Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ამნისტიის კანონზე: დაზარალებულის თანხმობა შესაძლოა გახდეს სასპეკულაციო თემა


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ამნისტიის კანონში, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მზადდება და "შარლ მიშელის დოკუმენტით" გათვალისწინებული ერთ-ერთი შესასრულებელი ვალდებულებაა, ჩანაწერში დაზარალებულის თანხმობის, როგორც კონკრეტული პირების ამნისტიისთვის საჭირო მექანიზმის შემოტანა შესაძლოა სპეკულაციის საგანი გახდეს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ამგვარი პირობის ჩადებას.

"დაზარალებულის თანხმობა შესაძლოა გახდეს სასპეკულაციო თემა. ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით, ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, ფაქტობრივად მელიას დაზარალებულები არიან - წარმოიდგინეთ, ახალი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის უნდა გავხსნათ საფუძველი დაზარალებულის თანხმობით, ჯობია ალბათ ეს არ ჩაიწეროს, მაგრამ ვიმსჯელებთ ამაზე", - უთხრა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და მოქმედმა დეპუტატმა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამნისტიის ჩანაწერს "შარლ მიშელის" დოკუმენტში" "ქართული ოცნება" არ იწონებდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულს სრულად იცავს ამნისტია შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენისგან, მაგრამ ვინაიდან ეს საერთაშორისო პარტნიორების სურვილი იყო, ახლა უკვე არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შესრულდეს ის, რაც დოკუმენტში წერია.

„უნდა მივიღოთ გამართული კანონი. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. უმარტივესი პრინციპია. თუ გამოიცემა ამნისტიის კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომლებზეც შეიძლება აღსაძრავი იყოს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი. ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა.

ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს; რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ. არის გარკვეული მუხლები, რომელთაც არ შეიძლება, ამნისტია შეეხოთ. ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს. მათ შორის, ესაა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ვფიქრობ, კანონში ამნისტიის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ის ასევე ამბობს, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და ამით აღიაროს ამ გირაოს კანონიერება, თუმცა ახსენებს მას, რომ გირაოს და ამნისტიას სხვადასხვა ფუნქცია აქვს და გირაო შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას ვერ დაიცავს კვლავ პატიმრობისგან.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, გირაო იყოს გადახდილი და მან აღიაროს ეს გირაო, მაგრამ გირაო რომც მიიღოს, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, შებრუნდება უკან, ამიტომ გირაო ამნისტიის ალტერნატივა არ არის. ​

როდესაც მელია ამბობს, რომ ის მზადაა გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ესაა უკან დახევა, მაგრამ ეს არ არის კაცური საქციელი. როდესაც ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც გაწერილია შეთანხმებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, როგორც 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული, ამნისტიის კანონით საპატიმროდან გამოსვლის წინააღმდეგია და ამბობს, რომ საპატიმროს დატოვებს ევროპარლამენტარების თავდებობის ან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG