Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ ამნისტიის პროექტს გაითხოვენ, მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის შემოთავაზებულ გირაოს 


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას მისივე „ფეისბუკის" გვერდზე ავრცელებენ. ის სთხოვს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართავს „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.

„გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე", - ნათქვამია მელიას განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს: „რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია.

არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას".

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, ოპოზიციურ ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიტომ, ყველას სთხოვს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ამას დააზიანებს.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG