Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავგულიძე ამნისტიის კანონპროეტზე: "ოცნებასთან" შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ოპოზიცია თავის კანონპროექტს დაარეგისტრირებს


შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე

პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანოპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. როგორც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განუმარტა ჟურნალისტებს, ერთიან კანონპროეტზე შეუჯერებლობის გამო, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 2 კანონპროექტს წარადგენენ. ოპოზიცია თავის კანონპროექტს ხვალ, 28 აპრილს დაარეგისტრირებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან შალვა შავგულიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის არსებით განსხვავებებზე ისაუბრა:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამნისტირებული უნდა იქნას ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, ერთის მხრივ, 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და მეორეს მხრივ, იმ პოლიციელთა მიმართაც რომლებიც იმ დროს საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ეს იქნებოდა განჭვრეტადი მკაფიო ამნისტია. 2 წლის მანძილზე სახელმწიფო აწარმოებს ამ საქმეზე გამოძიებას, ბევრ შემთხვევაში უკვე განაჩენებიც არის დაყენებული, სხვა მუხლები არ გამოკვეთილა გარდა იმ მუხლებისა, რაც უკვე არსებობს და ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მხარეზე გავრცელდეს, მაგრამ გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე.

ხელისუფლება ამბობს, რომ კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული ამნისტიაში და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოტეტურ დანაშაულზე. ეს არის სამართლებრივად ძალიან გაუმართავი. ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტია, როდესაც არ ჩანს რაზე ვრცელდება და თუ შეიძლება რამდენიმე წლის მერე გამოვლინდეს, რომ იმ ფაქტთან დაკავშირებით რაღაც დანაშაულებები მომხდარა ასე ყველაფერზე გავრცელდეს, ეს არც სამართლებრივადაა გამართლებული და არც პასუხობს ამ შეთანხმების სულისკვეთებას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, მხარეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ამნისტიისას დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმთან დაკავშირებითაც:

"ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობას და ეს კიდევ უფრო შეესაბამება ამ შეთანხმების არსს...ვერც ამ ნაწილზე ვერ შევთანხმდით", - უთხრა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.

პარლამენტში 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ამნისტიის პროექტზე მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა 27 აპრილს დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტის შექმნას ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს.

ამნისტიის საკითხზე არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG