ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით, ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, ფაქტობრივად მელიას დაზარალებულები არიან“.

  • 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული 275 ადამიანიდან პროკურატურამ დაზარალებულად ცნო მხოლოდ 85 ადამიანი;
  • აქედან 78 შს სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო 7 - სამოქალაქო პირი.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, 22 პირიდან, რომელსაც ისინი ეხმარებიან, 20-ს ამ დრომდე არა აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. მათ შორის, დიდი დაგვიანებით მიიღეს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს. საია0ს ორი სარჩელი უკვე გაგზავნილი აქვს სტრასბურგში.

თუმცა, თუკი ამ საქმეებში ევროპული სასამართლო არასწორ კვალიფიკაციაზე მიანიშნებს, ფართო ამნისტიის პირობებში, შესაძლოა, საია-ს უკვე აღარ მიეცეს შესაძლებლობა, რომ საქმის წარმოება საქართველოში სხვა მუხლით მოითხოვოს. გააჩნია, კონკრეტულად რომელ მუხლებს არ შეეხება ან შეეხება ამნისტია.

„ქართულმა ოცნებამ“ 27 აპრილს თქვა, რომ მზადაა, ამნისტია არ შეეხოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს, რაც სიცოცხლის უფლებასა და წამების აკრძალვას გულისხმობს. აქ შედის ასევე არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა და მოპყრობა.

თუმცა, როგორც საია-ს ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი განგვიმარტავს, ამისთვის „ოცნების“ მზადყოფნა არცაა საჭირო, ევროპული კონვენციით დაცულ მუხლებს ამნისტია ისედაც არ უნდა შეხებოდა. „ეს მუხლები ყველა ვარიანტში უნდა იყოს დასჯილი. სტრასბურგის პრეცედენტული სამართალი ამბობს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებზე ამნისტიის ან შეწყალების მექანიზმის გამოყენება არის დაუშვებელი“, - გვეუბნება საია-ს ხელმძღვანელი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ შექმნილ სიტუაციაში, წესით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ახლადშესულ ოპოზიციასთან არანაირი განხეთქილება არ უნდა აწყობდეს და ამ ლოგიკით, მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ოპოზიციის პირობებზე დათანხმება, რაც, თავის მხრივ, შეარბილებდა „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან ამნისტიის კრიტიკასთან დაკავშირებულ წნეხს, ოპოზიციის პარლამენტში შესული ნაწილის მისამართით.

თუმცა ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, რაც დიდი ალბათობით მოხდება კიდეც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც თავისი გაიტანოს და არგუმენტად შარლ მიშელის შეთანხმების ზუსტად შესრულება მოიშველიოს.

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა 20 ივნისის მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება და „ყველაფრისთვის თავის სახელის დარქნევა“, მაგრამ ასეთი მოლოდინი მას ნაკლებად აქვს.

რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“?

„ამნისტია „ქართულმა ოცნებამ“ წინა პლანზე იმიტომ გამოიტანა, რომ სათავისოდ გამოიყენოს და უნდა, რომ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებმაც „გავრილოვის ღამეს“ დაარბიეს და დააზიანეს აქციაზე მყოფი მოქალაქეები... არ გვგონია სწორი ჯალათების გათანაბრება არა მხოლოდ მელიასთან, არამედ ნებისმიერ სამოქალაქო აქტივისტთან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ჯერჯერობით არ გამოუყენებია თავისი სადეპუტატო მანდატი და ახლა პარლამენტში მიმდინარე პროცესებს შორიდან აკვირდება.

ხაბეიშვილი მანამდე ხელისუფლებასთან შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციონერ დეპუტატებს სიჩქარისა და დაუფიქრებლობისთვის მწვავედ აკრიტიკებდა, ახლა კი მათ მოუწოდებს - მხარი არ დაუჭირონ ამნისტიის კანონპროექტს და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე მარტო დატოვონ.

თუკი „ქართული ოცნება“ ამნისტიის თავის ვარიანტს გაიტანს, ნიკა მელას საპატიმროს დატოვება მაინც მოუწევს.

შეკითხვაზე - რას იზამს ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, შევა თუ არა ის პარლამენტში? ლევან ხაბეიშვილი გვპასუხობს, რომ ამ საკითხზე პარტიას ჯერჯერობით არ უმსჯელია, მაგრამ მას სჯერა, რომ ენმ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

„უკვე შექმნა ოპოზიციამ რეალობა, როცა პარლამენტში, დეპუტატების რაოდენობის მიხედვით, უკვე კონსტიტუციის შეცვლაც კი არის შესაძლებელი და ვერავის მივცემთ იმ ფუფუნებას, რომ ჩვენ არ გამოვიყენოთ ის სივრცე, რაც შეიძლება პარლამენტში იყოს.

კარგი იქნებოდა, რომ ბოიკოტი გაგვეგრძელებინა და მტკიცე ვყოფილიყავით პოზიციებში... მაგრამ რადგან ასეთი ვითარება შეიქმნა, ჩვენ ალბათ გამოვიყენებთ შესაძლებლობებს, რომ მოვემზადოთ ოქტომბრის რეფერენდუმისთვის... მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით მსჯელობამდე, ხოლო მსჯელობა ვერ იქნება ნიკა მელიას გამოშვებამდე“, - გვეუბნება ლევან ხაბეიშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შეთანხმებაზე ხელის მოწერის გარეშე შევიდეს.

ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილთან თანამშრომლობას, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას, ხაბეიშვილის განმარტებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც „ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა გახდეს“, ძალები მთელმა ოპოზიციამ უნდა გააერთიანოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG