საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთაც ბოიკოტი შეწყვიტეს და საპარლამენტო საქმიანობას იწყებენ, აცხადებენ, რომ დღეს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
სხდომის დაწყებამდე მათ გამართეს ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც აღნიშნეს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციის ხელშეწყობა მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
პარლამენტის არჩეული დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეთახმების იმპლემენტაციის დაწყებით ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება:
„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის პირველი დღე საპატიმროდან ერთი ადამიანის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებით დასრულდება და ოპოზიცია დღესვე დაიწყებს იმაზე ზრუნვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაც გათავისუფლეს პატიმრობიდან. დეპუტატმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ამოცანაა ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია და ადგილობრივი არჩევნების ისე ჩატარება, რომ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს:
„ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს. გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან და ჩვენ დავიწყოთ მომზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის, სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის და ასევე ის მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას, სასამართლოს გათავისუფლებას კლანიდან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პარლამენტში მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, თუმცა, კრიზისი ჯერ დასრულებული არ არის. ვაშაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და პარლამენტი მიიღებს საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს: „და, რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით, საქართველოს მოქალაქეები, შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტენ, 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეცვალოს თუ არა ხელისუფლება“. გიორგი ვაშაძე რეფერენდუმში გულისხმობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს“.
დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მივიდნენ და ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატები, რომლებმაც 19 აპრილს და მომდევნო დღეებში ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას. მათ შორის არიან „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. ასევე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკის და პარტია „ევროპული საქართველოს“ სიებით არჩეული ცალკეული დეპუტატები.